ბრძანება N 31731
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31731
18 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ---ს (პ/ნ---)
(იურ. მის.: ---) 2023 წლის 5 და 24 ოქტომბრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2023 წლის 5 ოქტომბრის №83932/1/2023 და 24 ოქტომბრის №84322/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის №001-99 და 2021 წლის 29 ივლისის №001-297 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას/დაწყებას. განმარტავს, რომ არასოდეს არ ყოფილა რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად და არ განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა.
მიუთითებს, რომ მხოლოდ ოთხჯერ აქვს რეალიზებული 1000 ლარის ღირებულების 1 კგ. გამოსაყენებლად უვარგისი კატალიზატორები შპს „---ზე“ (ს/ნ ---). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემული აქვს ჩვენება. აღნიშნავს, რომ შპს „---ს“ მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებზე არსებული ხელმოწერა არ ჰგავს მის ხელწერას. საჩივრის დანართად წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომელიც მოწმობს, რომ ფ/პ---ასა და შპს „---ს“, აგრეთვე, მასსა და შპს „---ს“ შორის შედგენილი შესყიდვის აქტები არის გაყალბებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 მაისის N13495 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „---თან“ (ს/ნ ---) და შპს „---თან“ (ს/ნ ----) განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 27 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 10 ივნისის N15081 ბრძანება და ამავე თარიღის N001-99 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 115201 ლარი, მათ შორის: გადასახადი 72414 ლარი, ჯარიმა 37149 ლარი, საურავი 5637 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 24 ივლისის №21042 ბრძანებით ი/მ---ს (ს/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №21042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის პირველი ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 11 101 ლარი, მათ შორის, გადასახადი 180 ლარი და ჯარიმა 10 921 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 29 ივლისის №001-297 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის №001-99 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა 224 675 ლარის ღირებულების ავტომანქანის კატალიზატორები, რაც დასტურდებოდა შესყიდვის აქტების საფუძველზე. აღნიშნული ოპერაციები მეწარმეს არ ჰქონდა დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს, 2019 წლის 30 აპრილიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, მე-80, მე-100 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხები ჩაირთო შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ივლისის №001-297 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● 2021 წლის 2 ივნისის სისხლის სამართლის N--- საქმეზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით პასუხისგებაში მიეცა შპს „---ის“ (ს/ნ ---) და შპს „---ს“ (ს/ნ ---) დირექტორი და დამფუძნებელი --- (პ/ნ ---).
აღნიშნული პირის მიმართ 2021 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ---ს მიერ გამოტანილ იქნა N1/2405-21 განაჩენი. შედეგად, 2019 წლის 20 აპრილით დათარიღებული შესყიდვის აქტი, რომლის მიხედვითაც ფ/პ---ს შპს „---ვის“ მიწოდებული ჰქონდა 1,5 კილოგრამი ე.წ. „კატალიზატორი“ 900 ლარად, მიჩნეულ იქნა ყალბ დოკუმენტად. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული თანხით შეუმცირდა ერთობლივი შემოსავალი.
● შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის N6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება, ვინაიდან საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ისეთი გარემოებებია, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას/დაწყებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №21042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის პირველი ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 11 101 ლარი, მათ შორის, გადასახადი 180 ლარი და ჯარიმა 10 921 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 29 ივლისის №001-297 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს განაჩენის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308; 209.