გადაწყვეტილება №23930/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.01.2025
№ დოკუმენტი 23930/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23930/2/2024

24 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "---------" (ს/ნ "---------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "---------"-ის 16.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23930/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19264 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 595 370,44 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 339 838

დღგ - 144 821

საშემოსავლო გადასახადი - 191 580

ქონების გადასახადი - 3 437

ჯარიმა - 170 656

საურავი - 84 876,44

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის სახეა იმპორტირებული ავტონაწილებით ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულად წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან (სს "-------"-ს ბანკიდან და სს "-------" ბანკიდან).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 და 3 აპრილის №7203 და №7406 ბრძანებების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მასალების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს -175 072 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2022 წელს - 686 843 ლარი და 2023 წელს - 532 317 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 33 111 ლარი. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021,-2022, 2023 და 2024 (იანვარი) წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, 2021-2022 წელს გათვალისწინებულია 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია ელ. დოკუმენტების შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13845 ბრძანება და 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19264 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის

პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სრულიად მიუღებელია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურის დავებში განხილვისას კომისიის მიერ ზეპირი შეთანხმებით მიეცა 1 კვირის ვადა საბუღალტრო პროგრამის წარსადგენად. ამ დროში კიდევ ერთხელ მატერიალური სახით ჩააბარა კანცელარიას ელ პროგრამა. ნულოვანი კომუნიკაციის შემდეგ წარმოდგენილია გადაწყვეტილება, სადაც ჩანს რომ არც არაფერი განხილულა. პროგრამის მონაცემებიდან რამდენიმე ციფრია ნახსენები მხოლოდ, საიდანაც არცერთი არ არის სწორი. მაგალითისთვის: აუდიტორი აფიქსირებს, რომ მისი დათვლით 1 თებერვლის მდგომარეობით სასაქონლო ნაშთი შეადგენს 142 423 ლარს (ბუღალტრული ნაშთია - 476879) ასევე თვითონ აფიქსირებს, რომ ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგენილია მარაგების არსებობა 312 685 ლარის საბაზრო ღირებულებით. მისივე გამოყვანილი რეალიზაციის პროცენტის (62%) გამოყენების შემთხვევაშიც კი მარაგის თვითღირებულება 2 აპრილის მდგომარეობით ანუ, როცა დაილუქა ობიექტი ინვენტარიზაციისათვის უნდა შეადგენდეს 163 572,4 ლარს თვითღირებულებით. აღსანიშნავია, რომ 1 თებერვლიდან ინვენტარიზაციის დაწყებამდე, მეწარმეს არ განუხორციელებია მარაგების შესყიდვა/საწყობში მიტანა, ამასთან ერთად თებერვლისა და მარტის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ადგილი ქონდა 67 894,07 ლარის რეალიზაციას, ანუ მისივე დადგენილი პროცენტის გათვალისწინებით მინიმუმ 41 910 ლარის ღირებულების მარაგი უნდა ჩამოწერილიყო 1 თებერვლიდან ინვენტარიზაციის დღემდე, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 63 000 ლარის ღირებულების ფიქტიური ნაშთი აღწერა კომისიამ?

ასევე გაურკვეველია 01.01.2021 წლის საწყისი ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, საერთოდ გაუგებარია რეალიზაციის პროცენტი რის საფუძველზეა დათვლილი. გასაგებია რომ არაპირდაპირი მეთოდით დაითვალა შემმოწმებელმა, მაგრამ როგორ მიიღო 62% მომჩივნისთვის უცნობია. ბუღალტრული ჩანაწერებით სრული პერიოდის საშუალო ფასნამატი 30 პროცენტამდეა, რაც არაჩვეულებრივად იკითხება პროგრამულად.

ყველა შემოსავალი მეწარმეს მიღებული აქვს სალაროთი ან ბანკში. მომჩივნის ხელთ არსებულ დამუშავებულ დოკუმენტურ მასალებს, მათ შორის ელ. საბუღალტრო პროგრამას წარმოადგენს მატერიალური სახით (რადგან სისტემა არ იძლევა ყველა ტიპის დოკუმენტის ატვირთვის საშუალებას. ამასთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს აუდიტორმა გადასცეს მის მიერ ტექსტში ზეპირად მოყვანილი ციფრების გამოთვლის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა მატერიალური და ელექტრონული ფორმით. საგადასახადო ვალდებულებები არ დგება და მით უმეტეს არ წარედგინება მეწარმეს გადასახდელად ზეპირად. მეწარმეს უფლება აქვს იცოდეს რა პროცედურა და მეთოდი გამოიყენეს მისი ვალდებულებების დაანგარიშებისას. ეს არის მისი ფუნდამენტური უფლება. ამ შემთხვევაში კი კომუნიკაცია იყო ნულის ტოლი აუდიტორების მხრიდან.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს წარმოდგენილი საგადასახდო მოთხოვნა, მოხდეს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება, გავლა, განხილვა წარმომადგენლის უშუალო ჩართულობით, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, დოკუმენტურად მიეწოდოს ყველა ის გაანგარიშება, რაც რაიმე სახის ვალდებულებას უდგენს მეწარმეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 4.10.2024 წლის №--------- წერილის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 19.03.2010 წელი, ხოლო დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციის თარიღი 22.05.2018 წელი.

გადასახადის გადამხდელის მიერ 01.08.2024 წლის №-------- წერილით (დავის ეტაპზე) წარმოდგენილი ფლეშ მეხსიერების ბარათით წარმოდგენილია ოთხი ერთეული ელ. ფოლდერი დასახელებებით:

1. იმპორტი-2021

2. იმპორტი-2022

3. იმპორტი-2023

4. იმპორტი-2024

აღნიშნული ფოლდერები შეიცავს საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რაც სრულად შესწავლილი, დამუშავებული და გათვალისწინებულია შემოწმების მიმდინარეობის ეტაპზე (აღნიშნული ინფორმაცია შემოწმებას სრულად მიღებული აქვს ორაკლის ბაზიდან და საარქივო სამმართველოდან 21.02.2024 წლის №-------- სამსახურებრივი ბარათით).

გარდა ზემოაღნიშნული ოთხი ერთეული ფოლდერისა გადასახადის გადამხდელის მიერ ფლეშ მეხსიერების ბარათით დამატებით წარმოდგენილი აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისი. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილში განმარტებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით სმფ-ს ნაშთი 01.01.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 27 858 ლარს და 01.02.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 476 879,08 ლარს თვითღირებულებებით. მომჩივანთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთის აღრიცხვა, რომლის მიხედვით სმფ-ს ნაშთი 08.04.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 312 685 ლარს საბაზრო ღირებულებით, ხოლო თვითღირებულებით შეადგენს 165 153 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ასევე 01.02.2024-დან 08.04.2024-მდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული მონაცემების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილი სმფ-ს ნაშთი 01.02.2024 წლისთვის შეადგენს 142 423 ლარს, (თვითღირებულებით) ნაცვლად გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამა ორისში აღრიცხული 476 879.08 ლარისა. შესაბამისად, დგინდება რომ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სმფს ნაშთები არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთებს. ამ შემთხვევაში სხვაობა ფაქტობრივად აღრიცხულ ნაშთების ღირებულებასა და ბუღალტრულად აღრიცხულ ღირებულებას შორის შეადგენს 334 456 ლარს. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა სმფ-ს ნაშთის განსაზღვრა 01.01.2021 წლის მდგომარეობით, რომლის ოდენობა შეადგენდეს 161 018 ლარს, ნაცვლად ბუღალტრულ პროგრამაში გათვალისწინებული 27 858 ლარისა.

ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ს ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. ამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული შემოსავლების ოდენობა არ შეესაბამება მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, მისივე საწყისი სმფ-ს ნაშთის (27 858 ლარი) და შემოწმებით დადგენილი საბოლოო სმფ-ს ნაშთის (01.02.2024 წლისთვის შეადგენს 142 423 ლარი ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი ნაშთი) გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ორისის მიხედვით მიღებული შემოსავლის გათვალისწინების შემთხვევაშიც (1 190 230 შემოსავალი დღგ-ის გარეშე ფასნამატით) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებს მის მიერ ორისის პროგრამაში დაფიქსირებულ შემოსავლებს (რპთ=27858+1408747 (იმპორტი და ადგილობრივი შეძენა)-142423=1 294 182).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე 9.10.2024 წელს წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19264 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხზე წარმოდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს წარმოდგენილი საგადასახდო მოთხოვნა, მოხდეს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება, გავლა, განხილვა წარმომადგენლის უშუალო ჩართულობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადამხდელის მიერ არ იქნა სრულად წარმოდგენილი სსკ-ის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან.

მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს. გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით.ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021,-2022, 2023 და 2024 წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები.მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა ჯარიმა.

ასევე, 2021-2022 წელს გათვალისწინებულია 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია ელ. დოკუმენტების შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე 9.10.2024 წელს წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

61(3),73(5),136.