გადაწყვეტილება №20352/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 20352/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20352/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20352/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

დარიცხული თანხა: 89 119 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 52 529

ჯარიმა - 26 265

საურავი - 10 325

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა შავი ლითონის ჯართის შეძენა/რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4332 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ ჯართის შესყიდვა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან შესაბამისი შესყიდვის აქტების მიხედვით, ხოლო რეალიზაცია ძირითადად ხდება ერთ მყიდველზე - შპს „---ე“. საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები სრულად ანაზღაურებულია საბანკო ჩარიცხვის გზით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები აღრიცხვა ფულის მოძრაობის ნაწილში.

საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7769 ბრძანება და №225-2 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №14189 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო 2021 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობაა ფერადი და შავი ლითონების მიღება-რეალიზაცია. ამ საქმიანობისთვის საკუთარი სახსრებით მოაწყო ტერიტორია, შეიძინა სასწორი და გასწია სხვადასხვა სახის სამუშაოები. საწარმოს ფუნქციონირებისთვის და შემდგომი საქმიანობისთვის კომპანიის დირექტორს (დამფუძნებელს) გადაწყვეტილი ჰქონდა შეეძინა ამწე და ჯართის ტრანსპორტირებისთვის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაეხმარებოდა მიღებული ლითონის ჯართის დატვირთვაში საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე, საქმიანობის პერიოდში იცვლებოდა ჯართის მიღების და ჯართის სარეალიზაციო ფასი. კერძოდ, 700-დან 1 100 ლარის ფარგლებში.

შესაბამისად, ჯართის მიღების რაოდენობაც - 30 ტონიდან 180 ტონამდე. საჭიროა კონკურენციიდან გამომდინარე თანხის ქონა. ბანკიდან გამოტანის საკომისიო არის მაღალი. საქართველოს ბანკი სოლო კლიენტებს სთავაზობს თანხის გატანას საკომისიოს გარეშე და ვინაიდან აღნიშნული ობიექტი არის ქალაქიდან მოშორებით, მოსახერხებელია თანხის გადატანა სოლო ანგარიშზე და იქიდან გამოტანა საკომისიოს გარეშე და უპრობლემოდ. სალაროს ინვენტარიზაციის დროს მეპატრონეს დაავიწყდა მიეთითებინა ანგარიშზე გადატანილი თანხის ოდენობა. აღნიშნული თანხა მიიჩნიეს სარგებლად და დაბეგრეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, კომპანიის შემდგომი ფუნქციონირებისთვის, ნაწილობრივ შეუმცირდეს გადასახადი და ჯარიმა და გაუქმდეს საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი ლითონის ჯართის შეძენა/რეალიზაცია. საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები სრულად ანაზღაურებულია საბანკო ჩარიცხვის გზით.

საწარმოს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები აღრიცხვა ფულის მოძრაობის ნაწილში. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და მართებულად დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის დროს მეპატრონეს დაავიწყდა მიეთითებინა სოლო ანგარიშზე გადატანილი თანხის ოდენობა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია საწარმოს საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა და სალაროს ნაშთი, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული თანხა განთავსებული იყო კომპანიის დირექტორის პირად ანგარიშზე. შესაბამისად, მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7769 ბრძანება და №225-2 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №14189 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (4, 5, 9); 101; 154; 275.