ბრძანება N 11102

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2025
№ დოკუმენტი 11102
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11102

30 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:----) 2025 წლის 15 აპრილის და 7 მაისის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 და 23 მაისის სხდომებზე (ოქმები №34 და №43) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №95117/1/2025 და №95570/1/2025 საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორის განმარტებით, სადავო აქტში მითითებულია, რომ კომპანია დაჯარიმდა საავტომობილო ბენზინის, 40 000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოცემული რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით არის დადგენილი. კომპანიის მხრიდან მოცემულ ფაქტთან დაკავშირებულ შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაშიც კომპანია მზადაა აღნიშნული გაანგარიშება/კალკულაცია წარუდგინოს შესაბამის უწყებას.

საბაჟო ორგანომ მოახდინა მიღებული მონაცემების, ბაზაში არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარება შპს „---ის“ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც ზედაპირული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმები. ამასთან სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან იქნებოდა წარდგენილი სრული ინფორმაცია და თავიდან იქნებოდა აცილებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობაც. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია რაიმე სახის ვალდებულება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ბუნებრივი დანაკარგების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, რაიმე ფორმით. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან დადგენილია ნავთობპროდუქტების დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, არც საგადასახადო და არც საბაჟო კანონმდებლობის ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ორგანოს პერიოდული ინფორმირების ვალდებულება.

მთავარია, საქონლის ფაქტობრივი ნაკლებობა შეესაბამებოდეს (არ აღემატებოდეს) ბუნებრივი დანაკარგების ნორმით მიხედვით გამოანგარიშებული საქონლის ნაკლებობას და საქონლის ნაკლებობა ასახული იყოს ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორც ბუნებრივი დანაკარგი. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ განკარგულად მიჩნეული საქონელი წარმოადგენს არა ბოლოს შემოტანილ საქონელს, როგორც ეს მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში, არამედ წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების მიხედვით დაგროვილ საქონლის დანაკარგს.

მომჩივნის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველიც, კანონმდებლობის რეგულირების არ არსებობისა და ორაზროვნებიდან გამომდინარე. კომპანია ოქმის შედგენამდე ცდილობდა გაერკვია როგორ და რა ფორმით უნდა ეღიარებინა საბაჟო საწყობში წარმოქმნილი მაქსიმალური ზღვრული ნორმით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ოდენობები, რათა გასწორებული მარაგების ნაშთი. კომპანია სრულად აცნობიერებდა ყოველივეს და კანონის ორაზროვნების ფონზე ცდილობდა გარკვეულიყო აღნიშნულ საკითხში, რათა არ მომხდარიყო კომპანიის დაჯარიმება გაუგებრობის ან სხვა მიზეზის გამო. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 ივლისს შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ განხორციელდა საავტომობილო ბენზინის (40 000 კგ) №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა. საქონელი შენახულ იქნა შპს „----ის“ საბაჟო საწყობში (----). 2024 წლის 26 ივლისს შპს „----“-ემ (ს/ნ ----) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №125362/21- 10-21 განცხადებით, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მისივე კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS---) არ ინახებოდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 40 000 კგ). მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმებით გამოირკვა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ----) მიერ არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები ყოფილა შესრულებული. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----ს“ (ს/ნ ----), შპს „----თან“ (ს/ნ ----) ერთად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL257654), სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

აღნიშნული აქტი შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივრებში (№91668/1/2024, №91692/1/2024, №91693/1/2024 28.08.2024; 29.08.2024) წარმოდგენილი არგუმენტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისთვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.

ამდენად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებით შპს „----ს“ (ს/ნ ----) უარი ეთქვა №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირებაზე (შემცირებაზე). მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებას ადრესატი გაეცნო 2025 წლის 17 მარტს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების შესახებ“ დებულების მე3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი მითითებულია, რომ დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან. ამდენად, არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისთვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. ამდენად, 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარი მართლზომიერია. მომჩივნის მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორის განმარტებით, სადავო აქტში მითითებულია, რომ კომპანია დაჯარიმდა საავტომობილო ბენზინის, 40 000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან. ამდენად, არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისთვის, შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №21071 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ №3768 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.