გადაწყვეტილება № 27523/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27523/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27523/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----”-ის 8.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27523/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №127-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2026 წლის №11300 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 231 300,41 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 680,03

დღგ - 36 572,67

მოგების გადასახადი - 48 723,88

საშემოსავლო გადასახადი - 28 383,48

ჯარიმა - 61 936,9

საურავი - 55 683,48

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით (ქვიშა-ხრეშით). საწარმო ---- ახორციელებს ქვიშა-ხრეშის შეძენა-რეალიზაციას.

აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმებით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

პირველადი დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საწვავის გახარჯვის კალკულაციის ცხრილების და სხვა აუდირებული პირების შემოწმების მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ საწარმო თავისი საქმიანობის მასშტაბთან შედარებით ახორციელებს დიდი ოდენობით საწვავის შეძენას. დადგინდა საქონლის მიწოდების ოპერაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის ოდენობა (კილომეტრი), ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის და აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა, საწვავის დანახარჯს 100 კმ მანძილზე (საშუალოდ 66 ლიტრი). შემოწმების პროცესში არ მომხდარა დოკუმენტაციის წარმოდგენა, საიდანაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა კონკრეტული ოპერაციების მიხედვით გამოყენებული ტექნიკის მოცულობა და შესაძლებელი გახდებოდა იმის განსაზღვრა, თუ:

ა) რომელი ობიექტის მიერ მოხდა საწვავის გახარჯვა;

ბ) გახარჯული საწვავის სახე და რაოდენობა (ლიტრი).

მომჩივანს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯული საწვავის ზუსტი ოდენობის დადგენა. ნავთობპროდუქტების უსასყიდლოდ მიღების, რეალიზაციის ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის დანახარჯის გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის, მასშტაბის და მოცულობის მქონე აუდირებული პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის შეძენილი და გახარჯული საწვავის ოდენობების და ნორმების მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა საწარმოს მიერ შეძენილ საწვავის ოდენობასა და მის მიერ გადაზიდვის ოპერაციებში გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებისათვის საჭირო საწვავის ოდენობას შორის. შედეგად, საწარმოს მიერ შეძენილი 199 603 ლიტრი საწვავიდან ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებისთვის გამოყენებულად ჩაითვალა 106 379 ლიტრი. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს მიერ შეძენილ და ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში გამოყენებულად მიჩნეულ საწვავის ოდენობებს შორის სხვაობის შეძენაზე მოხდა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლილი თანხების შემცირება. ასევე, საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დაიბეგრა გამოვლენილი სხვაობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №127-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13479 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან, კერძოდ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13479 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 7.08.2025 წლის №127-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანებით საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №127-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2026 წლის №11300 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში სრულად იძლევა საწვავის ფაქტობრივი ხარჯის ობიექტურად დადგენის შესაძლებლობას. ასევე, მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა შემოწმებას დაავალა საათობრივი წვის ნორმის შესწავლა, მისი მიღებაჩაბარების აქტებში მითითებულ ნამუშევარ საათებთან თანხვედრის შემოწმება და არა მოპოვებული ბალასტის მოცულობასთან მიმართებაში საწვავის ხარჯის გაანგარიშება. აღნიშნავს, რომ საწვავის ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულია და გაწეულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. მომჩივანი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (ნოტარიულად დამოწმებული მიღებაჩაბარების აქტები, ნამუშევარი საათების ცხრილი, საექსპერტო დასკვნა №-----) საფუძველზე, საათობრივი წვის ნორმის ნამუშევარ საათებზე გამრავლების მათემატიკური მეთოდით, საწვავის ფაქტობრივი ხარჯის ხელახალ გაანგარიშებას და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამის კორექტირებას (შემცირებას). ასევე, ალტერნატივის სახით მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საწვავის ფაქტობრივი ხარჯი დადგინდეს არაპირდაპირი მეთოდით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ნორმატიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან, კერძოდ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოსცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით. ამასთან, შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა ექსკავატორის მიერ გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებული იყო ინტერნეტ საიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელი იყო 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელი იყო დადგენა, თუ რამდენი მეტრ კუბი ბალასტი მოიპოვა კომპანიამ აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯი რამდენად მიზნობრივი იყო და შეესაბამებოდა თუ არა გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარატამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია შემმოწმებლის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული დოკუმენტაცია, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, მოპოვების ადგილზე მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზის შესახებ, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯის ოდენობა, რაც მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნებოდა ინტერნეტ წყაროებზე მოძიებულ ზოგად მონაცემებს ექსკავატორის საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივი განზომილებით, და არა ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის უშუალო დაკვირვებას მოპოვების ადგილზე. შესაბამისად, წარმოდგენილი დასკვნისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ვერ დადგინდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ოდენობა, ასევე ვერ განისაზღვრა, კომპანიის მიერ რეალურად მოპოვებული ბალასტის მოცულობა და დანახარჯის მიზნობრიობა გადამხდელის საქმიანობასთან მიმართებაში. ამ ფაქტობრივი გარემოებების გამო არ დადგინდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24285 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1)