ბრძანება N 6036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 6036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6036

20 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №87319/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სრულად არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმებით დაბეგრილია 9 000 კგ. თხევადი აირის რეალიზაცია, რომელიც რეალიზებული იქნა ფიზიკურ პირებზე და ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. თხევადი აირის რეალიზაცია ხორციელდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც რეალიზებულია დოკუმენტურად და მიწოდებულია თხევადი აირის ნაშთთან ერთად.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დაბეგრილია ყველა განაცემი. აუდიტორმა დააფიქსირა განკარგვადი თანხა, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემმოწმებლის განმარტებით არასრულად იქნა წარმოდგენილი ბანკის ამონაწერები. მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიერ ბანკის ამონაწერები დანაწევრებული სახით წარმოდგენილი იქნა რამდენჯერმე, თუმცა შემმოწმებელმა მათი გაერთიანება ვერ მოახერხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7212 და 2 ოქტომბრის №24211 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2023 წლის 25 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 დეკემბრის №32758 ბრძანება და 26 დეკემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 429 320 ლარი, მათ შორის, გადასახადი 251 541 ლარი, ჯარიმა 134 455 ლარი, საურავი 43 324 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტებით საბითუმო/საცალო ვაჭრობა. ახორციელებს როგორც იმპორტირებული (50%), ასევე, ადგილობრივი საქონლის შეძენა-რეალიზაციას. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ან აღრიცხვის რაიმე სახის მასალა (დებიტორ-კრედიტორები, სალაროს მოძრაობის ამსახველი მასალა, საქონლის მოძრაობა და ა.შ.). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის დაჯარიმდა სამჯერ, მათ შორის, მესამედ გაზრდილ პერიოდზე. შემოწმების პროცესში კომპანიის კონტრაგენტებისგან (მომწოდებლების/მყიდველები) გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიწოდებული/გაცემული საქონლის შესახებ, ასევე გადახდების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით, შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც შემოწმებით მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. ბუნებრივი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია. აღნიშნული ბრუნვა დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 შემოწმების მიერ გამოვლენილი საკითხების და ხელთ არსებული მასალების (გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაცია, სალაროს ინვენტარიზაციის ნაშთი - პერიოდის ბოლოს 1 000 ლ.) მიხედვით გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა განკარგვადი თანხა. სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სადავო საკითხებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით, შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად, მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. ბუნებრივი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია.

 შემოწმებით გამოვლენილი საკითხების და ხელთ არსებული მასალების მიხედვით გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით, შემოწმებით დადგინდა დაუდეკლარირებელი საქონლის ნაშთი (ბენზინი) 194 805 ლიტრის ოდენობით, რომელიც მიწოდებულად განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ პროდუქციაში საბითუმო/საცალო წილის პროპორციულად, მისსავე დოკუმენტებში დაფიქსირებული გასაყიდი ფასების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 000 კგ. თხევადი აირი, ასევე, გაზგასამართი სადგურის ინვენტარი. აღნიშნული ინვენტარი გადამხდელმა ერთ თვეში გაყიდა სხვა კომპანიაზე, ხოლო შეძენილი აირიდან დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 000 კგ. საწვავი. შემოწმების პროცესში სარეალიზაციო პუნქტებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გადამხდელს საწვავის ნაშთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც დარჩენილი 9 000 კგ. ბუნებრივი აირი ჩაითვალა რეალიზებულად იმ პერიოდში, როცა მოხდა მიღებული ინვენტარის (გაზგასამართი სადგურის მოწყობილობა) რეალიზაცია.

 შემოწმებით გამოვლენილი საკითხების და ხელთ არსებული მასალების მიხედვით გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფულის ნაშთის და ფულის მოძრაობის ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)