ბრძანება N 26393
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26393
16 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2024 წლის 2 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №198905/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის პირველი დეკემბრის №EL268856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოჰქონდა მისი კუთვნილი თანხა. არასდროს დაუდეკლარირებია თანხა და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მის მიერ შემოტანილი თანხა ექვემდებარებოდა დეკლარირებას. არ დაუმალავს არასდროს გადასახადი და ვინაიდან თანხის შემოტანაზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელი ლოგიკურია, რომ სცოდნოდა დაადეკლარირებდა კიდეც.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „----------“ (----------) ჩამოფრინდა „----------“ (პ/ნ ----------). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ.
„----------“ მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საბაჟი კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა „----------“ კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 34 300 აშშ დოლარი და 8 000 ევრო, რამაც მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა – 118811.18 ლარი.
ვინაიდან „----------“ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (34 300 აშშ დოლარი და 8 000 ევრო) და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის პირველ დეკემბერს შედგენილ იქნა №EL268856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „----------“ (პ/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11881.18 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად; ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სგპ „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სგპ „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(3).