გადაწყვეტილება № 19757/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19757/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19757/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19757/2/2023).

 

დავის საგანი:

სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-637 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7801 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 608 140 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 273 600

მოგების გადასახადი - 207 854

საშემოსავლო გადასახადი - 65 746

ჯარიმა - 167 561

საურავი - 166 979

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა მრავალბინიანი სახლის მშენებლობა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. ფულის ნაშთი 1 006 271 ლარი შესამოწმებელი პერიოდის, 1.01.2019 წლის მდგომარეობით გადმოდის 1100 ანგარიშის სადებეტო ნაშთის სახით. ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ამ თარიღში კი სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთი გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება არაარსებითი საკასო შემოსავლები და ხარჯები, რაც გათვალისწინებული იქნა გონივრული ნაშთის დაანგარიშებისას.

შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 1.05.2020 წლამდე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაანგარიშდა სარგებელი თვეების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-637 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7801 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. ფულის ნაშთი 1 006 271 ლარი 2019 წლის პირველი იანვრიდან გადმოდის 1100 ანგარიშის სადებეტო ნაშთის სახით. ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ამ თარიღში კი სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას. ასევე, გადამხდელს უფიქსირდება არაარსებითი საკასო შემოსავლები და ხარჯები, რაც გათვალისწინებულია გონივრული ნაშთის დაანგარიშებისას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს საკასო ხარჯები და შესაბამისად არ ჰქონდა სალაროში ფულის ქონის საჭიროება. მიწის შეძენამდე ფულს იყენებდა თავის სურვილისამებრ. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, მეთოდური მითითება ითვალისწინებს 3 თვეს და 3 თვეზე ბევრად მეტი პერიოდითაა თანხა სალაროში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ სალაროში ნაშთი 2020 წლის პირველ მაისს განულდა, შემოწმებამ მასზე პერიოდების მიხედვით სულ კომპანიას დაარიცხა მოგების გადასახადი 207 854 ლარი, მაგრამ სალაროს ნაშთი როდესაც განულდა (რაც აქტით დასტურდება) არ შეამცირა მოგების გადასახადის თანხა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოგების გადასახადის ნაწილი, როგორც დაბრუნებული სესხი, ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში. ხოლო, დარჩენილი ნაწილი, რითაც ბრუნდება სრულად სესხის თანხა (მიწის შეძენის პერიოდში) აღარაა ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული, შესაძლებელია დაშვებულია ტექნიკური შეცდომა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მაგრამ მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მ.შ დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროში ე. წ. „არაგონივრული ნაშთი“ ფიქსირდება 1.01.2019 წლიდან 1.05.2020 წლამდე და მისი არსებობა კომპანიის ბიზნეს გეგმის ნაწილია, კერძოდ: მომჩივანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას განახორციელებდა და შეიძენდა ----------- საკუთრებაში არსებულ 1 142 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს (ს/კ -----------), იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი აუქციონის წესით შეიძენდა მერიის საკუთრებაში არსებულ ზემოთ ნახსენებ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე 379 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს/კ ----------) და მასთან ერთად მერიის საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ 428 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მშენებლობის და ------------ საკუთრებაში არსებულ მიწასთან გაერთიანების უფლებით, რომელიც მშენებლობის პროექტირებისა და შემდგომი წარმატებული გაყიდვების მიზნით საუკეთესო გახდებოდა.

აღნიშნულზე 4.09.2018 წელს ----------- ------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას. თბილისის მერიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ----------) მიუერთა თავის საკუთრებაში არსებული 428 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და 807 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ახლი კოდით ------------ გამოიტანა 16.07.2019 წელს აუქციონზე მშენებლობის უფლების გარეშე. რის გამოც არც მომჩივანმა და არც სხვა არავინ არ მიიღო მონაწილეობა აუქციონში და აუქციონი ჩაიშალა. ამის შემდგომ, ------------ განმეორებით მიმართა მერიას ნომერ ------------ განცხადებით, რის საფუძველზეც მერიამ გაყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი და 428 კვ. მ. მიწა (ს/კ -----------), დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე (რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ნაკვეთთან გაერთიანებისას მშენებლობის უფლება აქვს) გამოიტანა 27.03.2020 წელს აუქციონზე, რომელიც შეიძინა მომჩივანმა. მისი გადაფორმება მომჩივანზე მოხდა 4.05.2020 წელს. ამავე დროს პარალელურ რეჟიმში მომჩივანმა შეიძინა------------- კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ ------------), რის შედეგადაც 1.05.2020 წელს სალაროს ნაშთი განულდა. აღნიშნული მიწები გაერთიანებული იქნა ერთ ნაკვეთად მშენებლობის უფლებით და მიენიჭა საკადასტრო კოდი ----------. მომჩივნის მიერ შეძენილი მიწები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და შესაბამისი ღირებულებით ირიცხება მომჩივნის ბალანსზე და ამჟამად ამ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს მრავალბინიანი სახლის პროექტირება. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ აღნიშნული სალაროს ნაშთი წარმოადგენს გონივრულ ნაშთს. აღნიშნული ნაშთი საჭირო იყო ბიზნეს გეგმის განხორციელებისათვის. მომჩივანი ყოველდღიურ მოლოდინში იყო თუ როდის გამოიტანდა მერია მიწის ნაკვეთს აუქციონზე, ხოლო აუქციონზე აღნიშნული მიწის შეძენისთანავე შეძენილი იქნა ---------- კუთვნილი მიწაც. ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ხანგრძლივობა გამოწვეულია, მერიის ბიუროკრატიული აპარატის მიერ 2018 წლის სექტემბრიდან 27.03.2020 წლამდე, აუქციონების დროში გაწელვის შედეგად. ამასთან, განმარტავს, რომ ბინების გაყიდვიდან შემოსავლები ძირითადად ჰქონდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რის გამოც დაგროვდა სალაროში დიდი ოდენობით თანხა. ამ თანხის ბანკში შეტანის შემთხვევაში და შემდეგ --------- მიწის ღირებულების გადარიცხვის შემთხვევაში, -------- ბანკიდან ნაღდი ფული გამოტანის დროს უნდა გადაეხადა ბანკის საკომისიო 0,2%, რაც მოცემულ შემთხვევაში 1 300 000 ლარზე 2 600 ლარს შეადგენს, რაც სოლიდური ხარჯია.

მიაჩნია, რომ შემოწმებამ ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ შეისწავლა და მარტივად განიხილა სალაროს ნაშთი არაგონივრულ ნაშთად. უფრო მეტიც, შემოწმებისას დაფიქსირდა უხეში შეცდომები. კერძოდ: დავუშვათ, რომ სალაროში ერიცხებოდა არაგონივრული ნაშთი, რაც შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში 1 006 271 ლარს შეადგენდა (ბუღალტრული მონაცემებით 476 270 ლარი, თუმცა შემმოწმებელმა საბუღალტრო მონაცემებიც 1 006 271 ლარი დააფიქსირა), რომელიც გარკვეულ პერიოდში იმატებდა, ხოლო 1.05.2020 წელს განულდა. შემმოწმებელმა მასზედ პერიოდების მიხედვით სულ დაარიცხა მოგების გადასახადის ძირითადი თანხა 207 854 ლარი, მაგრამ სალაროს ნაშთი როდესაც განულდა (რასაც შემმოწმებელი აქტით ადასტურებს) არ მოახდინა მოგების გადასახადის ძირითადი თანხის შემცირება. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივანს მიწის ნაკვეთები შესყიდვის ღირებულებით (1,6 მილიონი ლარი) ერიცხება ბალანსზე და შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შემმოწმებელს ისინი „შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთები საბუღალტრო ანგარიშებზე“ საბოლოო ნაშთებში ასახული არ აქვს. აგრეთვე, შემმოწმებელს ასახული არ აქვს სხვა მოთხოვნები თუ ვალდებულებები. შესაბამისად, სრულად უნდა გაუქმდეს 26.12.2022 წლის №006-637 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 1.05.2020 წლამდე. ამ თარიღში სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 1.05.2020 წლამდე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7801 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მათ შორის დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7801 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევა და მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 1.05.2020 წლამდე. ამ თარიღში სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმებით, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 1.05.2020 წლამდე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);