გადაწყვეტილება №24453/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24453/2/2024
19 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 16.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24453/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17382 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №002-198 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.12.2024 წლის №25327 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 340 226.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 778 167
დღგ - 160 710
საშემოსავლო გადასახადი - 617 363
ქონების გადასახადი - 94
ჯარიმა - 389 171
საურავი - 172 888.79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა ----------.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული საქონლის რეალიზაციები. კომპანიის მიერ, შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ასევე, წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა არ იძლეოდა ოპერაციების ანალიზის საშუალებას და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩაიშალა კატეგორიებად, განისაზღვრა თითოეული კატეგორიის წილი მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში და შესაბამისი ფასნამატი. შედეგად დადგინდა, რომ ფასნამატი ადგილობრივ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას შეადგენს 8%-ს (შერეულ საქონელზე) და 10%-ს (კერამიკულ ფილებზე), ხოლო იმპორტირებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 56%-ს და იმპორტირებული საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების წილი 82%-ია. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, კაპიტალის ოდენობა (შემოწმების მიერ გაკეთდა შესამოწმებელ პერიოდამდე ფულის მოძრაობის ანალიზი და დადგინდა, რომ 950 661 ლარს შეადგენდა დამფუძნებლის შენატანი, რომლითაც შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშებული ფულის ნაშთი), შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების გათვალისწინებით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №14523 ბრძანება და №002-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17382 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17382 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 13.09.2024 წელს მიღებული №23578/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17382 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №002- 198 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2024 წლის №25327 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2024 წლის №25327 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და პირველ სადავო საკითხის ნაწილში მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება აღნიშნულ ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და პირველი სადავო საკითხის ნაწილში არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა კომპანიის მიერ გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აგრეთვე, ვინაიდან იმპორტირებულ საქონელზე არ ჩანდა შესაბამისი ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებული საქონლის ღირებულების მხოლოდ 75%. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომ კომპანიას სრულად აქვს გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადასახდელი თანხები, ასევე შემოწმებისათვის წარდგენილია მომწოდებელი კომპანიების მიერ გადმოგზავნილი, აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
1. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება არასწორად არის გაანგარიშებული. კერძოდ, არასწორად არის განსაზღვრული 2021 წლის 1 იანვრის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისი) მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება (შემოწმების მიერ გაზრდილია აღნიშნული მარაგების ღირებულება), რამაც საბოლოოდ გამოიწვია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნა ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა, სადაც ცალსახად დაფიქსირებულია 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი. კომპანიის მიერ რეალიზაციების 95% განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა აქვს კომპანიის მიერ გამოწერილი და მიმღების მიერ დადასტურებული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით განახორციელოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, მათ შორის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრა;
2. ფულის მოძრაობაში, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია მომწოდებელი კომპანიებისთვის გადახდილი თანხის მხოლოდ 75%. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი იქნა მომწოდებელი კომპანიების მიერ გადმოგზავნილი, შესაბამისი აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც ცალსახად დგინდება, რომ მომწოდებელი კომპანიებისთვის სრულად არის გადახდილი თანხები. აღნიშნული მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ იქნა შესწავლილი საქონლის მოძრაობის საკითხი და შესაბამისად არ იქნა სწორად დადგენილი 2021 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით გათვალისწინებული საკითხები.
ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
1. სწორად განსაზღვროს 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი და შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება;
2. კომპანიის მიერ მომწოდებელი კომპანიებისგან მიღებული, შესაბამისი აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი დოკუმენტაციის საფუძველზე, სწორად იქნეს განსაზღვრული გადახდილი თანხების ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხების შემცირება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა სადავო საკითხების ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 31.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მიიჩნევს რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით გათვალისწინებული საკითხები. აღნიშნავს, რომ არასწორად არის განსაზღვრული 2021 წლის 1 იანვრის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისი) მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება, შემოწმების მიერ გაზრდილია აღნიშნული მარაგების ღირებულება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნა ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა, სადაც ცალსახად დაფიქსირებულია 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი. წარდგენილი იქნა მომწოდებელი კომპანიების მიერ მიწოდებული, აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც ცალსახად დგინდება, რომ მომწოდებელი კომპანიებისთვის სრულად არის გადახდილი თანხები. აღნიშნული მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ იქნა შესწავლილი საქონლის მოძრაობის საკითხი და შესაბამისად არ იქნა სწორად დადგენილი 2021 წლის სასაქონლომატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი. ითხოვს 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური მარაგების საწყისი ნაშთის და შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების სწორად განსაზღვრას, მომწოდებელი კომპანიებისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, გადახდილი თანხების ოდენობის სწორად განსაზღვრას.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, რომ სადავო საკითხების ნაწილში, მათ შორის პირველი სადავო საკითხის, კერძოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია აუდიტის დეპარტამენტისათვის. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ ნაწილში, დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებები მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი საჩივრით არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17382 ბრძანების აღსრულება, პირველ სადავო საკითხის ნაწილში განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ხოლო, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, ვინაიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) განხორციელება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17382 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა. კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული საქონლის რეალიზაციები. კომპანიის მიერ, შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ასევე, წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა არ იძლეოდა ოპერაციების ანალიზის საშუალებას და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა, გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩაიშალა კატეგორიებად, განისაზღვრა თითოეული კატეგორიის წილი მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში და შესაბამისი ფასნამატი. შედეგად დადგინდა, რომ ფასნამატი ადგილობრივ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას შეადგენს 8%-ს (შერეულ საქონელზე) და 10%-ს (კერამიკულ ფილებზე), ხოლო იმპორტირებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 56%-ს და იმპორტირებული საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების წილი 82%-ია. გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განისაზღვრა ჯარიმა.
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილებში მართლზომიერია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);304(21);