ბრძანება N 26131

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26131
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26131

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 15 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----- - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 15 სექტემბრის №156298/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №002-165 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის ქონის ფაქტი უდავოდ დასტურდება. ასევე სადავო არაა საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და მოგების საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღების ფაქტიც, ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ხდის საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტის არსებობას, რომელსაც გადამხდელი არ ეთანხმება და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12809 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12809 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 ივლისი №002-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა სადაო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით. აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად, ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს. შპს „-------" დაფუძნებულია ფიზიკური პირების მიერ. საინფორმაციო ტექნოლოგიები იქმნება უშუალოდ დამფუძნებლის მიერ. საწარმოს არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე პირი შესაბამისი პროფილური განხრით. არ ფიქსირდება ხელფასის გაცემა არც დირექტორზე და არც სხვა პირებზე. დამფუძნებელი ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მხოლოდ დივიდენდის სახით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით და დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადააკვალიფიციროს როგორც პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ამ მიზნით, პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობა შესაძლებელია აღებულ იქნას შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე ხელფასის შესახებ არსებული მონაცემის მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს 2022 წლის 18 მაისის №1 სხდომის ოქმის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების პრინციპებზე დაყრდობით, IT ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირების საშუალო ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 4 865 ლარით, რაც გადამხდელის მთელი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით (14 თვე) შეადგენს 68 110 ლარს. საწარმოს მიერ სულ დივიდენდის სახით განაწილებულია 35 842 ლარი, რაც შემოწმებით განხილულია საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებულ (საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებული საერთაშორისო შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ) განაცემად. გადამხდელის მიერ განაწილებული მოგების ხელფასად დაკვალიფიცირების შემთხვევაში, გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება ბიუჯეტის მიმართ გაიზდება 2 635.5 ლარით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება,გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნას, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის „ჟ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საკითხი არ დგება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტები არ შეიცავს რაიმე დამატებით მოთხოვნას, რომელიც დააზუსტებდა რას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა. კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში, გააჩნია იურიდიული მისამართი და ოფისი, რომელიც მდებარეობს "-----"- ში -და ამასთანავე, ჰყავს რეზიდენტი დირექტორი. ვირტუალური ზონის იურიდიული პირი და IT პროდუქტის შემქმნელი არის კომპანია და არა ამ კომპანიის დაქირავებული ფიზიკური/იურიდიული პირი. IT საქმიანობის მთავარი მხარე და მონაწილე ქართული კომპანიაა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს IT პროექტების ყველა რისკს, სრულად არის პასუხისმგებელი კლიენტების წინაშე. საჭიროების შემთხვევაში იყენებს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური/იურიდიული პირების შრომას/მომსახურებას, იხდის შეთანხმებულ ანაზღაურებას და იღებს უფლებებს მესამე პირების მიერ შესრულებულ ნაწარმოებზე. კომპანიის მიერ სრულადაა დაკმაყოფილებული მეთოდური მითითებით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპები. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის მიზნით იყენებდა დამფუძნებელი პარტნიორების შრომას, დამფუძნებლები მონაწილეობას იღებდნენ IT პროდუქმების შექმნაში, მათ შორის ვებ დეველოპმენტში, საოპერაციო პროცესების განვითარებაში, Firewall-ის უსაფრთხოების ზომების შემოწმებაში და ა.შ. რაც შეეხება შემმოწმებლის მითითებას იმის შესახებ, რომ დამფუძნებელ პარტნიორებს მხოლოდ ერთხელ უფიქსირდებათ საქართველოში ყოფნა, განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა პანდემიის პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა რიგი შეზღუდვები, რაც თავისთავად ფორსმაჟორულია და რამაც შეაფერხა კომპანიის დამფუძნებლის უწყვეტად საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. მთავარი პროდუქტი იქმნება საქართველოში და შესაბამისად, დამფუძნებელი პირების პანდემიის გამო საქართველოში არყოფნა არ უნდა გახდეს შეღავათზე უარის თქმისა და დამატებითი გადასახადის დაკისრების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:

- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;

- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას ან ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო ანგარიშგებაში ცვლილება ან/და დამატების შეტანა იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.

ყოველივე ზემომოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12809 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12809 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს დაფუძნებულია ფიზიკური პირების მიერ. საინფორმაციო ტექნოლოგიები იქმნება უშუალოდ დამფუძნებლის მიერ. საწარმოს არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე პირი შესაბამისი პროფილური განხრით. არ ფიქსირდება ხელფასის გაცემა არც დირექტორზე და არც სხვა პირებზე. დამფუძნებელი ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მხოლოდ დივიდენდის სახით.

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც დაადასტურებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნას, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის „ჟ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საკითხი არ დგება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12809 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(35),73(9),97,981,99.