გადაწყვეტილება №19038/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19038/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19038/2/2023

26.04.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19038/2/2023).

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.05.2022 წლის №12184 ბრძანების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 461 853 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 253 214

დღგ -51 393

მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-1 120)

მოგების გადასახადი - 10 412

საშემოსავლო გადასახადი - 189 610

ქონების გადასახადი - 2 919

ჯარიმა - 135 161

საურავი - 73 478

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში (გზების, ხიდების, ესტაკადების და სხვა) მშენებლობა, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება, ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისთვის, სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა, საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით კრედიტორებზე გადახდილი თანხები და დებიტორებიდან მიღებული თანხები, შესაბამისად მესამე პირებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მიხედვით მიწოდებული ინფორმაცია ნაწილობრივ არ ედრებოდა მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გადახდილ და მიღებულ თანხებთან დაკავშირებით, კერძოდ, არ დასტურდებოდა კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების ნაშთების ნაწილის არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, დირექტორზე გაცემულ, ხელფასის სახით დასაბეგრ თანხას გამოაკლდა ბუღალტრული პროგრამის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულება, დირექტორის წინაშე, 165 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

2. სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ გვერდზე არსებული ხელშეკრულებების, მიღებაჩაბარების აქტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლენილი სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

3. შესწავლილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საგადასახდო ორგანოს მიერ მოთხოვნილი გარკვეული სახის ინფორმაცია.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის ასახვა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №38113 ბრძანება და 10.12.2021 წლის №043-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა-10 №----------- ) ასახული დღგ-ის დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა ან/და აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დაბეგრილია კომპანიის მიერ, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა;

- მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N2 -სთვის გადაგზავნილია გაუქმებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-10 №--------(საოპერაციო პერიოდი 2019 წლის სექტემბერი), ხოლო ამ ეტაპზე მიმღების მიერ გაუქმების

დასტური კვლავ არ განხორციელებულა (ამავე პერიოდზე გამოწერილია 4 საგადასახადო ანგარიშფაქტურა განსხვავებული თანხებით). შესაბამისი ოპერაციის გაუქმების საფუძვლის არ არსებობის გამო ვერ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, მომჩივნის განმარტებაზე, რომ კომპანიის მართვაში მონაწილეობდა დირექტორის/დამფუძნებლის შვილი, რომელიც აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და შემმოწმებლებთან ურთიერთობას. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული პირი გარდაიცვალა კოვიდით. შესაბამისად, კომპანიამ ვერ შეძლო სრული პირველადი დოკუმენტების მიწოდება შემოწმების დასრულებამდე, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარადგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის: შედარების აქტები, ბუღალტრული ბარათები, რომლითაც რეალურად დადგინდება მომჩივანის რეალური საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის უკვე წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ, 11 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, მომჩივნის არგუმენტზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მიღება და გადახდა ნაწილობრივ არ ედრება მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ შესაბამის თანხებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში („ორის ბუღალტერია“), ზოგ შემთხვევაში დებიტორ-კრედიტორების საწყისი ნაშთი (1.01.2018 წ.) არ ედრება, ხოლო საბოლოო ნაშთი (28.02.2021 წ.) ედრება მესამე პირებისგან მოწოდებულ შესაბამის ნაშთებს. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ როგორც რეალურად მიღებული ან/და გაცემული თანხები არ არის გატარებული ბუღალტერიაში, ასევე რეალურად მიუღებელი ან/და გაუცემელი თანხებია გატარებული. აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთი მაგალითია შპს „N3“, რომელზეც მიწოდებული იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და საგადასახადო შემოწმების აქტშიც გათვალისწინებულია. ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილად მტკიცებულებები და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათ მიერ წარდგენილი იქნება დამოწმებული შედარების აქტები/ბუღალტრული ბარათები, რითაც რეალურად დადგინდება კომპანიის რეალური საგადასახადო ვალდებულებები.

დღგ-ის ნაწილში ზემოაღნიშნული აქტით დარიცხული ძირითადი თანხიდან 20 914.02 ლარის დარიცხვა გამოიწვია გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-10 №---------) დაუდასტურებლობამ. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არასწორად იქნა გამოწერილი და გაუქმდა, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებული და დაბეგრილია. ვინაიდან, ამ ეტაპზე მეორე მხარეს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსი ვერ ხერხდება გაუქმების დადასტურება. ამასთან, შემოწმების მიერ სადაოდ არ გამხდარა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ოდენობა და შესაბამისად გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა, რითიც აშკარად დასტურდება ის გარემოება, რომ გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სამუშაო არ შესრულებულა და შესაბამისად ჩამოწერილი არ აქვს სასაქონლომატერიალური ფასეულობები. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათ მიერ წარდგენილი იქნება შპს N2 (ს/ნ -------) ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება ის გარემოება, რომ ეა-10 № ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია შეცდომით და მისი გაუქმების დაუდასტურებლობის გამო, შემოწმების აქტით ერიცხება დამატებითი საგადასახადო ვალდებულება.

შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიის კუთვნილ და იჯარით აღებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ხშირ შემთხვევაში უწევს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით სათადარიგო ნაწილების შეძენა, რაც ვერ იქნა შემოწმების პროცესში წარდგენილი შემოწმებისთვის. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში წარდგენილი იქნება დამატებით მტკიცებულებები. ასევე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გაანგარიშებების ხელახალი გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.

ობიექტური მიზეზი რატომაც ვერ იქნა შემოწმების პროცესში წარდგენილი სრულად დოკუმენტაცია წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის შვილი, რომელიც ჩართული იყო კომპანიის საქმიანობაში, აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და ასევე შემმოწმებლებთან ურთიერთობას, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გარდაიცვალა კოვიდით, ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას საჩივრის განხილვისას.

ასევე, ვინაიდან შემოწმებით საბოლოოდ დადგენილი დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს, დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომელიც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი, თუმცა დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. ამდენად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა;

- მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს N2 -სთვის გადაგზავნილია გაუქმებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-10 №------- (საოპერაციო პერიოდი 2019 წლის სექტემბერი), ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე მიმღების მიერ გაუქმების დასტური კვლავ არ განხორციელებულა (ამავე პერიოდზე გამოწერილია 4 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა განსხვავებული თანხებით). შესაბამისი ოპერაციის გაუქმების საფუძვლის არ არსებობის გამო ვერ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.

ამასთან დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით მომჩივნის არგუმენტების საფუძველზე საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა (მათ შორის უკვე წარდგენილის) და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვაში მონაწილეობდა დირექტორის/დამფუძნებლის შვილი, რომელიც აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, აღნიშნული პირის გარდაცვალების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სრულყოფილად მტკიცებულებების წარდგენა, გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათ მიერ წარდგენილი იქნება დამოწმებული შედარების აქტები/ბუღალტრული ბარათები, რითაც რეალურად დადგინდება კომპანიის რეალური საგადასახადო ვალდებულებები. დღგ-ის ნაწილში 20 914.02 ლარის დარიცხვა გამოწვეულია გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-10 №-------) დაუდასტურებლობით. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არასწორად იქნა გამოწერილი და გაუქმდა, ხოლო შესრულებულ სამუშაოზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებული და დაბეგრილია. ვინაიდან, ამ ეტაპზე მეორე მხარეს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსი, ვერ ხერხდება გაუქმების დადასტურება. გადაწყვეტილების შემთხვევაში, წარდგენილი იქნება შპს N2-ის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება, რომ ეა-10 №------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია შეცდომით და მისი გაუქმების დაუდასტურებლობის გამო, შემოწმების აქტით ერიცხება დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიის კუთვნილ და იჯარით აღებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ხშირ შემთხვევაში უწევს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით სათადარიგო ნაწილების შეძენა, რაც ვერ იქნა შემოწმების პროცესში წარდგენილი. გადაწყვეტილების

შემთხვევაში, წარდგენილი იქნება დამატებით მტკიცებულებები. ასევე, ითხოვს, დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად.

ამგვარად, მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, ამჟამადაც წარმოადგენს და სადავო ხდის საკითხს, რომელიც მისი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან, მიუთითებს საკითხს, რომელ ნაწილშიც საჩივარი 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის და შესაბამისად ასახვას ვერ ჰპოვებდა 2022 წლის 6 ივლისის დასკვნაში, ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებად ჩაითვლებოდა, შესაბამისად სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, აღნიშნულ ნაწილში არ მოხდა შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.

რაც შეეხება მე-3 და მე-4 სადავო საკითხებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების ყოველმხრივი გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაანგარიშებების ხელახლა გავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

გადამხდელი აღნიშნავს ,რომ შემოწმების პერიოდში შპს კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის შვილი გარდაიცვალა კოვიდით,რომელიც ჩართული იყო კომპანიის საქმიანობაში და შემოწმების პროცესში ,მომჩივანი ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას საჩივრის განხილვისას.

ასევე ,გადამხდელი ითხოვს, დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მიხედვით მიწოდებული ინფორმაცია ნაწილობრივ არ ედრებოდა მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გადახდილ და მიღებულ თანხებთან დაკავშირებით, კერძოდ, არ დასტურდებოდა კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების ნაშთების ნაწილის არსებობა.

შედეგად გამოვლენილი სხვაობის თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

2.გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გადამხდელს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლენილი სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

3. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის ასახვა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.

რაც შეეხება მე-3 და მე-4 სადავო საკითხებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №12184 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების ყოველმხრივი გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101(1),154(1 "ა"),161(1 "ა"),175(1 ) ,275