ბრძანება N 19667

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.09.2025
№ დოკუმენტი 19667
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19667

08 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 11 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 11 ივლისის №109373/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული თანხები არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ბინების გაქირავებისა და სამარშუტო ხაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №3710 და 17 ივნისის №12814 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13550 ბრძანება და ამავე თარიღის №024–35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 109 032 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 079 ლარი, ჯარიმა 29 370 ლარი და საურავი 18 583 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დეკლარაციების წარმოდგენა არ უფიქსირდება. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2012 წლის 18 სექტემბერს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილია შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები. ი/მ ------- წერილობითი ახსნა-განმარტებით, ვინმე ------- გააცნო თავისი შვილის მეგობარმა. ------- ეხმარებოდა თანხების გადარიცხვაში, კერძოდ, გადარიცხვები ხდებოდა სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით. თანხები ------- ჰქონდა ნაღდი ფულის სახით და ამავე სახით შეჰქონდათ ფიზიკურ პირებს კომპანიების ანგარიშებზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები შეტანილია შპს „-------“ ანგარიშზე. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებაში ი/მ ------- ახსნა-განმარტებით, ------- თანხას ხელზე (ნაღდი ფულის სახით) უხდიდა 250-300 აშშ დოლარის ოდენობით, ერთ ტრანზაქციაზე. ------- შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ჰქონდა 11 ტრანზაქცია. შემოწმებამ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად მიიჩნია 300 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსის მიხედვით). ასევე, ი/მ ------- წერილობითი ახსნაგანმარტებით, მას გააჩნდა უძრავი ქონებები -------, რომელთა გაქირავების შედეგად იღებდა ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარს. ასევე, გააჩნდა „სამარშუტო ხაზიდან“ მიღებული შემოსავალი 500 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად.

შემოწმებამ შეისწავლა მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები. შემოწმების მიერ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,, ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1112 მუხლის თანახმად:

1. საცხოვრებელი ფართობის (მათ შორის, მშენებარე ბინის (სახლის)) (შემდგომში – საცხოვრებელი ფართობი) ორგანიზაციაზე, იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, იბეგრება 5 პროცენტით.“.

2. ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართობს აქირავებს საცხოვრებელი მიზნით და არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს, აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დანართი №VII2 -01 შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე დღგისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ როცა თანხა 200 000 აშშ დოლარზე მეტი იყო, მაშინ იღებდა 300 აშშ დოლარს, დანარჩენ შემთხვევებში ძირითადად იღებდა 50-100 ლარს, ხან 200 აშშ დოლარს,ზოგჯერ სხვა თანხასაც გადარიცხული თანხის მოცულობის გათვალისწინებით. აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია შეუძლია წარუდგინოს შემოწმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება ბინებისა და სამარშუტო ხაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 1 500 აშშ დოლარში შესულია ქალაქ მოსკოვში გადასახადის გადამხდელის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, რაზეც არ უნდა მომხდარიყო გადასახადების დაკისრება. ასევე, აცხადებს, რომ ------- გაქირავებული აქვს ბინა, რომლის ქირის ღირებულებაც არის 250 ლარი, თუმცა ეს ბინა ყოველთვის გაქირავებული არ ყოფილა, რაც არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. ამასთან, მიაჩნია, რომ ბინის გაქირავებიდან მიღებული თანხები უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5% განაკვეთით. სამარშუტო ხაზიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ 2017 წლამდე პერიოდში იღებდა 500 ლარს და მუშობდა მისი მეუღლე. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, მისმა მეგობარმა განაგრძო მუშობა და ოჯახს პერიოდულად ჩუქნიდა 150-200 ლარს თვეში. თუმცა ოფიციალურად მისი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებაში არ ფიქსირდება სამარშუტო ხაზი და შესაბამისად, ამ თანხის მიღების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართლზომიერია. გადასახადის გადამხდელი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შემოწმებას წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია შემოწმებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, გაქირავებიდან მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადის 5% განაკვეთით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლსა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1112 მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით არ ფიქსირდება საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის განცხადების რეგისტრაცია და ასევე მომჩივნის მონაცემები არ არის შეტანილი გამქირავებელთა რეესტრში, შემოწმების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20 %-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბინის გაქირავებიდან და სამარშუტო ხაზიდან მიღებული შემოსავლების, მათ შორის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების ოდენობის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს, წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს, წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. თითოეული ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურების დღგ-თი და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

2. ბინების გაქირავებისა და სამარშუტო ხაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით და დღგ-თი დაბეგვრა.

3. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დეკლარაციების წარმოდგენა არ უფიქსირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილია შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები. მომჩივანის წერილობითი ახსნა-განმარტებით, მოქალაქეს ეხმარებოდა თანხების გადარიცხვაში. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ თანხები შეტანილია შპს-ს ანგარიშზე. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებაში მომჩივანს, ფიზიკური პირი თანხას (ნაღდი ფულის სახით) უხდიდა ხელზე 250-300 აშშ დოლარის ოდენობით, ერთ ტრანზაქციაზე. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ჰქონდა 11 ტრანზაქცია. შემოწმებამ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად მიიჩნია 300 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსის მიხედვით). ასევე, მომჩივანის წერილობითი ახსნაგანმარტებით, მას გააჩნდა უძრავი ქონებები, რომელთა გაქირავების შედეგად იღებდა ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარს. ასევე, გააჩნდა „სამარშუტო ხაზიდან“ მიღებული შემოსავალი 500 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად

შემოწმებამ შეისწავლა მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 159; 269(7)