ბრძანება N 9873
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9873
06 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
მოქალაქე ----- (პ/ნ. -----) (მის.: -----)
2026 წლის 8 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N 35) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 58522/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 11 მარტის N EL310227 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო კონტროლის გავლის დროს ბარგში ჰქონდა კუთვნილი ოქროს ძეწკვი, ჯვართან და კულონთან ერთად, რომელსაც საქართველოში წამოსვლის დროს იკეთებდა ყელზე, მაგრამ გაუფუჭდა შესაკრავი, რის გამოც მოათავსა ბარგში. ასევე მიუთითებს რომ არ ჰქონია ოქროს დამალვის ინტერესი, უბრალოდ ვერ გაიგო მებაჟე ოფიცრის კითხვა ოქროსთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 11 მარტს რეისით ----- ჩამოფრინდა ----- მოქალაქე -----. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. უფლებამოსილი მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (ოქროსა და ვერცხლის ნივთებს), ----- უარი განაცხადა. აღნიშნული ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.
მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით განხორციელდა ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, 27.59 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 11 მარტის N ----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის (ოქროს: ყელსაბამი - 1 ცალი, ჯვარი - 1 ცალი, კულონი - 1 ცალი) საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 7 308 ლარით.
ვინაიდან ----- მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----" უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 11 მარტს შედგენილი N EL310227 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 308 ლარის ოდენობით.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N ----- ოქმი“ და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:
საბაჟო კონტროლი მოიცავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 7 308 ლარის საბაჟო ღირებულების 27.59 გრ ოქროს საიუველირო ნაკეთობების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ასევე უთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში იმპორტის გადასახდელებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 11 მარტის N EL310227 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ დეკლარირების გარეშე აეროპორტში მომჩივანმა შემოიტანა ოქროს ნივთები. შემოწმების შედეგად მოხდა საქონლის ამოღება და პირს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 27; 73; 168; 163;.