ბრძანება N 10033
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10033
08.05.2023
შპს „--------“ (ს/ნ ----------)
(მის.: -------------)
2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 30 დეკემბრის №239082/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №083-39 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარჯების გაწევის (საქონლის შესყიდვის) დოკუმენტების არ არსებობას ადგილი არ ჰქონია - შესაბამისად, არც შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, გადამხდელი მიუთითებს, რომ ყველა მომწოდებელი იდენტიფიცირებულია და მათი გადამოწმება/შესწავლა უნდა მომხდარიყო მასთან ერთად, რაც არ განხორციელებულა.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 მაისის №11791 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 დეკემბრის №30576 ბრძანება და 6 დეკემბრის №083–39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 666 883 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 641 097 ლარი, ჯარიმა 820 649 ლარი და საურავი 205 137 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხილ-ბოსტნეულის, რეალიზაცია ექსპორტის გზით. საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან, საქართველოს მასშტაბით, რომლის რაოდენობა ჯამურად შეადგენდა 14 282 452 კგ-ს, ხოლო ღირებულება - 30 590 381 ლარს. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დოკუმენტების მიხედვით დადგინდა, რომ შესყიდულ ხილ-ბოსტნეულზე გაფორმებული იყო შესყიდვის აქტები, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირდებოდა გამყიდველი მხარე. გადამხდელს აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე თანხები გადახდილი ჰქონდა სალაროდან, რომელიც ბუღალტერიაში ასახული იყო ჯამური გადახდებით და არა ინდივიდუალურად თითოეული ფიზიკური პირის მიხედვით. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2022 წლის პირველი აპრილისთვის, კრედიტორული დავალიანება საწარმოს არ უფიქსირდებოდა. შემოწმებამ გააანალიზა ექსპორტის დეკლარაციები, საბაჟო ინფორმაცია, CMR და შესყიდვის აქტები, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი ხილბოსტნეულზე შეადგენდა 3-4%-ს. დაბალი ფასნამატიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ მესამე პირებისგან (ფიზიკური პირებისგან) გამოითხოვა ინფორმაცია შპს „--------თან“ არსებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, ზოგიერთ მათგანთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ადგილზე გასაუბრებაც. მათ მიერ წარმოდგენილი იყო წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომელთაგან: 1. ერთი მხრივ, ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა და უარყოფდა შპს „------თვის“ საქონლის მიწოდების ფაქტს, 2. ამასთან, არ ადასტურებდნენ რაიმე დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) ხელმოწერას. 3. ნაწილმა წარმოადგინა ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვით დადგინდა საშუალო სარეალიზაციო ფასი თითოეული დასახელების მიხედვით შესაბამისი თვის და სეზონის გათვალისწინებით და განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასისგან. ამ კატეგორიის ნაწილიც არ ადასტურებდა შესყიდვის აქტზე ხელმოწერას. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფასები რიგ შემთხვევებში ბევრად განსხვავდებოდა (ნაკლები იყო), ვიდრე გადამხდელს ჰქონდა დაფიქსირებული შესყიდვის აქტებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდის ბოლოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 30 590 381 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული და საშუალო შეწონილი ფასნამატი ხილბოსტნეულზე შეადგენდა 3-4%-ს. დაბალი ფასნამატიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ მესამე პირებისგან (ფიზიკური პირებისგან) გამოითხოვა ინფორმაცია შპს „-------თან“ არსებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, ზოგიერთ მათგანთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ადგილზე გასაუბრებაც. მათ მიერ წარმოდგენილი იყო წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომელთაგან: 1. ერთი მხრივ, ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა და უარყოფდა შპს „--------თვის“ საქონლის მიწოდების ფაქტს, 2. ამასთან, არ ადასტურებდნენ რაიმე დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) ხელმოწერას. 3. ნაწილმა წარმოადგინა ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვით დადგინდა საშუალო სარეალიზაციო ფასი თითოეული დასახელების მიხედვით შესაბამისი თვის და სეზონის გათვალისწინებით და განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასისგან. ამ კატეგორიის ნაწილიც არ ადასტურებდა შესყიდვის აქტზე ხელმოწერას. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფასები რიგ შემთხვევებში ბევრად განსხვავდებოდა (ნაკლები იყო), ვიდრე გადამხდელს ჰქონდა დაფიქსირებული შესყიდვის აქტებში.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ მასთან ერთად არ ყოფილა გავლილი სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე მოხდა ადგილზე გასაუბრება შპს „---------“ დირექტორის მინდობილ პირთან (------- - პ/ნ ----------, შვილი). გასაუბრებაზე მინდობილი პირი გაეცნო გამოვლენილ საკითხს, როგორც შინაარსობრივად, ასევე თანხების ჭრილში. ამასთან, გადამხდელს დაევალა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების წარმოდგენა. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა გასაუბრებიდან 2 თვის შემდგომ, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დამატებით ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხილ-ბოსტნეულის, რეალიზაცია ექსპორტის გზით. საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან, საქართველოს მასშტაბით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი ხილბოსტნეულზე შეადგენდა 3-4%-ს. დაბალი ფასნამატიდან გამომდინარე, შემოწმებამ მესამე პირებისგან (ფიზიკური პირებისგან) გამოითხოვა ინფორმაცია საწარმოსთან არსებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, ზოგიერთ მათგანთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ადგილზე გასაუბრებაც, რომელთაგან: ერთი მხრივ, ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა და უარყოფდა საქონლის მიწოდების ფაქტს, ამასთან, არ ადასტურებდნენ რაიმე დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) ხელმოწერას. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფასები რიგ შემთხვევებში ბევრად განსხვავდებოდა (ნაკლები იყო), ვიდრე გადამხდელს ჰქონდა დაფიქსირებული შესყიდვის აქტებში.
შემოწმებამ ხარჯად აღიარა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75%, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73, 101(1), 154(1"ა"), 269, 275(2).
N 0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.