ბრძანება N 8474
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8474
19.04.2023
სს „---------------“ (ს/ნ -----------)
(მის.: --------------------)
2022 წლის 4 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 და 23 მარტის სხდომებზე (ოქმები №23 და №30) განიხილა სს „----------------“ (ს/ნ ------------) №200618/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №064-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა დადგენილი კერძო პირების შეკვეთებთან მიმართებაში მომსახურების 40%-იანი ფასნამატი. ასევე, არასწორად იქნა დადგენილი საქონლის პირდაპირი რეალიზაციის შემთხვევაში 25%-იანი ფასნამატი. აღნიშნავს, რომ ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ხდება მომსახურების გაწევა დადგენილ სტანდარტთან შედარებით დაბალ ფასში, რაც გულისხმობს 10%-იან ფასნამატს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არის უკანონოდ, შეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად დარიცხული. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, ასევე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას 10%-იანი ფასნამატის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14282 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „-------------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 7 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 აპრილის N13444 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 5 ოქტომბრის №25427 ბრძანება და 2022 წლის 6 ოქტომბრის №064-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 510 420 ლარი, მათ შორის, გადასახადი 283 610 ლარი, ჯარიმა 141 063 ლარი, საურავი 85 747 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
სს „-------------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. საწარმო მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანიას შესამოწმებელ პერიოში მოგებული და შესრულებული აქვს 15- მდე პროექტი. საწარმოს დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გარდა ტენდერებისა გადამხდელს ასევე აქვს კერძო პირებისგან შეკვეთები სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო მომსახურების შესრულებაზე. ასევე, ახდენს გარკვეული სამშენებლო მასალების პირდაპირ რეალიზაციასაც, რომლის აღრიცხვა არც ბუღალტრულად და არც სხვა რაიმე ფორმით არ ხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებით დადგინდა სატენდერო პროექტებში გახარჯული მასალების თვითღირებულება ფორმა 2-ების მიხედვით. კერძო დამკვეთებთან მიმართებაში შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის ახსნა-განმარტებას, სადაც განმარტავს თუ რა შემოსავალი რა დანახარჯებით მიიღო საწარმომ. აღნიშნულ მომსახურებაზე ფასნამატმა შეადგინა 40%. შემოწმება გადამხდელის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო მასალების პირდაპირი რეალიზაციის ნაწილშიც. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც დარჩა სატენდერო და კერძო პროექტების შესრულებების შემდეგ, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, რომელიც ასევე ახსნა-განმარტებაში არის დაფიქსირებული, რეალიზებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატით 25%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ვინაიდან კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედგენისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადამხდელს სალაროს ნაშთი განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იყო შემოსავლის მიღებასთან და ჩაითვალა ანაზღაურებულად (გადახდილად), ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ჩაითვალა ასევე ანაზღაურებულად. აღნიშნული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, მათ შორის გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, დაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა)თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმოს დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გარდა ტენდერებისა გადამხდელს ასევე კერძო პირებისგან აქვს შეკვეთები სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო მომსახურების შესრულებაზე. ასევე, ახდენს გარკვეული სამშენებლო მასალების პირდაპირ რეალიზაციასაც, რომლის აღრიცხვა არც ბუღალტრულად და არც სხვა რაიმე ფორმით არ ხდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმებით დადგინდა სატენდერო პროექტებში გახარჯული მასალების თვითღირებულება ფორმა 2-ების მიხედვით. კერძო დამკვეთებთან მიმართებაში და მასალების პირდაპირი რეალიზაციის ნაწილშიც, შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის ახსნა-განმარტებას, რომლის საფუძველზეც გაწეულ მომსახურებაზე ფასნამატმა შეადგინა 40%, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან მიმართებით, რაც დარჩა სატენდერო და კერძო პროექტების შესრულებების შემდეგ, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, რეალიზებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატით 25%-ის ოდენობით. შედეგად გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, შემოწმებამ სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობა და სალაროს ნაშთი გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯისა და მისაღები/მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, მათ შორის გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, დაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა დადგენილი კერძო პირების შეკვეთებთან მიმართებაში მომსახურების 40%-იანი ფასნამატი. ასევე, არასწორად იქნა დადგენილი საქონლის პირდაპირი რეალიზაციის შემთხვევაში 25%-იანი ფასნამატი. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას, ასევე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას 10%-იანი ფასნამატის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ვინაიდან კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის შედგენისთვის გადამხდელს სალაროს ნაშთი განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 73(4)(5)(9), 101(1), 136(3), 154(1)"ა", 159(1), 163(1)(2), 164(1).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161(1).