ბრძანება N 27963
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27963
22 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 21 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ნოემბრის №98982/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №041-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. ითხოვს, რომ შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული 202 571.56 ლარი დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად, რადგან კომპანიას 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი, რომელიც შესაძლებელია შემცირდეს ზემოაღნიშნული თანხით. შემოწმებელი არ უარყოფს კაპიტალის არსებობას, თუმცა მისი შევსების წყაროს მიიჩნევს საეჭვოდ, რაც გაუგებარია რას გულისხმობს რადგან, თუ აღიარებს კაპიტალის არსებობას (რომლის უარყოფაც შეუძლებელია რადგან დოკუმენტალურად და საბუღალტრო ჩანაწერებით ჩანს ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის წყარო სწორედ კაპიტალია) მაშინ დამფუძნებელს შეუძლია მოახდინოს მისი ფულადი ფორმით სრულად ან ნაწილობრივ გატანა, დაბეგვრის გარეშე. გადამხდელი განმარტავს, რომ კაპიტალის შევსების წყარო არის დამფუძნებლის, ------- პირადი ფინანსური რესურსი, კერძოდ, მისი პირადი დანაზოგი, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ------- ქონება გაყიდა 478 000 ლარად. შესაბამისად, ამ თანხის და პირადი დანაზოგის ინვესტირება მოახდინა შპს „-------“ -ში. გადამხდელი მიუთითებს საჩივარზე წარმოდგენილ დანართებზე: მომწოდებელთან შედარების აქტი და ავანსის გადახდის დადასტურების დოკუმენტი, რაც ცხადყოფს, რომ შესაბამისი გადახდები ნამდვილად განხორციელდა კომპანიის კაპიტალის შევსებით მიღებული ფულადი რესურსით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4440 და 6 მაისის №8845 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 23 ოქტომბრის №23379 ბრძანება და ამავე თარიღის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 566 ლარი, მათ შორის, გადასახადი 55 714 ლარი, ჯარიმა 26 299 ლარი, საურავი 6 553 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,-------’’ რეგისტრირებულია 2019 წლის 27 თებერვალს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს სიმინდის/ხორბლის მარცვლის იმპორტი რუსეთიდან და მათი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის 8 აგვისტოს ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი (დეკლ. C114042), რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი, ხოლო მომწოდებლისადმი ვადებულება დაფარულია ანგარიში 1430-დან (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ). კერძოდ, დამფუძნებელი/დირექტორი ------- მიერ. შემოწმების მიერ სხვაობა 250 727.25-48 155.69=202 571.55 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შესაძლებელია შემცირდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა, ვინაიდან დამფუძნებელს შეუძლია მოახდინოს მისი ფულადი ფორმით სრულად ან ნაწილობრივ გატანა დაბეგვრის გარეშე. გადამხდელი განმარტავს, რომ კაპიტალის შევსების წყარო არის დამფუძნებლის პირადი ფინანსური რესურსი, კერძოდ, მისი პირადი დანაზოგი და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. გადამხდელი მიუთითებს საჩივარზე წარმოდგენილ დანართებზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც დამფუძნებელმა ქონება გაყიდა 478,000 ლარად. ასევე, მომწოდებელთან შედარების აქტი და ავანსის გადახდის დადასტურების დოკუმენტი, რაც ცხადყოფს, რომ შესაბამისი გადახდები ნამდვილად განხორციელდა კომპანიის კაპიტალის შევსებით მიღებული ფულადი რესურსით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სიმინდის/ხორბლის მარცვლის იმპორტი რუსეთიდან და მათი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი, რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი, ხოლო მომწოდებლისადმი ვადებულება დაფარულია ანგარიში 1430-დან (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ). კერძოდ, დამფუძნებელი/დირექტორის მიერ. შემოწმების მიერ სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154