ბრძანება N 22283
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22283
17 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 13 აგვისტოს №97525/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №227-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტი წარმოადგენს არაბრენდულ პატარა მარკეტს, შესაბამისად, არსებული კონკურენციის პირობებში შეუძლებელია მაღალი ფასნამატის დადგენა, ამასთან, მარკეტში ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 15%-ს, ხოლო სიგარეტზე - 10%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და აღნიშნული ფასნამატით შემოწმების აქტში მითითებული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5245 და 4 ივნისის №11438 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ივლისის №15324 ბრძანება და ამავე თარიღის №227-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 878 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 587 ლარი, ჯარიმა 8 827 ლარი და საურავი 1 464 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---ს“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2024 წლის 15 თებერვალს. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს, ყავის, სასმელების და სხვა პროდუქტების ადგილობრივად შეძენა და რეალიზაცია. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. საქონლის რეალიზაციას ახდენს ნაღდი და უნაღდო ანგარისწორებით დოკუმენტის გამოწერის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული მონაცემების, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და პერიოდის ბოლოს 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთის მონაცემების მიხედვით, გაანგარიშებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და რეალიზებულად მიჩნეულ შესაბამის პროდუქციაზე გავრცელდა აუდირებული კომპანიის, კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი.
შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულმა საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან, დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც შეადგენს 524 099 ლარს, ხოლო დეკლარირებულია 814 ლარი. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში სალაროსა და ბანკით მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
ამასთან, გათვალისწინებულ იქნა მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 86 452,6 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 695 754 ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა შესყიდვები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა ხარჯი. ხოლო, განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და რეალიზებულად მიჩნეულ შესაბამის პროდუქციაზე გავრცელდა აუდირებული კომპანიის, კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში სალაროსა და ბანკით მიღებული შემოსავლების პროპორციულად, ხოლო განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტი წარმოადგენს არაბრენდულ პატარა მარკეტს, შესაბამისად, არსებული კონკურენციის პირობებში შეუძლებელია მაღალი ფასნამატის დადგენა, ამასთან, მარკეტში ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 15%-ს, ხოლო სიგარეტზე - 10%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და აღნიშნული ფასნამატით შემოწმების აქტში მითითებული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს, ყავის, სასმელების და სხვა პროდუქტების ადგილობრივად შეძენა და რეალიზაცია. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. საქონლის რეალიზაციას ახდენს ნაღდი და უნაღდო ანგარისწორებით დოკუმენტის გამოწერის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და რეალიზებულად მიჩნეულ შესაბამის პროდუქციაზე გავრცელდა აუდირებული კომპანიის, კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში სალაროსა და ბანკით მიღებული შემოსავლების პროპორციულად, ხოლო განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).