გადაწყვეტილება №20031/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20031/2/2023
14 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" - ის 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20031/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №007-96 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12530 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 136 148 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 813
დღგ - 75 305
საშემოსავლო გადასახადი - 1 508
ჯარიმა - 43 576
საურავი - 15 759
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №007-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12530 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე სიგარეტებითა და ელექტრო ნაწარმით). გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.09.2016 წლიდან.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ჯამურად 667 097 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისი ახსნა-განმარტებით სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენდა 0-ს. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო საქონლის კატეგორიების მიხედვით. ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია ხდებოდა მცირე ოდენობით (მთლიანი ბრუნვის 7%) შეუძლებელი გახდა სრულყოფილად დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შემოწმებით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა, როგორც დოკუმენტური ფასნამატი, ასევე იმავე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი იგივე კატეგორიების მიხედვით, რომლის შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 14%.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და 159- ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გაათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს ფასნამატის და ფულის ნაშთის დაკორექტირებას. 2022 წელს გახდა მძიმედ ავად, ამიტომ შეწყვიტა საქმიანობა. ამ დროისთვისაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოხსნილი არის დღგ-ის გადამხდელობიდანაც და ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი მდგომარეობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებდა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებდა საკონტროლოსალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა ჯამურად 667 097 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისი ახსნა-განმარტებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რის გამოც მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო საქონლის კატეგორიების მიხედვით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია ჰქონდა მცირე რაოდენობით (მთლიანი ბრუნვის 7%) შეუძლებელი იყო სრულყოფილად დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შემოწმებით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა, როგორც დოკუმენტური ფასნამატი, ასევე იგივე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი იგივე კატეგორიების მიხედვით, რომლის შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 14%.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 43 576 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №007-96 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 15 759,32 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმების და საურავების მოხსნას. 2022 წელს გახდა მძიმედ ავად, ამიტომ შეწყვიტა საქმიანობა. ამ დროისთვისაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოხსნილი არის დღგ-ის გადამხდელობიდანაც და ითხოვს გათვალისწინებული იქნას მისი მდგომარეობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს ფასნამატის და ფულის ნაშთის დაკორექტირებას.
2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმების და საურავების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმებით, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა, როგორც დოკუმენტური ფასნამატი, ასევე იმავე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი იგივე კატეგორიების მიხედვით.
გაანგარიშდა გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და დაიბეგრა დღგ-ით.ამასთან,დადგენილი სხვაობით გაიზარდა 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,136,159,161,269,275