გადაწყვეტილება №21825/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 21825/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21825/2/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----------ი (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21825/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის (სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის) დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31728 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 155 002.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 87 352

დღგ - 69 429

საშემოსავლო გადასახადი 17 923

ჯარიმა - 41 715

საურავი - 25 935.73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კომპიუტერული ტექნიკით, პერიფერიული მოწყობილობებით და აქსესუარებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან გამოთხოვილია ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და/ან პროგრამა, რაც გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები, რაც დაიყო ჯგუფებად, სულ 12 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფზე, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული წლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ყოველი წლის საწყისი და საბოლოო ნაშთების და შეძენის დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდა შესაბამისი წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად (შეძენების მიხედვით თითოეული ჯგუფის პროპორციული წილის მიხედვით) რაზეც გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატები. დაანგარიშდა საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

წარდგენილი ინფორმაციით (ბანკის ამონაწერები, სალაროში ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაციები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, შემდეგი მეთოდით: შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საპროცენტო ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დაემატა ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, სალაროს და ბანკის საწყისი ნაშთები და გამოაკლდა სალაროს და ბანკის საბოლოო ნაშთები, ასევე გამოაკლდა სხვა ხარჯები, ბანკის საკომისიო, საპროცენტო ხარჯი, გაცემული ხელფასები და დივიდენდები, ასევე გათვალისწინებულია ცნობის სახით წარდგენილი ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023 წლისათვის) სალაროში ფულის ნაშთი. აღნიშნული ფულის ნაშთის ფორმირება გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და განისაზღვრა ნაშთი ყოველი თვის მიხედვით, შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (ამ ნაწილში შემოსავალი განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებსა და საბანკო გადარიცხვით გადახდილ ხარჯს შორის სხვაობით, აღნიშნულის მიხედვით გონივრული ნაშთი განისაზღვრა ყოველთვიურად საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედით). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად. ხელფასად განხილული თანხები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.10.2023 წლის №24753 ბრძანება და ამავე თარიღის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.12.2023 წლის №31728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, მიაჩნია რომ არ არის სამართლიანი, საჩივრის განხილვისას მხედველობაში არ იქნა მიღებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება შემოწმების განხორციელებისას ეფექტურად ეთანამშრომლა აუდიტის სამსახურთან კომპანიის ბუღალტრის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზედაც წარდგენილია მტკიცებულება (საავადმყოფო ფურცელი), არაეფექტურმა კომუნიკაციამ გამოიწვია ის, რომ რეალიზაციის შესაბამისი დოკუმენტები და ინფორმაცია ვერ იქნა მიწოდებული აუდიტებთან, რამაც გამოიწვია კომპანიის არასამართლიანი დაბეგვრა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე.

შემოწმების მიმდინარეობას კომპანიამ ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ჯეროვანი და დროული კომუნიკაცია აუდიტორთან, რის შედეგადაც ფასნამატი დადგინდა არასწორად. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს მიეცეს საშუალება ეფექტური თანამშრომლობით დადგინდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები სამართლიანად.

ფასნამატს, რომელიც არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფიზიკურ პირებთან მთლიან პერიოდზე, გაყიდვების საშუალო ფასნამატი 2020-2021 წლებში იყო 10%; 2022-2023 წლებში საკმაოდ დიდი მოცულობის საქონლის რეალიზაცია განხორციელდა თვითღირებულებაზე უფრო ნაკლებ ფასად, რადგან პანდემიის დასრულებისთანავე გაუფასურდა კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც პანდემიის პერიოდში იყო გაძვირებული და დეფიციტური. აღნიშნული დეფიციტის გამო 2020-2021 წლებში კომპანია ახორციელებდა დიდ შესყიდვებს, რომ მარაგები ჰქონოდა, თუმცა 2021 წლის სექტემბრიდან შესყიდული საქონელი 2-3 თვეში გაუფასურდა, რადგან პანდემია დასრულდა და ძალიან ბევრი ტექნიკა შემოვიდა ბაზარზე. წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებებს, რომლითაც დასტურდება, რომ რეალიზაცია ვეღარ განხორციელდა ფასნამატით და აღნიშნული მოდელები იყიდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში, რადგან საბაზრო ფასი იყო დაბალი (ინტერნეტ მაღაზიები აღნიშნულ მოდელებს დაბალ ფასებში ჰყიდდნენ). პარალელურად ჰქონდა კომუნიკაცია მომწოდებლებთან რომელთანაც ერიცხებოდა დიდი დავალიანება აღნიშნული მარაგების შესყიდვის გამო, კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა რომ მათ უკან დაებრუნებინათ ნაწილი მაინც ამ პროდუქციის, რადგან დავალიანების დაფარვას ვერ ახერხებდა, თუმცა მათ უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. რის გამოც მოუწია საბანკო სესხის აღება 200 000 ლარის ოდენობით, რომ დაეფარა ეს ვალდებულებები. შემდეგ უკვე დახმარება ბრენდების რეგიონალურ წარმომადგენლებს თხოვა, კერძოდ lenovo-ს და acer-ის წარმომადგენლებს, რომ მხარდაჭერა მიეღო მათგან ამ ზარალის დასაფარად. მტკიცებულების სახით წარმოადგენს მიმოწერებს და ასევე ნაშთებს იმ მომენტისთვის რაც ჰქონდა, პროდუქცია 5%-დან 40%-მდე მინუსში იყიდებოდა.

საგადასახადო შემოწმების დროს დოკუმენტურად გაყიდული თვითღირებულებაზე იაფად პროდუქცია გაითვალისწინეს ფასნამატის გამოყვანის დროს, მაგრამ ფიზიკურ პირებზე გაყიდული პროდუქცია ასევე ზარალით ვერ გაითვალისწინეს, რადგან მტკიცებულებები ვერ მიაწოდა. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით წარმოადგენს შემდეგ მტკიცებულებებს: ყველა ფიზიკური პირის გაყიდვაზე გაცემულია საგარანტიო ტალონები, რომლშიც მითითებულია სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ბანკით გაყიდვის შემთხვევაში პირადი ნომერიც, გაყიდული საქონლის სერიული ნომერი, ასევე ყოველდღიური მუშაობის პრაქტიკული ფურცელზე მიწერილია სარეალიზაციო თანხა და გაანგარიშებულია მოგება თითო მოდელზე, რომელსაც წარმოადგენს სრულად და იქნება საშუალება პირადად გადამოწმების მიზნით დაუკავშირდეთ ფიზიკური პირებს, რომელთაც შეიძინეს საქონელი.

საგარანტიო ტალონის გარეშე გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე სერვის ცენტრი მომხმარებელს არ ემსახურება, შესაბამისად ყველა მომხმარებელზე გაცემულია ჩეკი და სალარო აპარატის დაჯარიმების არცერთი ფაქტი არ არსებობს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის რეალიზაციის მასშტაბი, დღეში 1-5 გაყიდვა, იძლევა საშუალებას, რომ აუდიტებთან ეფექტური თანამშრომლობის შემთხვევაში დადგინდეს თითოეული ტრანზაქცია ფიზიკურ პირებთან განხორციელდეს მათთან დაკავშირება და სარეალიზაციო თანხის გადამოწმება და შესაბამისად სწორი მარჟის დადგენა. შემოსავლების სამსახურმა საკმარისად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები, რაც დაიყო ჯგუფებად, სულ 12 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფზე, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული წლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ყოველი წლის საწყისი და საბოლოო ნაშთების და შეძენის დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდა შესაბამისი წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად (შეძენების მიხედვით თითოეული ჯგუფის პროპორციული წილის მიხედვით), რაზეც გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასნამატები. დაანგარიშდა საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილება არ მიუღია კომპანიის საცალო გაყიდვებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია შემმოწმებელს ვერ მიეწოდა შემოწმების განმავლობაში, საცალო გაყიდვებზე კომპანიას აქვს გაცემული საგარანტიო ტალონები, სადაც მითითებულია მყიდველის მახასიათებლები, პირადი ნომერი, სახელი გვარი, რეალიზაციის თანხა, ტელეფონის ნომერი, შესყიდვის ობიექტი და ფაქტობრივად უტოლდება სასაქონლო ზედნადებს. აი, ამგვარი რეალიზაციები არის უგულებელყოფილი და არ მონაწილეობს მარჟის დათვლაში.

ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, რაც რეალიზაციის უდიდეს ნაწილს შეადგენს, შემმოწმებელიც შესაბამისად დარწმუნდეს მათ სისწორეში და კომპანიის ეფექტური თანამშრომლობის გზით შესაძლებელი გახდეს საგადასახადო ვალდებულებების სწორად გაანგარიშება და წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე გაუქმდეს სადავო აქტები და დაკორექტირდეს დარიცხული საგადასახადო დავალიანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

21.03.2024 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით კომპანიას არ ჰქონდა საშუალება შემოწმების განხორციელებისას ეფექტურად ეთანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, კომპანიის ბუღალტრის მდგომარეობიდან (მშობიარობიდან) გამომდინარე. აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ ზემოაღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილება არ მიუღია კომპანიის საცალო გაყიდვებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია შემმოწმებელს ვერ მიეწოდა შემოწმების განმავლობაში, საცალო გაყიდვებზე კომპანიას აქვს გაცემული საგარანტიო ტალონები, სადაც მითითებულია მყიდველის მახასიათებლები, პირადი ნომერი, სახელი გვარი, რეალიზაციის თანხა, ტელეფონის ნომერი, შესყიდვის ობიექტი და ფაქტობრივად უტოლდება სასაქონლო ზედნადებს. ამდენად, ამგვარი რეალიზაციები არის უგულებელყოფილი და არ მონაწილეობს მარჟის დათვლაში.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას შედგა კომუნიკაცია მომჩივნის წარმომადგენელთან, გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, რაც დეტალურად იქნა გავლილი მომჩივანთან ერთად და მისი არგუმენტის და პანდემიის გათვალისწინებით დაკორექტირდა აღნიშნულ ცხრილებში ასახული მონაცემები ჯგუფების მიხედვით ე.წ. მინუსიანი ფასნამატებით. აღნიშნული კორექტირებული ცხრილიც გაეგზავნა მომჩივანს და მიეცა ერთი თვის ვადა დამატებითი დოკუმენტების წარსადგენად, რაც არ წარუდგენია.

მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა ერთობლივად გადახედონ/შეისწავლონ სადავო საკითხი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანმა წარადგინა ცხრილები, სადაც დაზუსტებულია საქონლის კოდები (კომპიუტერულ ტექნიკას და აქსესუარებს მინიჭებული აქვს კოდები), ჯგუფები და რამდენიმე ფასნამატი.

მომჩივანი ელექტრონული ფოსტით წარმოადგენს ცხრილებს და განმარტავს, რომ საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, კერძოდ, შემოწმების შედეგად შემოსავლების გაანგარიშების ცხრილში აღმოჩენილია შეცდომები, შედგენილ ჯგუფებში არასწორად არის მიკუთვნებული პროდუქცია. ასევე, არის შეცდომები თვითღირებულების დადგენის ნაწილში. ცხრილებში გადამხდელის მიერაც არის დაშვებული ტექნიკური შეცდომები, რამაც გამოიწვია ზოგიერთი პროდუქტის არალოგიკური ფასნამატი. აღნიშნულ ცხრილებში, დეტალური და სრულყოფილი შესწავლის შემდეგ, შეიძლება ზოგიერთი მონაცემი დაკორექტირდეს.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული (მათ შორის (საბოლოო) ცხრილის სახით) ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31728 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული (მათ შორის (საბოლოო) ცხრილის სახით) ინფორმაცია;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №6570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ,შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან გამოთხოვილია ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და/ან პროგრამა, რაც გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

წარდგენილი ინფორმაციით (ბანკის ამონაწერები, სალაროში ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაციები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად. ხელფასად განხილული თანხები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №24753 ბრძანება და №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №31728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული (მათ შორის (საბოლოო) ცხრილის სახით) ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);