ბრძანება N 11089
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11089
30 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (სნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 10 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილს და 15 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №30 და №39) განიხილა შპს „-------“ (სნ -------) №95024/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №005-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 აგვისტოს N2/25812-22 განჩინებით, შპს „-------“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რეაბილიტაციის რეჟიმით. ამასთან, კომპანიის მიმართ კრედიტორული მოთხოვნების არსებობის დასადგენად დაიწყო სავარაუდო კრედიტორების მოძიება, მათ შორის 2023 წლის 10 იანვარს, წერილობით მიმართეს სსიპ შემოსავლების სამსახურსაც და მოითხოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, შპს „-------“ მიმართ რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილი კრედიტორული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, წარმოედგინა აღნიშნული მოთხოვნა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით), მისი კრედიტორთა რეესტრში ასახვის მიზნით. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურისგან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია და რეაგირება არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს ვადას, რომლის დარღვევით დაყენებული მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა. კერძოდ, კრედიტორმა, რომელიც თვლის, რომ გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი სუბიექტის მიმართ, ვალდებულია, ასეთი მოთხოვნა წარმოადგინოს არაუგვიანეს, რეჟიმის გახსნიდან ერთი წლისა. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნა დააყენა 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, რაც ცალსახად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, შპს „-------“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა 2022 წლის 24 აგვისტოს, ხოლო, ერთწლიანი ვადა გავიდა 2023 წლის 24 აგვისტოს.
შემოწმების აქტში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ საშუალო ფასნამატად, წლის ჭრილში, დადგენილ იქნა 9-10-11%, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტებით, საშუალო ფასნამატი არ აღემატებოდა 6-7%-ს. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება კრედიტორების მიერ ავანსად გაცემულ თანხებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვებს და განმარტავს, რომ შემოწმების ყველა ეტაპზე, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა აუდიტორთან, ვარაუდობს, რომ საუბარია კომპანიის კრედიტორთა რეესტრში ასახულ კრედიტორებზე, რომლებმაც გარკვეული თანხები ნამდვილად ჩარიცხეს კომპანიის ანგარიშზე, ავანსის სახით, თუმცა, მცდარია მტკიცება, რომ აღნიშნული ავანსები, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომანქანების სანაცვლო მიწოდებას არ ქონია ადგილი, დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან და გაკეთებული განმარტებებიდან ირკვევა, აღნიშნული ავანსებით კომპანიის წარმომადგენლებს ცენტრებიდან გამოჰყავდათ უფრო დაბალი ღირებულების, მაგრამ რაოდენობით მეტი ავტომანქანა და ახდენდნენ მათ რეალიზაციას, რაც შესაბამისად აისახა კომპანიის ბრუნვაში. ამიტომ, ცალკე ამ ეპიზოდის გამოყოფა არ მიაჩნია მართებულად.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აქტში მოყვანილი გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული. აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება თანხების დარიცხვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27675 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „-------“ (სნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ავტომობილების ნაწილში:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27675 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 მარტის №005-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ავტომობილები (ვინ კოდი -------; -------; -------; -------; -------; -------; -------) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი და გაყვანილია სხვა პირების სახელით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ავტომობილებმა (7 ავტომობილი), რომელიც საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით გასულია საქართველოს ტერიტორიიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (სნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ავტომობილებმა (7 ავტომობილი), რომელიც საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით გასულია საქართველოს ტერიტორიიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის განსაზღვრას და კრედიტორების მიერ ავანსად გაცემულ თანხებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვებს
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27675 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ავტომობილებმა (7 ავტომობილი), რომელიც საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით გასულია საქართველოს ტერიტორიიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;