ბრძანება N 16900
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N16900
12 ივლისი 2023
შპს „-----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: --------------)
2023 წლის 25 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „------------“-ს (ს/ნ -------------) 2023 წლის 25 მაისის №81285/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №005-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხების ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია ისეთი თანხები, რაც საწარმოს ფაქტობრივად დღემდე არ აქვს მიღებული. გადამხდელი წარმოადგენს შპს „------------“ და შპს „----------“ შორის გაფორმებულ ურთიერთშედარების აქტებს და მიუთითებს, რომ აღნიშნულ საწარმოებს დღეის მდგომარეობით გააჩნიათ კრედიტორული დავალიანება ჯამში 1 773 424 ლარის ოდენობით, ხოლო აუდიტორის მიერ დაკვალიფიცირებულ 2021-2022 წლებში მომსახურების მიწოდებით მიღებულ შემოსავალში, რომელიც შეადგენს 2 352 006 ლარს, შეყვანილია ზემოაღნიშნული კომპანიებისგან მისაღები თანხები, რომელმაც გამოიწვია გადასახადის გაზრდა, როგორც ძირითად, ასევე ჯარიმა/საურავის ნაწილში. გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის დაკორექტირებას და გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ს (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 აპრილის №8685 ბრძანება და ამავე თარიღის №005-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 912 644 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 079 961 ლარი, ჯარიმა 539 559 ლარი, საურავი 293 124 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს "------------"-ს საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 02.06.2017 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი - 14.07.2017 წელი. მისი საქმიანობის სახეს წარმოდგენს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, რის გამოც შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. მოპოვებული მასალის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს დადებული აქვს 16 სართულიანი კორპუსის (მდებარე ქ.-------------) სამშენებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2018 წლის 2 იანვარს. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საერთო ღირებულება შეადგენს 2 299 169 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აღნიშნული მშენებლობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შეყვანილია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხაში. ამასთან, დღეის მდგომარეობით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად საწარმოს მიერ უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე მუხლის თანახმად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს "-----------"-ს მიერ 2020-2021 წლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 595 891 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 01.01.2020 წლის და 31.12.2020 წლის მდგომარეობით შპს "------------“ მიმართ შეადგენს შესაბამისად 624 187 ლარს და 395 857 ლარს. საწარმოს მიერ 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 352 006 ლარს (დღგ-ს გარეშე), ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 49 194 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯი შეადგენს სულ 848 090 ლარს (ელ. ანგარიშ.ფაქტურით, ელ. სასაქონლო ზედნადებით შეძენილი, გადახდილი ბიუჯეტში და ხელფასის სახით განაცემების გათვალისწინებით). ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა შეადგენს სულ 345 035,18 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განკარგვადი თანხა სულ შეადგენს 4 313 253 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, განკარგვადი თანხა შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლი თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს დადებული აქვს 16 სართულიანი კორპუსის სამშენებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება შპს „-----------“ 2018 წლის 2 იანვარს, რომლის თანახმად, მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენს 2 299 169 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოს მიერ 2020-2021 წლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 595 891 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 2020 წლის 1 იანვრის და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს "-------------“ მიმართ შეადგენს შესაბამისად 624 187 ლარს და 395 857 ლარს. საწარმოს მიერ 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 352 006 ლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 49 194 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯი შეადგენს სულ 848 090 ლარს. ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა შეადგენს სულ 345 035,18 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განკარგვადი თანხა სულ შეადგენს 4 313 253 ლარს. ამასთან, საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „----------“ გაფორმებული შედარების აქტი, სადაც „მომსახურების მიმღების“ და „მომსახურების მიმწოდებლის“ ხელმომწერ პირს წარმოადგენს ერთიდაიგივე პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან
არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“-ს (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხების ხელფასად განხილვას.გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის დაკორექტირებას და გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო მომსახურების გაწევა.
შპს-ეს განკარგვადი თანხა შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
136(3);61(3);73(9);101(1);154(1ა);