ბრძანება N 2922

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 2922
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2922

17.02.2023

"----------" (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის: ----------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "----------"-ს (ს/ნ ----------) №8479/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №EL197471 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ "----------" მოქალაქემ სთხოვა მიეხედა მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც "----------"-ში არსებული მდგომარეობის გამო ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. "----------"-დან ჩამოსვლას აპირებს მისი ნათესავი, რომელმაც უნდა წაიყვანოს ავტოსატრანსპორტო საშუალება უკან.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა "----------"-ს მოქალაქე "----------"-ს (პ/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფი, "----------"-ში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით "----------").

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციით დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 18 ოქტომბერს "----------"-ს მოქალაქე "----------"-ს (პ/ნ ----------) მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2022 წლის 17 დეკემბერი.

ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეული იყო 31 კალენდარული დღით, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა №EL197471 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "----------"-ს მოქალაქე "----------"-ს (პ/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქმის მასალებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 17 იანვრის №EL197471 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.