გადაწყვეტილება №18615/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18615/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18615/2/2023

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18615/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №21-10/87198 წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32550 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 039 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 42 471

დღგ - 33 586

იმპორტის გადასახადი - 8 885

ჯარიმა - 42 472

საურავი - 96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

15.10.2021 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში შევიდა №„--------“ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი საქონელი (პლასტმასის პროფილები – საბაჟო ღირებულება 56 624,7 აშშ დოლარი). აღნიშნულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა № „------“ (15.10.2021წ.) აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“.

 

კომპანიის 18.10.2021 წლის № „------“ განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გეზი „----------ის გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში (მის.: ქ. -------- მიმდებარე ტერიტორია), სადაც განხორციელდა იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა, საქონლის ჩამოტვირთვა და განკარგვა.

19.10.2021 წელს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. გამოვლენილი ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2021 წლის №EL146717 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 42 471,56 ლარის ოდენობით.

ამასთან, გამოიცა 20.10.2021 წლის №EL11116/11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კომპანიას იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 42 471,56 ლარი (დღგ 33 586,3 ლარი; იმპორტის გადასახადი 8 885,26 ლარი), ასევე საურავი 96,25 ლარი. ამასთან, ვინაიდან ვერ მოხერხდა საქონლის იდენტიფიცირება არ იქნა გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი (CT-1 „------“ (8.10.2021წ.))

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 21.10.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.11.2021 წლის №34738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო მოთხოვნა 10.11.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.01.2022 წლის №313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2021 წლის №34738 და 14.01.2022 წლის №313 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2022 წლის 3 თებერვლის №14964/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 ნოემბრის №34738 და 2022 წლის 14 იანვრის №313 ბრძანებები და საჩივრები დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტმა შეისწავლოს, გაანალიზოს წარდგენილი დოკუმენტები და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, იმ საქონელთან, რომელზეც არსებობს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 20.10.2021 წლის №EL146717 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება (შემცირება), ხოლო საქონლის იდენტიფიცირების შემთხვევაში, იმსჯელოს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის (CT-1„--------“ (8.10.2021წ.)) გათვალისწინების შესაძლებლობაზე. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს №EL11116/11 (№024-11) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №21„--------“ წერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან შეუძლებელი იყო უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს 20.10.2021 წლის №EL146717 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირების (შემცირება) განხორციელების და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის (CT-1 „------“ (8.10.2021წ.)) გათვალისწინების შესაძლებლობაზე მსჯელობის საფუძველი.

საბაჟო დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №21- „------“ წერილი 22.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32550 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №21-10/87198 გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ტვირთი იყო წინასწარი დეკლარირებული, რომელიც დახარვეზდა სატრანსპორტო ინვოისის გამო. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრამდე სატრანსპორტო საშუალებამ გადმოკვეთა საზღვარი„--------“-ში , სადაც მძღოლს განუმარტეს რომ უნდა მისულიყო გეზში. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლი არის „--------“ მოქალაქე და ვერ საუბრობს „--------“-ის გარდა ვერცერთ ენაზე, ვერ გაიგო მებაჟე ოფიცრის მითითება და შევიდა კომპანიის საწყობში, ამასობაში უკვე გასწორებული იყო დახარვეზებული დოკუმენტაცია. ამ ყველაფერს წუთობრივად დაემთხვა სხვა ტვირთის მიღება „--------“-ის რესპუბლიკიდან. კომპანიამ არ იცოდა რომ საქონელს არ ჰქონდა დასრულებული საბაჟო პროცედურები. მძღოლთან გასაუბრება ვერ მოხერხდა ენის ბარიერის გამო ორივე ტვირთის საბუთები მიიღეს ერთდროულად და ჩათვალეს რომ ყველაფერი იყო წესრიგში და დაიცალა ორივე მანქანიდან ტვირთი კომპანიის კუთვნილ საწყობში. „--------“- ის კომპანია „--------“-ის ტვირთი რომ არ იყო განბაჟებული შეიტყო მებაჟე-ოფიცრისაგან იმ დროს როდესაც „--------“ მძღოლმა გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა „--------“- ის მიმართულებით. სიტუაციის გასარკვევად, კომპანიის წარმომადგენელი გამოცხადდა გეზში, სადაც დაუდასტურეს, რომ კომპანიის კუთვნილ ტვირთს არ ჰქონდა დასრულებული საბაჟო პროცედურები.

კომპანიაში მოვიდა საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, რომელსაც აჩვენეს საწყობში ჩამოტვირთული და დასაწყობებული პროდუქცია, ასევე განუმარტეს, რომ მხლოდ ერთი ზედნადებით № „------“ იყო გაწერილი მიღებული პროდუქცია და პროდუქციის მყიდველმა კომპანიის თხოვნით არ მოახდინა მისი რეალიზაცია და შესაძლებელია ტვირთის ნახვა და აღრიცხვა, რაზეც მიიღეს უარი. აღნიშნული დარღვევა არ იყო წინასწარ განზრახული, არამედ იყო უნებლიე შეცდომა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ტვირთი წინასწარ იყო დეკლარირებული. კომპანია ერთმა უნებლიე და არა დაგეგმილმა, არამედ მძღოლის შეცდომამ ჩააგდო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დაკისრებული ჯარიმის გადახდისათვის საჭიროა კომპანიამ 5-ჯერ მოახდინოს იგივე რაოდენობის და თანხის ტვირთის შემოტანა, რათა შეძლოს დაკისრებული სანქციის გადახდა, ამასთან სრულიად შეუძლებელია იმავე პერიოდში სხვა ხარჯის გაწევა, თუნდაც ხელფასის.

საბაჟო ოფიცერმა რომელსაც უნდა მოეხდინა ტვირთის იდენტიფიცირება, არ გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა, მას შეეძლო მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, გადათვლა, უბრალოდ დაიზარა და აღმოჩდნენ მძიმე მდგომარეობაში. ეს არაა გამოუსწორებელი შეცდომა, ეს არაა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, ესაა უნებლიე შეცდომა, რომელიც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი.

ამასთან, საწარმოში მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებს სათვალთვალო კამერა, რომლის ჩანაწერი, მახსოვრობის ბარათზე, ერთვის ყველა საჩივარს და განცხადებას, რომელიც ასახავს საწყობში „--------“ კომპანიის პროდუქციის მიღება-ჩამოტვირთვას, რომელზეც ყოველთვის მიიღეს პასუხი რომ ვერ ან არ გაიხსნება მეხსიერების ბარათი, მიუხედავად მოთხოვნისა ვერ მიიღეს პასუხი, როგორი ფორმატით უნდა წარედგინათ მახსოვრობის ბარათზე ჩანაწერი, რომ მომხდარიყო აღნიშნულის გახსნა.

ამასთან შემოსავლების სამსახურს ბრძანების გამოცემამდე არ უცნობებია, რომ ვერ შეძლო მეხსიერების ბარათის გახსნა ტექნიკური ხარვეზის გამო. კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ არ იყო დასრულებული საბაჟო პროცედურები, ჩამოცალეს და დაასაწყობეს კომპანიის სასაწყობე ტერიტორიაზე, თუმცა აღსანიშნია, რომ მსგავსი სახის საქონელი პირველად მიიღო კომპანიამ,შესაბამისად არ გააჩნდა ნაშთი და მარტივი იყო მისი იდენტიფიცირება, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში კომპანიის მიერ წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები). აღნიშნული დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით შეუძლებელია კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, დოკუმენტებში მითითებული სხვადასხვა დასახელების საქონელი წარმოადგენს თუ არა №„--------“ (15.10.2021წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს (პლასტმასის პროფილები). ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიას 2021 წლის დასაწყისიდან 15 ოქტომბრამდე უფიქსირდება იდენტური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის 3 ფაქტი, მათ შორის ერთი (კარ-ფანჯრის პროფილი 9 300 კგ. 13 602 მეტრი) იგივე გამომგზავნი კომპანიიდან. იმ ნაწილში რომ იგივე კომპანიიდან აქვს პროდუქცია მიღებული ეთანხმება, დიახ ის პროდუქცია იყოს პლასტმასის პროფილები, ოღონდ სხვა სახელწოდებით, რომელიც განხილვისას ასევე არ იქნა გათვალისწინებული.

ასევე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები), რომელთა შესწავლისა და ანალიზის შედეგად შესაძლებელია კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, რომ დოკუმენტებში მითითებული სხვადასხვა დასახელების საქონელი წარმოადგენს თუ არა №„--------“ (15.10.2021წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს (პლასტმასის პროფილებს).

ითხოვს კიდევ ერთხელ იქნას შესწავლილი სადავო საკითხის და განხორციელდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის კორექტირება და საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინება. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს ყველა პირველადი დოკუმენტაცია. კომპანია ხელს შეუწყობს მოხდეს კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება, რის შემდგომაც დაკორექტირდება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამასთან, საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით) მინიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოს სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

3.02.2022 წლის №14964/2/2021 გადაწყვეტილებაში საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის არგუმენტზე რომ არსებობს საბაჟო ორგანოს მიერ უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონლად მიჩნეულ საქონელზე მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და რომლითაც შესაძლოა განხორციელდეს საქონლის იდენტიფიცირება, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის ნამსჯელი შეფარდებული ჯარიმის კორექტირების შესაძლებლობაზე საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და ასევე არ უმსჯელია აღნიშნული ფაქტით საქონლის იდენტიფიცირების შემთხვევაში საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის (CT-1 „--------“ (8.10.2021წ.)) გათვალისწინებაზე.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურისთვის განსახილველად დაბრუნებულ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს, გაანალიზოს წარდგენილი დოკუმენტები და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, იმ საქონელთან, რომელზეც არსებობს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 20.10.2021 წლის №EL146717 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება (შემცირება), ხოლო საქონლის იდენტიფიცირების შემთხვევაში, იმსჯელოს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის (CT-1 „--------“ (8.10.2021წ.)) გათვალისწინების შესაძლებლობაზე. საბაჟო დეპარტამენტს ასევე, დაევალა ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს №EL11116/11 (№024-11) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში კომპანიის მიერ №„--------“(3.05.2022წ.) და №„--------“ (20.05.2022წ.) განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები). აღნიშნული დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით შეუძლებელია კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, დოკუმენტებში მითითებული სხვადასხვა დასახელების საქონელი წარმოადგენს თუ არა №„--------“(15.10.2021წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს (პლასტმასის პროფილები). ამასთან, კომპანიას 2021 წლის დასაწყისიდან 15 ოქტომბრამდე უფიქსირდება იდენტური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის 3 ფაქტი, მათ შორის ერთი (კარ-ფანჯრის პროფილი 9 300 კგ., 13 602 მეტრი) იგივე გამომგზავნი კომპანიიდან (OOO „-------“). ვინაიდან შეუძლებელი იყო უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ არსებობს 20.10.2021 წლის №EL146717 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირების (შემცირება) განხორციელების და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის (CT-1 „--------“ (8.10.2021წ.)) გათვალისწინების შესაძლებლობაზე მსჯელობის საფუძველი.

მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა ვერ მოახდინა საქონლის იდენტიფიცირება იმისა და მიუხედავად, რომ ნახა საწყობში ჩამოტვირთული და დასაწყობებული პროდუქცია და განემარტა, რომ მხოლოდ ერთი ზედნადებით №„--------“იყო გაწერილი მიღებული პროდუქცია და პროდუქციის მყიდველმა კომპანიის თხოვნით არ მოახდინა მისი რეალიზაცია. აღნიშნული იყო უნებლიე შეცდომა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ტვირთი წინასწარ იყო დეკლარირებული. მსგავსი სახის საქონელი პირველად მიიღო კომპანიამ, შესაბამისად არ გააჩნდა ნაშთი და მარტივი იყო მისი იდენტიფიცირება, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული. საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ კომპანიას 2021 წლის დასაწყისიდან 15 ოქტომბრამდე უფიქსირდება იდენტური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის 3 ფაქტი, მათ შორის ერთი (კარ-ფანჯრის პროფილი 9 300 კგ. 13 602 მეტრი) იგივე გამომგზავნი კომპანიიდან. იმ ნაწილში რომ იგივე კომპანიიდან აქვს პროდუქცია მიღებული ეთანხმება, დიახ ის პროდუქცია იყოს პლასტმასის პროფილები, ოღონდ სხვა სახელწოდებით, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. ითხოვს კიდევ ერთხელ იქნას შესწავლილი სადავო საკითხი, მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ყველა პირველადი დოკუმენტი და კომპანია ხელს შეუწყობს მოხდეს კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება, რის შემდგომაც დაკორექტირდება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოს სანქციისაგან.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით აღრიცხვის მოწმობაში საქონლის დასახელება მითითებულია პლასტმასის პროფილები, ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილ (1.07.2021 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდის) სასაქონლო ზედნადებებში საქონლის დასახელებები მითითებულია დეტალურად (მაგ. ფანჯრის პროფილი (26*31*26 (მოთუთიებული ნაგლინისაგან)), ფენსტეჩი ჩარჩო თეთრი, ფენსტეჩი ტიხარი თეთრი, ფენსტეჩი ფანჯარა თეთრი, ფენსტეჩი კარები თეთრი, ფენსტეჩი შტაპიკი, ფენსტეჩი ტიხრის ბალიში, ფანჯრის პროფილი (25X25X25; 27X29X27; (მოთუთიებული ნაგლინისაგან)), სამარეზი, სახელური ფანჯრის თეთრი, სახელური კარის თეთრი, საკეტი, სარკმლის ჩამკეტი პლასტმასის თეთრი, ფენსტეჩი ჩარჩო თეთრი და ა.შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დაიდენტიფიცირდა საქონელი, ვერ დაკორექტირდა ჯარიმის თანხა და ვერც განკარგულ საქონელზე სერტიფიკატის გათვალისწინება მოხდა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით შეუძლებელია კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, დოკუმენტებში მითითებული სხვადასხვა დასახელების საქონელი წარმოადგენს თუ არა №„--------“ (15.10.2021წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს (პლასტმასის პროფილები), საბჭოს მიაჩნია რომ შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.04.2022 წლის №10382 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.