გადაწყვეტილება №24908/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2025
№ დოკუმენტი 24908/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24908/2/2025

27 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24908/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3910 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 590 727.15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 764 149

დღგ - 306 039

საშემოსავლო გადასახადი - 458 110

ჯარიმა - 400 629

საურავი - 425 949.15

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ჩანთების, საფულეების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა შერეული საქონლის იმპორტი/რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №18562 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის №21438 ბრძანება და №041-53 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 590 727.15 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 30 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 6 მარტის №3910 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ წარდგენილა. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი (129%), რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 14 თებერვალს 16:00 საათზე მომჩივნის მონაწილეობით ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 20 თებერვალს 12:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შეძენილ საქონელზე მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილზე ნაკლები შემოსავალი. აღნიშნული უარყოფითი სხვაობა გამოწვეული იყო სარეალიზაციო საქონლის მოდიდან გასვლით. აგრეთვე, კომპანიას შემოჰქონდა დაბალფასიანი საქონელი, რომელიც გათვლილი იყო დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობაზე. საქონელს ყიდიდა კონტეინერიდან საბითუმოდ და მას ყიდულობდნენ ე.წ. „ციგნები“, რაზეც საბუთის გამოწერა ვერ ხერხდებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ განბაჟების დროს საინვოისო ღირებულება ისედაც გაზრდილია და შემოწმების მიერ კიდევ ხდება არარეალური პროცენტის გავრცელება.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად ჩატარდა შპს „-------“ საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე განსხვავებული ფასნამატი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი შესაბამისი სახეობების მიხედვით.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შპს „-------“-ის საქმიანობაა ფეხსაცმლის, ჩანთების და ქუდების რეალიზაცია, შემოტანა უფიქსირდება ------- და -------, ხოლო შპს „-------“ შემოტანაში უფიქსირდება სხვადასხვა კატეგორიის საქონელი, მათ შორის, საკანცელარიო, ტანსაცმელი, ბუშტები, ჭურჭელი, ლითონის ავეჯი, მაგნიტის ნაწარმი, პლასტმასის ჭურჭელი და ა.შ. შესაბამისად, გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი, რომელსაც იმპორტი უფიქსირდებოდა -------, როგორც შპს „-------“. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ინვოისები, საგადასახადო ორგანოს გამოყენებული აქვს საინვოისო ღირებულებები და არა საბაჟო (აფასებული) ღირებულებები. ასევე, მომჩივანი ახსნა-განმარტებით მიუთითებდა, რომ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა არც შემოწმების პროცესში და არც დავების ეტაპზე დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 14 თებერვალს მომჩივნის მონაწილეობით ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 20 თებერვალს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საბჭოს სხდომას და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელმა არ მიიღო მონაწილეობა დავის განხილვის პროცესში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა. თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამდენად, შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი დაიბეგრა მოგების გადასახადით, განმარტავს, რომ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, პირს მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ აქვს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც ზემოთ აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3910 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა და თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. შესაბამისად, სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა. თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამდენად, შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159