ბრძანება N 17505

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 17505
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17505

19 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს -------- (ს/ნ --------)

(მის: -------------)

2023 წლისს 10 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ -----------) №80907/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №261-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდისათვის კომპანიის სალაროში ინახებოდა და საბალანსო მონაცემებში ირიცხებოდა ნაშთად 306 000 ლარი. კომპანიის დამფუძნებლებმა 2022 წლის ნოემბრის თვეში კომპანიიდან დივიდენდის სახით გაიტანეს 180 000 ლარი, რომელიც დაიბეგრა და რომლითაც შემცირდა სალაროს ნაშთი. ამასთანავე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან კომპანიის დირექტორის მიერ დაფარულია კომპანიის საკრედიტო დავალიანების მიმდინარე ნაწილი, რასთან დაკავშირებითაც საჩივარს დანართად ახლავს ბანკის ამონაწერი. ითხოვს არასწორად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №29995 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 აპრილის №8122 ბრძანება და ამავე თარიღის №261-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 190 943 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 564 ლარი, ჯარიმა 59 782 ლარი, საურავი 11 597 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საქართველოს სადაგადასახო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „------------“ მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების მართლზომიერება. რაც შეეხება 180 000 ლარის დივიდენდად გაცემას, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა საგადასახადო შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ (გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია). შედეგად, შემოწმებით აღნიშნული დივიდენდის გაცემა არ იქნა გათვალისწინებული და საქვენგარიშოდ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

ითხოვს არასწორად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან.შემოწმებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);61(3);73(9);101;154(1ა);