გადაწყვეტილება №20865/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 20865/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20865/2/2023

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20865/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 21.07.2023 წლის №EL217301 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20339 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 3 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

21.07.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში ------ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი. მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა.

მომჩივნის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „------“ – 1 000 ღერი (50 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე წელისა და ფეხის არეში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება.

აღნიშნულზე მომჩივანს 21.07.2023 წლის №EL217301 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.08.2023 წლის №20339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

დადგენილია ასევე, რომ 21.05.2023 წლის №EL210290 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანი დაჯარიმებულია იგივე ქმედებების ჩადენისთვის. ამდენად, სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტები ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე. ამასთანავე სამართალდარღვევა წარმოადგენს განმეორებით ჩადენილს. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

-------ში მიჰქონდა დუთიფრიში შეძენილი სიგარეტი, -----ს საბაჟომ არ გაუშვა და უკან, საქართველოში დაბრუნდა. რომ შემოვიდა საბაჟოში მებაჟემ გააჩერა და ჩამოართვა 5 ბლოკი სიგარეტი. განმეორებით სიგარეტის გადატანის მცდელობა უკავშირდება 1 000 ლარიან ჯარიმას მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, იფიქრა, რომ სიგარეტს გაყიდდა და გადაიხდიდა 1 000 ლარიან ჯარიმა, რაც მისი მხრიდან შეცდომა იყო.

განმარტავს, რომ გადაიხდის პირველ, 1 000 ლარიან ჯარიმას და ითხოვს ეპატიოს 3 000 ლარიანი ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილების თანახმად:

3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

3 1 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 21.07.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში ------ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი. მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა. მოქალაქის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „-----“ – 1 000 ღერი (50 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე წელისა და ფეხის არეში.

საბაჟო დეპარტამენტის 21.09.2023 წლის №94392-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 21.07.2023 წელს (სამართალდარღვევის დღეს) უფიქსირდება საზღვრის კვეთის ორი ფაქტი, სადაც დაახლოებით ერთ საათში საზღვარი მეორედ გადაკვეთა.

მომჩივანს 5.01.2023 წლიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 322 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი, რა დროსაც პერიოდულად დღის განმავლობაში 2-5 (გასვლა/შემოსვლა) საზღვრის კვეთას ახორციელებს დროის მცირე მონაკვეთში.

მასვე, 2020-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 5 ფაქტი კვების პროდუქტებზე.

გარდა აღნიშნულისა, 2019-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 18 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე.

19.06.2023 წელს უფიქსიდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 1 ფაქტი ალკოჰოლიან სასმელზე.

2016 - 2023 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტისა და ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანის 7 ფაქტი, სადაც „საქონლის სახელმწიფო საკუთრებში გადაცემის შესახებ“ განცხადებისა და „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“-ს საფუძველზე ჩამორთმეული იქნა 3260 ღერი (163 კოლოფი) სიგარეტი და 1 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელი.

ამასთან მომჩივანს ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გარდა, სამართალდარღვევის სხვა ფაქტიც უფიქსირდება, კერძოდ: 21.05.2023 წელს, მის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL210290 საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ სიგარეტი „------“-ი 20 კოლოფის (400 ღერი) და “------” 20 კოლოფის (760 ღერი) მალულად შემოტანას, რა დროსაც საქონელი მოთავსებული ჰქონდა სხეულზე ფეხისა და წელის მიდამოებში.

საბჭო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი – 1 000 ღერი (50 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე წელისა და ფეხის არეში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატება საგადასახადო კოდექსის 199-ე „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნულზე მომჩივანს 21.07.2023 წლის №EL217301 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით სანქცია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3)(31).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.