გადაწყვეტილება №24872/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24872/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24872/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 5.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24872/2/2025).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №021-96 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 107 122.89 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 50 880.39

ჯარიმა - 25 438.50

საურავი - 30 804

 

ფაქტების აღწერა

მეწარმე მომსახურებას უწევს შპს „------“. კერძოდ, ქ. -------- მწვანე საფარის მოვლაპატრონობა და ექსპლოატაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2021 წელს მომჩივანს მომსახურების ფარგლებში მიღებული აქვს 487 140 ლარი დღგ-ის ჩათვლით. გადასახადის გადამხდელს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი. აღსანიშნავია ასევე, რომ გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის განაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №27236 ბრძანება და №021-96 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 107 122.89 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-100, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტაციაზე, სადაც მიუთითებს, რომ ინდ. მეწარმეს გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლება დამოუკიდებლად გაწიოს მომსახურება და თანამშრომლის დაქირავების შემთხვევაში უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს ხელფასის ოდენობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის აქტის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელს (მცირე მეწარმის სტატუსის მქონეს) სამშენებლო მომსახურების გაწევის მოტივით მიღებული აქვს 487 180 ლარის შემოსავალი. აუდიტის შეფასებით, ინდ. მეწარმის მიერ „გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა“. მხოლოდ აღნიშნულის საფუძვეზე, ყოველგვარი მსჯელობისა და მტკიცებულებების არსებობის გარეშე, აუდიტმა დაასკვნა, რომ მცირე მეწარმეს არ აქვს უფლება გასცეს „მცირე“ ხელფასი. ასევე, ყოველგვარი საკანონმდებლო ნომრის მითითების გარეშე, აუდიტორი შეფასებაში წერს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს ხელფასის სახით გაცემული აქვთ მიღებული შემოსავლის 80% (საიდან, რა კომპანიებს, როგორ შეირჩა). ამიტომ, აუდიტის პოზიციით ინდ. მეწარმესაც მის მიერ მიღებული შემოსავლის 80% უნდა გაეცა ხელფასად. შემოწმების აქტით მიხედვით, მიღებული შემოსავლის 80% განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად. ერთადერთი საკანონმდელო ნორმა, რომელიც აუდიტს ნახსენები აქვს, არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი. ანუ კანონმდებლობაზე საუბარს მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც მეწარმეს შემოწმების აქტით უკვე დაარიცხა გადასახადები. პირველ რიგში - სახეზეა აქტის გაუქმების ფორმალური საფუძვლები. აქტში არ იკვეთება რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე განხორციელდა ხელფასების ოდენობის დადგენა, გადასახადის დარიცხვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აუდიტორი გულისხმობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლს. თუმცა, აქაც ვერ ხვდება რა შეიძლებოდა დაერღვია, რის ვალდებულება ჰქონდა ინდ. მეწარმეს და რა არ ჰქონდა აღრიცხული?! არაფერს ამბობს იმაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მეწარმისთვის არც არაფერი მოუთხოვია. მეორეც - ინდ. მეწარმე, რომელიც პრაქტიკულად დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევა, რატომ შედარდა იურიდიულ პირს („--------“), რომელიც თავის მხრივ ცხადია თანამშრომლის გარეშე ვერ შეასრულებს ვერც ერთ მოქმედებას. მესამე - ინდ. მეწარმეს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად გასწიოს მომსახურება, არ ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომელი. აქტში არც არის მითითებული და ვერც იქნება რაიმე საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მეწარმეს ასეთ ვალდებულებას დაუდგენდა. და თუ ასეა, მაშინ გაუგებარია შემოწმება რას ედავება მეწარმეს, მას სრული უფლება ჰქონდა არათუ „გაცემული ხელფასი მცირე ყოფილიყო“, არამედ საერთოდ არც გაეცა ხელფასი.

შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს. რადგან შემოწმების აქტი დაუსაბუთებელია და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ასევე სხდომაზეც ვერ მიუთითეს დამატებით რის შესწავლა უნდა განხორციელდეს, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო სრულად დაეკმაყოფილებინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და გაეუქმებინა საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია ხელფასის გაცემისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი.

შემოწმების აქტის მიხედვით, მეწარმე მომსახურებას უწევს შპს „-------“. 2021 წელს აღნიშნული მომსახურების ფარგლებში მიღებული აქვს 487 140 ლარი. მომჩივანს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი. ამასთან, გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის მონაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, მეწარმე მომსახურებას უწევს შპს-ს მომჩივანს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი. ამასთან, გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის მონაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);100(3);101(1);154(1);

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება