ბრძანება N 18778
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18778
31.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „--------- ----- ---- --------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: -) ------------------------
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა სს „------- ----- ---- --------ის“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 25 იანვრის №12462/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-650 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არის დაუსაბუთებელი და მიიჩნევს, რომ დარიცხვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას. განმარტავს, რომ ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების ლიცენზიას, რომელიც მოიცავს 373 ჰა ფართობს. მიუთითებს, რომ ერთადერთი განმარტება თუ ვინ არის ბუნებრივი რესურსების მოსარგებლე მოცემული არის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა არის გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მ.შ. სოჭს გირჩის), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება. კანონმდებლობის თანახმად, კომპანიას უნდა დაუმტკიცდეს ათვისების გეგმა მოსაპოვებელი ოდენობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ, მას შეუძლია დაიწყოს მოპოვება და ისარგებლოს ბუნებრივი რესურსებით. აღნიშნული პროცედურების გავლამდე კომპანია ვერ იქნება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებელე, რადგან ეკრძალება მოპოვებითი საქმიანობა, რაც წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიზანს. აცხადებს, რომ შინაარსობრივად მსგავსი დარიცხვა საქართველოს უზენაესს სასამართლოს გაუქმებული აქვს და გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს მეწარმე სუბიექტის სასარგებლოდ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27945 ბრძანების საფუძველზე სს „------- ----- ---- --------ს“ (ს/ნ -----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33057 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 2 294 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 1 120 ლარი, ჯარიმა 560 ლარი და საურავი 613 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოების დაფუძნება მოხდა აქციონერების შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) და --- ------ --------ის (----------------) მიერ. აღნიშნული კომპანიების მიერ სს „------- ----- ---- --------ის“ კაპიტალის ფორმირება მოხდა შემდეგნაირად: შპს „-------------ის“ მიერ შეტანილ იქნა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №------ (-------- ჰა), ხოლო --- -------ის მიერ კაპიტალი შევსებულია ფულადი სახსრებით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ კვლევა-ძიებას. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №------ ლიცენზიის მიხედვით 2015 წლის 4 დეკემბერს სარგებლობაში გადაეცა -----------ში სასარგებლო წიაღისეულის (-------) შესწავლა-მოპოვების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ------ ჰა ტყის ფონდის მიწები. ხოლო 2020 წლის 20 თებერვლის №213/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა სს „----- ----- ----- ------ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, რის საფუძველზეც კომპანიის სალიცენზიო ფართობად განესაზღვრა ----- ჰა და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №-----. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს №------- ლიცენზიის მიხედვით, 2015 წლის 4 დეკემბერს სარგებლობაში გადაეცა სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ---- ჰა ტყის ფონდის მიწები, ხოლო 2020 წლის 20 თებერვლის №213/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა სს „------------ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, რის საფუძველზეც კომპანიის სალიცენზიო ფართობად განესაზღვრა ---- ჰა და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა №--------. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული და გადახდილი არ აქვს აღნიშნულ მიწაზე ქონების გადასახადი.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება.
ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სარგებლობის ლიცენზიის სახეს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა:
ა)სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.
ამავე დადგენილების 41-ე მუხლის მიხედვით, წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობაში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარგებლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით იღებს ლიცენზიის გამცემი. ამასთანავე, დაწესებული მიწის მინაკუთვნი სააგენტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მიუხედავად იმისა, ტერიტორიულად იგი მიკუთვნებულია სახელმწიფოს თუ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. შესაბამისად, ლიცენზიის ფარგლებში გამოყოფილ ტერიტორიაზე პირს ნებადართული აქვს აღნიშნული ტერიტორიებით სარგებლობა ბუნებრივი რესურსების შესწავლა-მოპოვების მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული ლიცენზია არ აწესებს შეზღუდვას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წიაღით სარგებლობად მიიჩნევა, როგორც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ასევე წიაღის შესწავლა. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (წიაღით) მოსარგებლე პირად განიხილება, როგორც პირი რომელზეც გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ასევე პირი რომელზეც გაცემულია წიაღით სარგებლობის ლიცენზია, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,წიაღის ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 4 მარტის №22/96 წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 მაისის №12-15/1541 წერილი განმარტავს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელის სტატუსს შესწავლის ეტაპზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლით დაბეგვრის მიზნებისთვის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირი შეიძლება იყოს, როგორც ის პირი რომელზეც გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ასევე ის პირი რომელზეც გაცემულია წიაღით სარგებლობის ლიცენზია, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დადგენილად მიიჩნევს, რომ მომჩივანი შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით (წიაღით) და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „------- ----- ---- --------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არის დაუსაბუთებელი და მიიჩნევს, რომ დარიცხვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №27945 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33057 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-650 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(„ბ“); 204(3); 275; 302(6);
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 ( „ა“ „ა.ა“ ); 7;
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6(1);