გადაწყვეტილება №21512/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 21512/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21512/2/2023

03 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 6.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21512/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ

ხელფასად განხილვა;

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28683 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 335 469.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 189 399

დღგ - 96 338

საშემოსავლო გადასახადი - 93 061

ჯარიმა - 88 080

საურავი - 57 990.08

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასურსათო-შერეული პროდუქტებით ვაჭრობა მაღაზიაში (-----------). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელს საქმიანობის 11.04.2019 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 31.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20328 ბრძანება და ამავე თარიღის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 29 აგვისტოს და 11 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.11.2023 წლის №28683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელი არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. რეალიზაცია დაფიქსირებულია კუთვნილი საკასო აპარატისა და საქართველოს ბანკის საბანკო ტერმინალის საშუალებით. მთელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციით გამოვლენილ სმფ-ის ფაქტობრივ ნაშთს. ამასთან დაბეგვრის ობიექტის მიზნებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით.

რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განსაზღვრულია 17%-ის ოდენობით, რომლის საფუძველია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამუშავებული ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნულის შედეგად, სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთებიდან დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 17%-იანი ფასნამატით ჩაითვალა მიწოდებად და განისაზღვრა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი (სალარო აპარატში განხორციელებული ბრუნვების, საბანკო ტერმინალებით მიღებული შემოსავლებისა და დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად). არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის მიხედვით 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და განისაზღვრა 6.09.2019 წელი ნაცვლად 27.11.2019 წლისა. გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრ ოპერაციებს შორის.

დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის შესწავლილი მასალების დამუშავების შედეგად კომპანიას განესაზღვრა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ასევე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს საქონლის შეძენის და რეალიზაციის პროცესს. შეძენის ყველა დოკუმენტი ასახულია გადასახადის გადამხდელის ბარათზე.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მას აქვს ვალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით. კერძოდ, რევიზიის აქტი გამოსცეს ისე, რომ შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები. რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის დაუსაბუთებელი: რევიზიის აქტის მთელი დარიცხვა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ფასნამატს, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგია უცნობია.

საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ:

1. კომპანია ვაჭრობს ძირითადად იმ სახეობის საქონლით (ბრუნვაში უკავია დიდი წილი), რომლის ფასნამატი არ აღემატება 3-5%-ს;

2. კომპანიას მთელი საქმიანობის პერიოდში არ ჩამოუწერა ვადაგასული და გადაყრილი საქონელი. ამ ტიპის საქონლის რეალიზაცია 17%-იანი ფასნამატით იძლევა არასწორ სურათს;

3. ფასნამატი მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არის უცვლელი ეს ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და რეალურ მდგომარეობას. სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ერთი ფასნამატი გაავრცელოს სამ წელზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ამისათვის მხოლოდ 30 კალენდარულ დღეს ადგენს - ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, ნათელია, რომ საგადასახდო ორგანოს მიერ გაანგარიშებული ფასნამატი არარეალურია. მიზანშეწონილია შედგეს საქონლის ჯგუფები ერთგვაროვანი ფასნამატის მიხედვით და მთელ შეძენაში, ამ პროდუქციის ხვედრითი წონების მიხედვით მოხდეს რეალიზებული პროდუქციის კორექტირება.

გარდა ამისა, რევიზიის აქტის თანახმად, კომპანიას თავისი ფუნქციობის მთელ მანძილზე არ ჰქონია საქონლის არანაირი დანაკარგი, არ დაუკარგავს არცერთი გრამი. საზოგადოებას არ ჩამოუწერია დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი და ეს საკითხი არც საგადასახადო ორგანოს შეუსწავლია. პირიქით, რევიზიის აქტის მიხედვით, შეძენილი საქონელი უდანაკარგოდ, რეალიზებული აქვს უმაღლესი ფასნამატით. საგადასახადო ორგანოს არ გაუთვალისწინებია ასევე, საცალო ვაჭრობისას დაშვებული დანაკარგები. განსაზღვრულია სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ). სწორედ ამგვარმა არასწორმა მიდგომამ გამოიწვია დარიცხვის სიდიდე. კომპანიას აქვს დიდი ბრუნვა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ბრუნვა შესაძლებელია განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფასების მოქნილი პოლიტიკის წყალობით. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ყიდის უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ბაზარზე დამკვიდრებული ფასი, რათა გაყიდოს დიდი რაოდენობის საქონელი ანუ საზოგადოება მუშაობს ბრუნვაზე/მოცულობაზე და არა ფასნამატზე.

ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით. როგორც გადასახადის გადამხდელი წერილობით ახსნაგანმარტებაში აღნიშნავს კომპანიაში არ ფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაციის თანხები ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო გადახდილ თანხებად აღიარებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯის ღირებულება, მათ შორის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიო ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი შემოწმებით გათვალისწინებულია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ დამფუძნებელი/დირექტორის ოჯახის წევრის მიწის ნაკვეთზე ააშენა იმ მაღაზიის ფართი, რომელშიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად მიღებული თანხები ვერ ჩაითვლება დირექტორის ხელფასად, რადგან ეს თანხები მოხმარდა მაღაზიის აშენებას, გარემონტებას და აღჭურვას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ 11.10.2023 წელს წარადგინა დამატებითი მტკიცებულება - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.09.2023 წლის №006743923 დასკვნა. ამდენად, ითხოვს აღნიშნული დასკვნის გათვალიწინებას.

 

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 88 080 ლარის ოდენობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 83 651 ლარი (დღგ-ში 37 121 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 46 531 ლარი) და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 4 429 ლარის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №041-68 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 57 990 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადაწყვეტილების შინაარსი არ არის მითითებული.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტი ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილს. სმფ-ის ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის №11279 ბრძანების საფუძველზე. საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა დაერიცხა ჯარიმა გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება მოეხდინა დეკლარირება საკუთარ დეკლარაციაში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხებოდა მხოლოდ 10% ჯარიმა და არა 50% როგორც ამჟამადაა და საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირების თარიღიდან და არა 15.10.2019 წლიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28683 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელი არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით.რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განსაზღვრულია 17%-ის ოდენობით, რომლის საფუძველია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამუშავებული ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნულის შედეგად, სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთებიდან დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 17%-იანი ფასნამატით ჩაითვალა მიწოდებად და განისაზღვრა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი დაკორექტირდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და განისაზღვრა 6.09.2019 წელი ნაცვლად 27.11.2019 წლისა. გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრ ოპერაციებს შორის.

დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის შესწავლილი მასალების დამუშავების შედეგად კომპანიას განესაზღვრა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაციის თანხები ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო გადახდილ თანხებად აღიარებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯის ღირებულება, მათ შორის საბანკო 4 ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიო ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);