ბრძანება N 2072

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2025
№ დოკუმენტი 2072
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2072

07 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 9 იანვრის №93605/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 დეკემბრის №001-222 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მომჩივანი აცხადებს, რომ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ექსელის პროგრამაში და დოკუმენტალურად, რომელთა საფუძველზეც შეიძლება დაბეგვრის ობიექტის დადგენა და აუდიტის დეპარტამენტს არ გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს საქონლის რეალიზაციას მხოლოდ საბითუმოდ, შემოწმებამ კი არასწორად განსაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელზე საშუალო შეწონილი ფასნამატი, რადგან გაანგარიშებაში არ გაითვალისწინა დოკუმენტურად დადასტურებული უარყოფითი ფასნამატები საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვის შემთხვევებისას. შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა ისეთი კომპანიების მონაცემებით, რომელთა საქმიანობაც იქნებოდა ანალოგიური. აცხადებს, რომ არ მოახდინეს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების გამოყოფა, რაც არასწორია, შესაბამისად, აღნიშნული თანხა არასწორად იქნა დაბეგრილი დღგ-ით და ითხოვს მის შემცირებას. ასევე, მომჩივნის განმარტებით, შემოწმებამ არ გაითვალისწინა მალფუჭებადი პროდუქციის ჩამოწერის შემთხვევები და სურსათის არაარსებითი დანაკარგი.

2. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა სალაროში არსებული ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი, სესხზე გადახდილი თანხები (მ.შ. ჯარიმა და საკომისიოები), კომპანიის მიერ დაქირავებული ავტომობილებისთვის გაწეული საწვავის ხარჯი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №18551 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 5 მარტიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 11 დეკემბრის №26115 ბრძანება და ამავე თარიღის №001-222 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 029 030 ლარი, მათ შორის, გადასახადი 527 881 ლარი, ჯარიმა 263 289 ლარი და საურავი 237 860 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით. გადამხდელის საქმიანობის ძირითადი ადგილია -------, სადაც საქონლის რეალიზაცია ხორციელდება დისტრიბუციის მეშვეობით. საქონლის შეძენა ხდება როგორც ადგილობრივად, ასევე, იმპორტის საშუალებით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 5 643 158 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 4 305 761 ლარი. წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, სმფ-ის ნაშთი 0-ის ტოლია.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა კონკრეტული საქონლის (313 კატეგორია/სახეობა) შესაბამისი დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო ისეთი საქონლის სახეობაზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გავრცელებული იქნა იმავე ჯგუფის საქონელზე დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატი, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად (შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 8.1%).

ამასთან, ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლის აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი (დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა ან რაიმე სახის ჩანაწერები (ექსელის ფაილები, მემორიალური ორდები და ა.შ). შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 5 643 158 ლარის ღირებულების პროდუქცია და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 4 305 761 ლარი. ხოლო წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, სმფ-ის ნაშთი 0-ის ტოლია. ვინაიდან შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა კონკრეტული საქონლის (313 კატეგორია/სახეობა) შესაბამისი დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო ისეთი საქონლის სახეობაზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გავრცელებული იქნა იმავე ჯგუფის საქონელზე დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის ან რაიმე სახის სააღრიცხვო ჩანაწერები. არ აქვს შესამოწმებელ პერიოდში საჩივარში ნახსენები მალფუჭებადი საქონლის გაფუჭების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (არ არის ჩამოწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ). შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილია გაკეთებული გაანგარიშებები, რომელთა შესასწავლად გადამხდელის მხრიდან კონტაქტი არ განხორციელებულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიას უფიქსირდება დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი, რომელიც შემოწმების მიერ გამოყოფილია სრული საქონლის შეძენისგან და არ არის დაბეგრილი დღგ-ით. რაც შეეხება სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას, გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდამდე, ხოლო მას შემდეგ, 2024 წლის ივლისის საანგარიშგებო პერიოდამდე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ ფიქსირდება, შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინება.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან, სურსათის არაარსებითი დანაკარგის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველა ჩამოთვლილი პირობის დაცვით, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ღია საწყობი არის სავაჭრო სივრცე:

ა) სადაც იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი;

ბ) სადაც გასაყიდად განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლ-მაცივრებში და სხვა სათავსოებში;

გ) სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს);

დ) სადაც საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხ-კოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი საქონლის (სურსათის) თვითღირებულება, ისე ამავე საქონლის (სურსათის) რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა ან რაიმე სახის ჩანაწერები, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ექსელის ფაილები, მემორიალური ორდები და ა.შ) რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 მაისის №15464 ბრძანებით დამტკიცებული „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას, აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არამართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და გამოყენებული ფასნამატი.

2. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა ან რაიმე სახის ჩანაწერები, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა კონკრეტული საქონლის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო ისეთი საქონლის სახეობაზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გავრცელებული იქნა იმავე ჯგუფის საქონელზე დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგენილი ფასნამატი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154