ბრძანება N 23355

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2025
№ დოკუმენტი 23355
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23355

22 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №98077/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 აგვისტოს №EL293232, 3 სექტემბრის №EL294413, №EL294418, №EL294419, №EL294421, 4 სექტემბრის №EL294447, №EL294460, №EL294466, №EL294469, №EL294473, №EL294474 და №EL294476 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის აგვისტოს თვეში კომპანიისთვის ცნობილი გახდა, რომ თუ მოახდენდა თიზის საწარმოსთვის საქონლის მიწოდებას, 90 დღის ვადაში უნდა წარედგინა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია. კომპანიამ კანონის შესრულების მიზნით (თუნდაც დაგვიანებით) შეასრულა განსაზღვრული ვალდებულება და დაჯარიმდა თითოეულ დაგვიანებულ დეკლარაციაზე.

მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით, სამართალდარღვევის დაფიქსირება მოხდა კომპანიის მიერ დეკლარირების შედეგად (მიუხედავად იმისა იცოდა, რომ აღნიშნულ დეკლარირებას მოჰყვებოდა დაჯარიმება). სამართალდარღვევის შედეგად არ შემცირებულა გადასახდელები, თუმცა ერთი სახის სამართალდარღვევაზე ერთდროულად გამოწერილია 12 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მიაჩნია, რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც საგადასახადო/საბაჟო ორგანოს აძლევს დისკრეციული გადაწყვეტილების შესაძლებლობას.

აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წელს შპს „-------“ წარმომადგენელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებებით: ID----- ----- ------ ------ ------ და ითხოვა მათ მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის 2024 წლის სხვადასხვა პერიოდსა და 2025 წლის მარტის თვეში მიწოდებული ელექტროენერგიის დეკლარირება. ვინაიდან შპს „------“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა თიზ-ში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „-----“ შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №17) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქონლის საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია საბაჟო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით თიზ-ში რეგისტრირებული ორგანიზაციებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის დეკლარირებაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ერთი სახის სამართალდარღვევაზე ერთდროულად გამოწერილია რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ თითოეული დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა ითვლება ერთ სამართალდარღვევად, შესაბამისად რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება და საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 20 აგვისტოს 3 და 4 სექტემბერს შედგა სადავო ოქმები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით თიზ-ში რეგისტრირებული ორგანიზაციებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის დეკლარირებაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც პირს დაეკისრა სანქცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163(1); 165;