ბრძანება N 17564

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 03.08.2026
№ დოკუმენტი 17564
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17564

03 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2026 წლის 24 იანვრის №100308/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №001-316 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის ქონების (წილი) უსასყიდლოდ გადაცემის განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიის წილი ექვემდებარება შპს „-------“-ში დაბრუნებას, შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას შეუძლია დასაბუთებული პოზიციის და დოკუმენტაციის დამატებით წარმოდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ოქტომბრის №21640 და 24 დეკემბრის №28300 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28680 ბრძანება და ამავე თარიღის №001-316 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 271 986 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 288 575 ლარი, ჯარიმა 643 967 ლარი და საურავი 339 443 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 21 აპრილის №8766 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 16 ივლისის №27319/2/2026 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 აპრილის №8766 ბრძანება და საჩივარი, მესამე დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის №27319/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა/გადაანგარიშება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 21.04.2026 წლის №8766 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, ამ დავის საგნის ნაწილში, უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

2023 წლის 21 დეკემბერს საწარმომ დააფუძნა შპს „-------“. დაფუძნების დღიდან შპს „-------“ დირექტორია -------. 2024 წლის 20 თებერვალს შპს „-------“-ის მიერ შპს „-------“ კაპიტალში შეტანილი იქნა 755,29 კვ.მ ფართი (--------, -------, საკადასტრო კოდი: -------) საბაზრო ღირებულებით 435 000 აშშ დოლარი (1 150 531 ლარი, ფასი განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დამოუკიდებელი შემფასებელი -------). 2024 წლის ივლისში შპს „-------“-ს მიერ შპს „-------“ 100%- იანი წილი ერთ წელში 350 000 აშშ დოლარად უკან გამოსყიდვის პირობით დათმობილი იქნა მოქმედ დირექტორზე -------, დღეის მდგომარეობით წილის უკან გამოსყიდვა არ მომხდარა (გასულია წილის გამოსყიდვის ერთწლიანი ვადა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის ქონების (წილი) უსასყიდლოდ გადაცემა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა 1 150 531 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს,რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანმა 2026 წლის 2 ივლისს წარადგინა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ წარმოადგენს სადავო საკითხის გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტებს, კერძოდ 04.07.2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის 26.06.2026 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ბათილად იქნა აღიარებული 4.07.2024 წლის ხელშეკრულება. ხსენებული რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული და იმყოფება ხარვეზის ეტაპზე. თუმცა ხარვეზის მიზეზს წარმოადგენს უზუსტობა სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არა 26.06.2026 წელს გაფორმებულ ბათილობის შეთანხმებაში. მომჩივნის წარდგენილ განცხადებას ახლავს 26.06.2026 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აღნიშნული განცხადების მიღების ბარათი, 1.07.2026 წლის გადაწყვეტილება №------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სადამფუძნებლო შეთანხმება, 26.06.2026 წლის შეთანხმება 4.07.2024 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დადგენის დღიდან ბათილად ცნობის თაობაზე, 4.07.2024 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი განცხადება, აღნიშნული განცხადების მიღების ბარათი, სადამფუძნებლო შეთანხმება, 4.07.2024 წლის ხელშეკრულება შპს „-------“ 100%-აინი წილის დათმობის თაობაზე, დასკვნა შპს ------- 100% წილის საბაზრო ღირებულების შესახებ.

საქმის ზეპირი განხილვისას, გადამხდელმა განაცხადა, რომ 2024 წლის 4 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება „შპს „-------“ 100%-იანი წილის დათმობის თაობაზე“ ბათილია მისი დადების დღიდან, საჯარო რეესტრში წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დასრულებულია და ითხოვს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებულ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციას, რომლის თანახმად, წილის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებული საქმის წარმოება დასრულებულია და 2026 წლის 3 ივლისის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი №-------) ამონაწერის მიხედვით, შპს „-------“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „-------“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში შპს „-------“-ს მიერ შპს „-------“ 100%-იანი წილის დათმობა, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემად განხილვის მიზნებისთვის, უნდა შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შპს „-------“ 100%- იანი წილის ურთიერთდამოკიდებული პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის ქონების (წილი) უსასყიდლოდ გადაცემის განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 21 დეკემბერს საწარმომ დააფუძნა შპს. 2024 წელს მომჩივანის მიერ შპს-ს კაპიტალში შეტანილი იქნა ფართი საბაზრო ღირებულებით 435 000 აშშ დოლარი (ფასი განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე). მომ\ცივანის მიერ შპს-ს 100%- იანი წილი ერთ წელში 350 000 აშშ დოლარად უკან გამოსყიდვის პირობით დათმობილი იქნა მოქმედ დირექტორზე, დღეის მდგომარეობით წილის უკან გამოსყიდვა არ მომხდარა (გასულია წილის გამოსყიდვის ერთწლიანი ვადა). შემოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის ქონების (წილი) უსასყიდლოდ გადაცემა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში მომჩივანის მიერ შპს-ს 100%-იანი წილის დათმობა, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემად განხილვის მიზნებისთვის, უნდა შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73; 154;