გადაწყვეტილება №18749/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18749/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 31.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18749/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20377 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20380 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20381 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
7. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20383 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
8. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20374 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
9. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
10.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20378 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
11.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC20379 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
12.შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33023 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 11 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში --------------ის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ 11 სატრანსპორტო საშუალებაზე დაირღვა დეკლარირების ვადა, კერძოდ:
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის სხვადასხვა პერიოდი.
ვინაიდან, მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივნის მიმართ 29.11.2022 წელს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2022 წლის №33023 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის და დეკლარირების ვადების დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის ევაკუატორის მძღოლი ახდენს მანქანების გადაყვანას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რამდენიმე მანქანა რომლის ტრანსპორტირება მოახდინა თბილისამდე არ განბაჟდა და არ გაიარა დეკლარირება ეს მანქანები პატრონებს ჩააბარა, ასე ხდება მის საქმიანობაში აბარებს მეპატრონეებს და ისინი ანბაჟებენ მანქანებს, რადგან არცერთი მეპატრონე არ აძლევს იმის უფლებას რომ განაბაჟოს რომელიმე მანქანა. ეს მანქანები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, მისი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ მანქანების ტრანსპორტირებას. ითხოვს საბაჟო ორგანო იმ მანქანების განბაჟებას რომლებიც წლების წინ დაუტოვა მეპატრონეებს, მათ ვის სახელზეც იყო ჩამოსული ეს მანქანები. მთელი ცხოვრება კანონმორჩილი ადამიანია იხდის ყველა გადასახადს რაც ეკისრებოდა სახელმწიფოს წინაშე, ამდენი წლის განმავლობაში მსგავსი პრობლემის წინაშე არასოდეს ყოფილა, ამ ამბავმა უდიდესი ფსიქოლოგიური ზიანი მოუტანა მას და მისი ოჯახის წევრებს, ერთადერთი გამოსავალი, რაც იპოვა არის ის, რომ აღარ ემსახურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რადგან ასეთი პრობლემა მხოლოდ მათ მანქანებზე შეექმნა.
ფიქრობს, რომ ამ მანქანებს შლიან და ყიდიან ნაწილებად რითიც შეუძლია დახმარება მაქსიმალურად ეცდება. ცადა მეპატრონეებთან დაკავშირება, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ეუბნებიან საქართველოში არ იმყოფებიან მეტიც ზოგიერთი მათგანი არის ძებნაში. ითხოვს დახმარებას.
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ---------------- არის მათი პირდაპირი წარმომადგენელი. საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.“ საბაჟო კოდექსით პირდაპირ წარმომადგენელს პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე არ ეკისრება. საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.“
მხოლოდ სამ შემთხვევაში მიიჩნევა პირი ირიბ წარმომადგენლად:
1. როდესაც პირი განაცხადებს, რომ არის ირიბი წარმომადგენელი, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია;
2. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, რასაც ასევე არ აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი, რადგან მან წარადგინა საბაჟო დეპარტამენტში მინდობილობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით და
3. აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, რასაც ასევე არ აქვს ადგილი, რადგან მას თან ჰქონდა მინდობილობა, რომელიც წარადგინა საბაჟო დეპარტამენტში, შესაბამისად, გააჩნდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი მხრიდან მინდობილობის წარდგენით ნათლად და მკაფიოდ იყო გაცხადებული შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის, რომ იყო პირდაპირი წარმომადგენელი.
ტერმინი პირდაპირი და ირიბი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მისთვის უცნობი იყო, რადგან არ არის იურისტი და არ იცის საბაჟო რეგულაციები და არც ევალებოდა მისი ცოდნა, რადგან ავტომობილი მას არ ჩამოუყვანია უცხოეთიდან, მას არ უნდა განებაჟებინა იგი და არც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა გარდა ავტომობილების ტრანსპორტირებისა, შესაბამისად, არც მოეთხოვებოდა, რომ გარკვეული ყოფილიყო საბაჟო კანონმდებლობაში.
შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არ იყო პირი ვისაც შეიძლება დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, საბაჟო დეპარტამენტმა და არც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა აღნიშნულზე საერთოდ არ იმსჯელა, არ განსაზღვრეს თუ რა ტიპის წარმომადგენელი იყო, პირდაპირი თუ ირიბი და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე მიიღეს ზემოაღნიშნული. თუნდაც განხილულიყო ირიბ წარმომადგენლად, იმის გამო, რომ არ აქვს და არც მოეთხოვებოდა საქმიანობიდან გამომდინარე საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა და რაიმე დარღვევას განზრახ არ ჩაიდენდა, უნდა გაეთავისუფლებინა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და საბაჟო დეპარტამენტს პასუხისმგებლობისაგან, რადგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად „საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.“
აღნიშნული ავტომობილები არ იცის სად არის და რა მოუვიდა მას. ის არასოდეს იყო არც მისი საკუთრება და არც ჩამოყვანით ჩამოუყვანია მას, შესაბამისად, გაურკვეველია როგორ უნდა წარმოადგინოს ავტომობილი და საიდან უნდა ფლობდეს ინფორმაციას ავტომობილის ადგილსამყოფელის შესახებ. თუ ვის გადასცა ავტომობილები ამას კონკრეტულად უთითებს და ასევე თუ ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, აგრეთვე, წარმოდგენილი აქვს მინდობილობა. მინდობილობა, რომ არ ჰქონოდა წარდგენილი იმის გამო, რომ არ იცის საბაჟო კანონმდებლობა, თავად საბაჟო დეპარტამენტს შეეძლო და უნდა მოეთხოვა მინდობილობა საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - „საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“ თუმცა, მისი მხრიდან წარდგენილი იყო მინდობილობა და მიუხედავად ამისა მაინც დაეკისრა პასუხისმგებლობა, როცა მას დარღვევა არ ჩაუდენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. ითხოვს სრულად გათავისუფლდეს არსებული ჯარიმებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, არ არსებობს სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.