ბრძანება N 16729

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 16729
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16729

11 ივლისი 2023

ფ/პ ---ის (პ/ნ --)

(მის.: სოფელი ბოლნისი) 2023 წლის 14 და 20 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №101783/21-11 და №104871/21-11 საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №EL69050/1647 (№001-1647) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოიყვანა პირველად და არ იყო გარკვეული საკანონმდებლო ნორმებში. საზღვარზე განუმარტეს, რომ თუ დროულად არ მოახდენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირებას დაეკისრებოდა მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა, თუმცა ჯარიმასთან ერთად მას დაეკისრა საურავიც, რომლის გადახდის საშუალებაც არ გააჩნია და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 მაისს ---მა მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასი: ---) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით, რის შემდეგაც, სააგენტოს სპეციალისტის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო ფორმალობების შესრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2021 წლის პირველ დეკემბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2022 წლის 30 იანვარი.

გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური პირი ---ის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, 2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა №EL210774 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემულ იქნა №EL69050/1647 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ---ს დაერიცხა საურავი - 1007.56 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს, რომ საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №---) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2021 წლის 1 დეკემბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2022 წლის 30 იანვარი. მომჩივანმა კი, 2023 წლის 25 მაისს, მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №---) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით, შესაბამისად, დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობას, რა დროსაც პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად ერიცხება საურავი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა №EL210774 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემულ იქნა №EL69050/1647 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა საურავი - 1007.56 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2, 6); 270; 272;

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს 49 (2).

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქცია.