გადაწყვეტილება №26566/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 26566/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26566/2/2026

20 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26566/2/2026).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხის ოდენობა და აღნიშნულის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 დეკემბრის №024-124 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვრის №600 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 508 747.07 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 1 371 458.26

ჯარიმა - 685 729

საურავი - 451 559.81

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1604 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის მხრიდან მიწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, მ.შ. საბაჟო დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი, შემოსავლის წყარო და გადაზიდვების სრული ჯაჭვი ბუნდოვანია. ასევე, არ არის მიწოდებული გაანგარიშებები, რომელიც აჩვენებს რეალურ სურათს შემოწმების პროცესში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნული შემოწმების პროცესში, შემმოწმებლების მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა. კომპანია დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. დადგინდა, რომ საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი, ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი, კერძოდ: 1.5 ევრო „-------“-დან საქართველოში ამანათების გამოგზავნის დროს და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში ამანათების გაგზავნის დროს, გამრავლდა შესაბამის რაოდენობაზე, საიდანაც გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც შეადგინა 6 127 977 ლარი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი, კერძოდ, ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ 633 727 ლარი, ასევე, სხვა ხარჯები 8 417 ლარის ოდენობით. შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით დადგინდა განკარგვადი თანხა 5 485 833 ლარი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 დეკემბრის №26427 ბრძანება და №024-124 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 508 747.07 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 22 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 21 იანვრის №600 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, მ.შ. საბაჟო დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი, კერძოდ: 1.5 ევრო „-------“-დან საქართველოში ამანათების გამოგზავნის დროს და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში ამანათების გაგზავნის დროს, გამრავლდა შესაბამის რაოდენობაზე, საიდანაც გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც შეადგინა 6 127 977 ლარი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი. შედეგად, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით დადგენილი განკარგვადი თანხა - 5 485 833 ლარი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილია რამდენიმე უზუსტობა:

1. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს „-------“-დან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან „-------“-ში ამანათების გამოგზავნა/გაგზავნა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კომპანია არ ახორციელებს ამანათების გაგზავნა/გამოგზავნას, არამედ მისი საქმიანობაა საფოსტო გზავნილების სიების ორგანიზება, ტრანსპორტირების დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა - გაცემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. საწარმოს დამკვეთს წარმოადგენს უცხოური კომპანია, რომელიც უხდის მომსახურების საფასურს 100 ევროს ოდენობით თითო რეისზე, როგორც "------"-თბილისის, ისე თბილისი-"------"-ის მიმართულებით (დანართი №1). რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომლებიც თითქოს მომჩივნის მიერ არის გადაზიდული, წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის პარტნიორი კომპანიების ახსნა-განმარტებებს, სადაც ნათლად მიუთითებენ, რომ მომჩივნის მიერ არ ხდება ამანათების გადატანის საფასურის აღება (დანართი №2). გარდა ამისა, წარმოადგენს უცხოური კომპანიასა და ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ ამანათების გადაზიდვის საფასურს (1კგ-ის საფასური - 0,5 ცენტი) იღებენ წარმოდგენილი კომპანიები და არა შპს „------“ (დანართი №3 და №4).

2. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გაითვალისწინა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი, კერძოდ, ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ 633 727 ლარი. გაურკვეველია თუ რა მოსაზრებას ეფუძნება შემმოწმებელი, ვინაიდან მსგავსი ხარჯი საწარმოს არასდროს გაუწევია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტრანსპორტირების ხარჯს სწევს უცხოური კომპანია. ამასთან, შემმოწმებელმა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაიანგარიშა ამანათების გადაზიდვიდან. დაადგინა, რომ სულ გადაზიდულია 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. ასევე, დაადგინა გადაზიდვის ფასი 1,5 ევროს ოდენობით „-------“-დან საქართველოში და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში გაგზავნის დროს. ეს ფაქტი საერთოდ მოკლებულია ლოგიკას, წარმოუდგენელია ამანათის გადაზიდვის საფასურის გადახდა ორივე მიმართულებაზე ხდებოდეს საქართველოში. როგორც წესი, ამანათის მიმღები იხდის ამ საფასურს ადგილზე და არა გამგზავნი. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქტში მოყვანილი გარემოებები და დამატებით დარიცხული თანხები არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, ნებისმიერ საქმიანობას შემოსავალთან ერთად აქვს ხარჯიც, შემმოწმებელმა ერთობლივ შემოსავლად განსაზღვრა 6 127 977 ლარი, ხოლო გამოსაქვით ხარჯად - მხოლოდ და მხოლოდ 633 727 ლარი, რაც სრულიად აბსურდულია.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2026 წლის №------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს „-------“-დან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან „-------“-ში ამანათების გამოგზავნა/გაგზავნა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. მომჩივნის მხრიდან მიწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, მ.შ. საბაჟო დეპარტამენტიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი, შემოსავლის წყარო და გადაზიდვების სრული ჯაჭვი ბუნდოვანია. ასევე, არ არის მიწოდებული გაანგარიშებები, რომელიც აჩვენებს რეალურ სურათს შემოწმების პროცესში. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში, შემმოწმებლების მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, კომპანია დაჯარიმდა სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. დადგინდა, რომ საზოგადობას ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი, კერძოდ: 1.5 ევრო „-------“-დან საქართველოში ამანათების გამოგზავნის დროს და 5 ლარი საქართველოდან „-------“-ში ამანათების გაგზავნის დროს, გამრავლდა შესაბამის რაოდენობაზე, საიდანაც გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც შეადგინა 6 127 977 ლარი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი. კერძოდ, ტრანსპორტირების კომპონენტი, რამაც ერთ რეისზე შეადგინა 900 ევრო, სულ - 633 727 ლარი. ასევე, სხვა ხარჯები 8 417 ლარის ოდენობით. შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით დადგინდა განკარგვადი თანხა - 5 485 833 ლარი, რომელიც აიგროსა და ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე, იური სააკიანზე გაცემულ ხელფასად.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის მხრიდან მიწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება გაგზავნილი და გამოგზავნილი ამანათების ზუსტი რაოდენობების დასადგენად.გადამხდელის მხრიდან არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი, შემოსავლის წყარო და გადაზიდვების სრული ჯაჭვი ბუნდოვანია.შემოწმების პროცესში, შემმოწმებლების მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა. კომპანია დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის. ასევე, დადგინდა ამანათების გაგზავნისა და გამოგზავნის ღირებულება ერთ კილოგრამ ტვირთზე. დადგინდა, რომ საწარმოს ჯამში ტრანსპორტირებული აქვს 115 123 ცალი ამანათი, ჯამში 1 306 906 კილოგრამის ოდენობით.შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობით დადგინდა განკარგვადი თანხა 5 485 833 ლარი, რომელიც სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154.