გადაწყვეტილება №24301/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.01.2025
№ დოკუმენტი 24301/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24301/2/2024

20 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------" -ის 19.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24301/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;

2. ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 171 222 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 91 935

დღგ - 51 747

ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 144

საშემოსავლო გადასახადი - 39 657

ქონების გადასახადი - 387

ჯარიმა - 57 994

საურავი - 21 293

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტებით, სასმელებით და სხვა შერეული პროდუქტებით (საქმიანობის ადგილი: "--------" ).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 14.12.2023 წლის №31612 ბრძანება და 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 12.07.2024 წლის №22285/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს.

გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების მიხედვით. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 მუხლით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 155-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა დადგენილი წესის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა, საჩივარში და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარდგენილ შემდეგ არგუმენტებზე:

● გადასახადის გადამხდელმა მიუთითა, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე გაანგარიშებული შემოსავლები, დღგ-ის მიზნებისთვის, სრულად (ჯამურად) პროპორციულად იქნა გადანაწილებული 2020-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, მაშინ როცა შეძენილი საქონელი პირდაპირ წლების ჭრილში იქნა დეკლარაციაში ასახული, რამაც გამოიწვია ფასნამატების ზრდა საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოცემულ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილში 2020 და 2021 წლის ფასნამატები შეადგენს 17%-ს, მაშინ როდესაც, აქტში მოცემული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით ფასნამატები შესაბამის წლებზე გაცილებით მეტია და 2020-2021 წლებში შეადგენს 23.9%-სა და 20%-ს.

● აგრეთვე, მომჩივანმა განმარტა, რომ საქონლის ერთსა და იმავე კატეგორიებზე სხვადასხვა წლებში გავრცელებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, ასევე, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გავრცელებულია არაადეკვატურად მაღალი ფასნამატები, მაშინ როდესაც წლების მიხედვით საშუალო ფასნამატები გაცილებით ნაკლებია. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს გაუშიფრავ კატეგორიაზე უნდა გაევრცელებინა მთლიანი საშუალო ფასნამატი.

● გადასახადის გადამხდელმა მიუთითა, რომ შემმოწმებლის მიერ წარდგენილ გაანგარიშების ცხრილებში ასახული მაჩვენებლები არ არის შესაბამისობაში აქტში ასახულ იგივე მაჩვენებლებთან და თავის მხრივ, აქტში დარიცხული გადასახადები განსხვავდება ასევე აქტში წარმოდგენილი დანართების იგივე მაჩვენებლებისგან. მომჩივანი ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ითხოვს, რომ ხელახლა მოხდეს საკითხების სიღრმისეული შესწავლა და შემცირდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და გადამხდელის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.

შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და პირს დაერიცხა დღგ და ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადი, სანქციის თანხასთან ერთად. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები.

შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდს, შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის სრულად (ჯამურად) გაანგარიშებული შემოსავლები პროპორციულად გადანაწილდა 2020- 2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, მაშინ როცა შეძენილი საქონელი პირდაპირ წლების ჭრილში იქნა დეკლარაციაში ასახული, ამან გამოიწვია ფასნამატების ზრდა საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის. მართალია შემმოწმებლებს არ მიუკუთვნებიათ 2023 წლის შემოსავლები 2020-2022 წლების საშემოსავლო დეკლარაციებისთვის, მაგრამ პროპორციულმა გადანაწილებამ გამოიწვია შემოსავლებისა და შესყიდული საქონლის (ხარჯების) პერიოდების არევა, ვინაიდან შესყიდული საქონელი პირდაპირ აღებულია წლების მონაცემებიდან, ხოლო შემოსავალი გადანაწილებულია პროპორციულად. აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილში 2020 და 2021 წლის ფასნამატები შეადგენს 17%-ს მაშინ როცა აქტში მოცემული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ფასნამატები შესაბამის წლებზე გაცილებით მეტია და შესაბამისი წლების მიხედვით 2020 და 2021 წლებში შეადგენს 23.9%-ს და 20%-ს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქონლის ერთსა და იმავე კატეგორიებზე სხვა და სხვა წლებში გავრცელებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფასნამატი განსაზღვრულია არასწორად. გარდა ამისა, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გავრცელებულია არაადეკვატურად მაღალი ფასნამატები, მაგალითად კატეგორიაზე ,,სოუსები“ გავრცელებულია 62%-იანი ფასნამატი, ხოლო კატეგორიაზე ,,სხვა“ გავრცელებულია 49%-იანი ფასნამატი, მაშინ როცა წლების მიხედვით საშუალო ფასნამატები გაცილებით ნაკლებია, შემმოწმებელს გაუშიფრავ კატეგორიაზე უნდა გაევრცელებინა მთლიანი საშუალო ფასნამატი.

ამასთან, შემმოწმებლების მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილებში მონაცემები მოცემულია ფორმულების გარეშე, შესაბამისად გაუგებარი რის მიხედვით არის დაანგარიშებული არსებული მაჩვენებლები. გარდა ამისა წარმოდგენილი ცხრილი არის საერთოდ გაუგებარი, მოუწესრიგებელი და არა აღქმადი ნებისმიერი მკითხველისთვის. კიდევ ერთი გარემოება რაც მინიშნებს იმაზე, რომ აუდიტი ჩატარებულია ზედაპირულად და გაანგარიშებული გადასახადები არასწორია, არის ის, რომ არცერთი წარმოდგენილი ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებში ასახული მაჩვენებლები არ არის შესაბამისობაში აქტში ასახულ იგივე მაჩვენებლებთან და თავის მხრივ, აქტში დარიცხული გადასახადები განსხვავდება ასევე აქტში წარმოდგენილი დანართების იგივე მაჩვენებლებისგან. ზოგიერთი დანართი კი, მაგალითად 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დანართი საერთოდ არ არის თანდართული აქტზე. ყოველივე აღნიშნული შეცდომები და უზუსტობები, მიუთითებს კვლავ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გულგრილი დამოკიდებულებითა და ზედაპირული მიდგომით არის შემოწმება ჩატარებული, რამაც გამოიწვია გადასახადებისა და სანქციის თანხების არასწორად დარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვს ხარჯებისა და შემოსავლების უშუალოდ წლების მიხედვით გადანაწილებას, ვინაიდან არამართებულად მიაჩნია დღგ-ის მიზნებისთვის დათვლილი შემოსავლების საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2020-2022 წლებზე პროპორციული გადანაწილება, მაშინ როცა ხარჯები (შეძენილი საქონელი) მიკუთვნებულია წლებზე კონკრეტული წლის შეძენების მიხედვით. მიაჩნია, რომ ფასნამატების გაანგარიშება კატეგორიების მიხედვით თავიდან არის დასამუშავებელი და ზემოხსენებული შეცდომები, რაც არ არის მის მიერ გამოვლენილი შეცდომებისა და ხარვეზების სრული ჩამონათვალი, უნდა დაექვემდებაროს დამატებით სიღრმისეულად შესწავლას და შესაბამისად გასწორებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, ეს სადავო საკითხი არ არის ასახული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსაქვითი ხარჯი დეკლარირებული იყო სულ 628 138 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმებით დადგენილი იქნა 653 729 ლარი (გაიზარდა როგორც შეძენილი სმფ-ების რაოდენობა, ასევე, ელ. ენერგიის ხარჯი). რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტს სესხის პროცენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხი არ წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად სახსრებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს დამატებით წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრისას გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისათვის ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტები. მომჩივანმა 26.04.2024 წელს წარმოადგინა №22967/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ შემმოწმებლის მიერ ყოველწლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული გადამხდელის მიერ აღებული სესხის პროცენტი. აღნიშნული სესხი პირის მიერ გამოყენებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში, შესაბამისად ასეთ სესხთან დაკავშირებით გადახდილი პროცენტი ექვემდებარება ხარჯებში ასახვას და შესაბამისი თანხით გადასახადის შემცირებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ სადავო საკითხის ნაწილში ინფორმაცია არ არის ასახული.

მომჩივნის განმარტებით, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული გადამხდელის მიერ აღებული სესხის პროცენტი. აღნიშნული სესხი მის მიერ გამოყენებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში, შესაბამისად ასეთ სესხთან დაკავშირებით გადახდილი პროცენტი ექვემდებარება ხარჯებში ასახვას და შესაბამისი თანხით გადასახადის შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის (სესხის მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების) დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სესხის მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ამ სესხზე გადახდილი პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 57 994 ლარი და საურავი - 21 293 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა.შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

2.გადამხდელი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა.შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

3.მომჩივანი ითხოვს შემცირდეს თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.სსკ-ის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები.ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი სსკ-ის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2.აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, ეს სადავო საკითხი არ არის ასახული.

3.აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სესხის მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ამ სესხზე გადახდილი პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

3.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),100,102,136(3),269(7).