ბრძანება N 20912
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20912
23 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 31 ივლისის და 4 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------1) 2026 წლის 31 ივლისის №103814/1/2026 და 4 აგვისტოს №103859/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №007-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის საფუძვლით დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთებს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას. განმარტავს, რომ აღარ სურს ლიკვიდაცია და აპირებს ლიკვიდაციის პროცესის გაუქმებას. შესაბამისად, შემდეგში, როცა კომპანია მიიღებს თანხას მაშინ გაანაწილებს დივიდენდს. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10337 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 8 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14723 ბრძანება და ამავე თარიღის №007-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 58 681 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 579 ლარი, ჯარიმა 5 713 ლარი და საურავი 1 389 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 6 აგვისტოს და ამავე თარიღიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. საქმიანობის სახეს წარმოადგენდა კერძო პირებისათვის ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების წარმოება ხელშეკრულების საფუძველზე. 2024 წლის აპრილის შემდეგ საწარმო აღარ საქმიანობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ 2026 წლის 30 აპრილიდან დაწყებულია საზოგადოების ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესი. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) ნაშთი 170 964.70 ლარის ოდენობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ. საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ------- (ს/ნ -------7), შპს ------- და შპს ------- (ს/ნ -------) შორის გაფორმებული 2023 წლის 10 აპრილის სამმაგი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ------- მიმართ გასაწევი მომსახურების შემსრულებლად მოხდა შპს ------- ჩანაცვლება შპს ------- მიერ, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება უკვე ავანსად გადახდილი იყო შპს -------. აღნიშნული დავალიანება მას დღეის მდგომარეობით კვლავ გააჩნია შპს ------- მიმართ, რაც დასტურდება 2026 წლის 12 ივნისის შედარების აქტით.
იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს შპს „-------“ (ს/ნ -------) ლიკვიდაცია და შემოწმებით განსაზღვრული პერიოდის ბოლოს პირს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) ნაშთი, აღნიშნულ ნაშთს გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი, ხოლო სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში რეალურად არ განხორციელებულა აღნიშნული თანხის მიღება, შესაბამისად გაცემა, აღნიშნული დარიცხვა სავარაუდო დარიცხვაა და გადამხდელი არ დაჯარიმდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველის ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ აღარ სურს ლიკვიდაცია, აღნიშნულის დასტურად 2026 წლის 8 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით დაშლილი საზოგადოების არსებობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემდეგში, როცა კომპანია მიიღებს თანხას მაშინ გაანაწილებს დივიდენდს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ლიკვიდაციის საფუძვლით დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთებს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა კერძო პირებისათვის ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების წარმოება ხელშეკრულების საფუძველზე. 2024 წლის აპრილის შემდეგ საწარმო აღარ საქმიანობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ 2026 წლის 30 აპრილიდან დაწყებულია საზოგადოების ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესი.
იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს მომჩივანის ლიკვიდაცია და შემოწმებით განსაზღვრული პერიოდის ბოლოს პირს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) ნაშთი, აღნიშნულ ნაშთს გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი, ხოლო სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში რეალურად არ განხორციელებულა აღნიშნული თანხის მიღება, შესაბამისად გაცემა, აღნიშნული დარიცხვა სავარაუდო დარიცხვაა და გადამხდელი არ დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 130; 154;