გადაწყვეტილება №27370/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2026
№ დოკუმენტი 27370/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27370/2/2026

16 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 05.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ------ 20.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27370/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის N 006-560 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის N 3806 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 154 412.6 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 91 526.34 ლარი;

ჯარიმა - 26 363.72 ლარი;

საურავი - 36 522.54 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

მომჩივნის საქმიანობაა მზა პროდუქტების და კერძების წარმოება. ქ. ----- ----- ჰქონდა კომერციული ფართი, საიდანაც ხდებოდა სარეალიზაციო საქონლის წარმოება და რეალიზაცია (აღნიშნულ საქმიანობას აგრძელებს კომპანიის მეშვეობით).

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის N 22140 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

მომჩივნის მიერ გაწეულია საფურშეტე მომსახურების ორგანიზება, რაც დასტურდება გამოწერილი დოკუმენტებით და საბანკო ჩარიცხვებით. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე, გარდა რეგისტრაციით მითითებული საქმიანობისა, გადასახადის გადამხდელს აქვს რეგისტრირებული კომპანია, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არა სპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 6 თებერვლიდან მინიჭებული აქვს საკურორტო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, აღნიშნული სტატუსით სარგებლობს საცხოვრებელი ფართობის გაქირავების ნაწილში. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად და ასევე პირთან გასაუბრებით მოწოდებული ინფორმაციით, საბანკო ჩარიცხვებში არის რიგი ტრანზაქციები, რომელიც ვერ იქნა გაშიფრული გადამხდელის მიერ. ამასთან, მეწარმე აცხადებს, რომ არის ისეთი ტრანზაქციები, რომლებიც არის მომსახურების გაწევიდან მიღებული. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ივლისი.

გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ჩეკებით რეალიზებულ საქონელს დაემატა ტერმინალის საშუალებით რეალიზებული საქონელი და ასევე ბანკში ჩარიცხვები, რომელიც გადამხდელის მიერ ნაწილობრივ იქნა გაშიფრული, როგორც რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. შესაძლებლობის ფარგლებში იდენტიფიცირებული იქნა ისეთი თანხების ჩარიცხვა, რაც არ არის მეწარმის საქმიანობასთან დაკავშირებული, კერძოდ, გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია სასტუმრო მომსახურებისთვის ჩარიცხულ თანხებს, რაც დაკავშირებულია მეწარმის დაფუძნებული კომპანიის საქმიანობასთან, ასევე სალიზინგო ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ შემოსავალთან. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად დაეკისრა სანქცია - ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის N 28232 ბრძანება და N 006-560 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის N 3806 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღს და განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობს ხელფასი და პირადი გადარიცხვები, ასევე სესხები. მათ შორის, ისეთი თანხები, რომლებიც ახლობლებისგან აქვს მიღებული ვალდებულებების დასაფარად. კერძოდ, საგადასახადო ორგანომ ფიზიკური პირის პირად ანგარიშებზე მოძრავი ათიათასობით ლარის მოცულობის ნაკადები (508477) ლარი ავტომატურად მიაკუთვნა საცხობის რეალიზაციას, რაც მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. მცირე საცხობს ფიზიკურად არ გააჩნდა ისეთი მატერიალური რესურსი (ფართი, დანადგარები, ღუმელები, მუშახელი), რომ აესახა პირად ანგარიშებზე დაფიქსირებული მასშტაბის პროდუქციის გამოშვება. არ შეფასებულა ნედლეულის ბალანსი, საცხობის ბუღალტრულ და საგადასახადო დოკუმენტებით არ ფიქსირდება შესაბამისი მოცულობის ნედლეულის (ფქვილი, შაქარი, ზეთი და ა.შ.) შესყიდვის ხარჯები.

საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ მეწარმის მიერ სესხის სახით მიღებული თანხები, ჩარიცხვიდან მცირე დროში, მიმართულია სესხის ყოველთვიური ვალდებულების დასაფარად. საჩივარს თან ერთვის იმ გამსესხებელი ფიზიკური პირების ოფიციალური წერილობითი ახსნა - განმარტებები (იდენტიფიცირებული პირადი ნომრებითა და ხელმოწერებით), რომლებიც ადასტურებენ, რომ გადარიცხული თანხები წარმოადგენდა მოკლევადიან მეგობრულ სესხს და რომ მათ არანაირი კავშირი ამ საქმიანობასთან არ ქონიათ.

არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება (მყიდველის ჩვენება, მიღება - ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება), რომელიც დაადასტურებდა, მესამე პირების მიერ ჩარიცხული ამ მსხვილი თანხების სანაცვლოდ ----- მცირე საცხობიდან რაიმე პროდუქცია მიაწოდა. მხოლოდ ანგარიშზე თანხის არსებობის ფაქტი ავტომატურად არ წარმოშობს გადასახადის დარიცხვის საფუძველს. ამასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული უკან დაბრუნებული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივანს უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვები, რომელიც ვერ იქნა გაშიფრული მის მიერ. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამდენად, საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, მომჩივანს 2022 წლის პირველი ივლისიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. ასევე, ჩეკებით და ტერმინალით რეალიზებულ საქონელს დაემატა საბანკო ჩარიცხვები და გაანგარიშდა მეწარმის შემოსავლები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ იქნა გაშიფრული, როგორც რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი. ამასთან, დაიდენტიფიცირდა ისეთი თანხების ჩარიცხვა, რაც არ არის მეწარმის საქმიანობასთან დაკავშირებული, კერძოდ, გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია სასტუმრო მომსახურებისთვის ჩარიცხულ თანხებს, რაც დაკავშირებულია მეწარმის დაფუძნებული კომპანიის საქმიანობასთან, ასევე მონაწილეობა არ მიუღია სალიზინგო ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ შემოსავალს.

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მონაწილეობს ხელფასი და პირადი გადარიცხვები, ასევე სესხები. მათ შორის, ისეთი თანხები, რომლებიც ახლობლებისგან აქვს მიღებული ვალდებულებების დასაფარად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში არ წარუდგენია ისეთი სახის ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების წარმომავლობასა და მათი მიღების საფუძველს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო თანხების გამიჯვნა მისი ეკონომიკური საქმიანობისგან მიღებული შემოსავლებისგან.

ამასთან, მომჩივანს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის განხილვის ეტაპზე, არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც ეჭვქვეშ დააყენებდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია რომ მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლები სრულად არ იყო აღრიცხული და არსებობდა გაუშიფრავი საბანკო ჩარიცხვები. შემოსავლების ანალიზის საფუძველზე მომჩივანი სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირად მიიჩნიეს. ამდენად მას დაერიცხა გადასახადელი თანხა და ჯარიმა. პირმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 159; 282;.