ბრძანება N 26118

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2026
№ დოკუმენტი 26118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26118

13 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს --- ის (ს/ნ --- )

(მის.: --- ) 2026 წლის 19 ოქტომბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს --- ის (ს/ნ --- ) №184902/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 სექტემბრის №001-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში კომპანიის მიზნებისთვის გაწეული ხარჯის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 ივლისის №16064 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს --- ის (ს/ნ --- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველი ივნისის საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 9 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 სექტემბრის №20276 ბრძანება და ამავე თარიღის №001-205 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 470 134 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი 302 109 ლარი

დღგ -2130

საშემოსავლო 304 239

ჯარიმა 152 265

საურავი 15760

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს ,,---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლიდან. პირის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება. შპს ,,---“ (ს/ნ ---) დამკვეთებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და თავისივე მასალებით ასრულებს სარემონტო სამუშაოებს. დასრულების შემდეგ მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს და გამოწერენ შესაბამის ანგარიშ-ფაქტურას, რაც აისახება დღგ-ის ბრუნვებში. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 673 966 ლარს. შპს ,,--- ის“ (ს/ნ ---) შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სულ 7 დამკვეთი. მათ შორის ყველაზე მსხვილი დამკვეთები არიან შპს "---" (ს/ნ ---) (ბრუნვა 740 552 ლარი) და შპს "---ს" (სნ ---) (ბრუნვა 713 620 ლარი). შეძენილი მასალები და მომსახურება ჯამურად შეადგენს 495 827 ლარს. უნდა აღინიშნოს პირს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები, დივიდენდები, სესხები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებით, არ გააჩნია, საქონლის, ფულის და დებიტორკრედიტორების საწყისი და საბოლოო ნაშთები. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით:

მიღებული ფული განისაზღვრა სარემონტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით), რასაც გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების საფუძველზე გადახდილი თანხები, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები და ა.შ. დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლით შესაბამისად.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებლის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო დარიცხვას არ ითვალისწინებს მთავარს, რომ არ მოხდა კომპანიის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გათვალისწინება. არადადასტურებული ხარჯებიც, რომელიც კომპანიას უთუოდ თავის ფუნქციონირებისთვის დასჭირდა განხილული იქნა როგორც დამფუძნებლის სარგებელი. ასევე არ არის გათვალისწინებული იმ დამკვეთთა მიმართ გაწეული საქმიანობა, რომელიც არ ეწევა სამეურნეო საქმიანობას. მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით:

მიღებული ფული განისაზღვრა სარემონტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით), რასაც გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების საფუძველზე გადახდილი თანხები, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები და ა.შ. დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს --- ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში კომპანიის მიზნებისთვის გაწეული ხარჯის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება. პირი დამკვეთებთან აფორმებს ხელშეკრულებებს და თავისივე მასალებით ასრულებს სარემონტო სამუშაოებს. დასრულების შემდეგ მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს და გამოწერენ შესაბამის ანგარიშ-ფაქტურას, რაც აისახება დღგ-ის ბრუნვებში. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 673 966 ლარს. შეძენილი მასალები და მომსახურება ჯამურად შეადგენს 495 827 ლარს. უნდა აღინიშნოს პირს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები, დივიდენდები, სესხები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებით, არ გააჩნია, საქონლის, ფულის და დებიტორკრედიტორების საწყისი და საბოლოო ნაშთები. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით:

მიღებული ფული განისაზღვრა სარემონტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებით), რასაც გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების საფუძველზე გადახდილი თანხები, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები და ა.შ. დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლით შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1,2); 105 (2); 72 (1).