გადაწყვეტილება №25288/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2025
№ დოკუმენტი 25288/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25288/2/2025

01 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25288/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №225-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11527 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 123 198.61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 735.18

დღგ - 2 975.09 მოგების გადასახადი - (-506.37)

საშემოსავლო გადასახადი - 45 266.46

ჯარიმა - 35 481.4

საურავი - 15 982.03

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილის, ძირითადად ბანანის, ადგილობრივი შესყიდვა და საბითუმო რეალიზაცია. ასევე, ახდენს მცირე რაოდენობით ანანასის, ავოკადოს, ფორთოხლის და სხვა ხილის რეალიზაციას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.05.2025 წლის №9129 ბრძანება და №225-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით ფაქტების აღწერა

საწარმოს იჯარით აქვს აღებული სასაწყობე ფართი შპს „---“-სგან, მისამართი ქ.---ის ---. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 8 889 145 ლარს, (ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დღგ - 5 837 ლარს). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციის მიხედვით საშუალო წლიური ფასნამატი შეადგენს 4-5%-მდე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის დაახლოებით 85%, ხოლო ბანანის რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის 87%-ია. 2023-2024 წლებში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, საწარმო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. სმფ-ის რაოდენობრივ-სახეობრივი აღრიცხვას ახდენს თვის ჭრილში, სადაც ახორციელებს საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციის საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ თანხებთან დაკავშირებას, ვერ იშიფრება თვის განმავლობაში სსა-ში თითოეული ამორტყმა კონკრეტულად რომელ საქონელს უკავშირდება.

წარმოდგენილია 2022 წლის დასაწყისსა და ბოლოსთვის ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ, მათ შორის, წარმოდგენილი სალაროს მოძრაობის უწყისი. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, (მათ შორის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის- სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით) შესაბამისად რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულის ნაშთი. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%-მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობა, 149 846 ლარი, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო არ არის საქონლის შემომტანი, მისი მომწოდებელი არის ადგილობრივი, კერძოდ, იმავე ეზოში არსებული საწარმოები. საწარმო შეიქმნა პანდემიის დროს და ძალიან ჭირდა მუშაობა. შედარებით ნაკლებ ფასებში იყიდებოდა საქონელი, რათა ბაზარზე დაემკვიდრებინა ადგილი და მოეზიდა სტაბილური მყიდველები, კონკურენციის პირობებში. 2022 წელს აღრიცხვას აწარმოებდა ხელით, თვის ჭრილში აღრიცხავდა საქონლის ნაშთებს. 2023 წლიდან კი აღრიცხვა წარმოებს პროგრამულად (ORIS). საწარმო რეალიზაციას ახორციელებს 75%-ს სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო 25% არის ჩვეულებრივი მომხმარებელი (ჩეკებით), რომლებსაც არ სჭირდებათ დოკუმენტი. პროდუქცია განსხვავებული ფასებით არის გაყიდული, რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებებს. საერთო ჯამში საქონელი გაყიდულია მოგებით, რის გამოც 2022 წელს შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და დაერიცხა გადასახადი. როგორც შემოწმების აქტიდანაც ჩანს 2023 და 2024 წლებში რეალიზაცია შედარებით გაიზარდა და ბიუჯეტში შესაბამისად მეტი თანხებია გადახდილი. აღრიცხვაც წარმოებს სტანდარტების სრული დაცვით. აღნიშნული თანხის დარიცხვა გამოიწვევს საწარმოს გაჩერებას და შემდეგ სავარაუდოდ მის ლიკვიდაციას. მომჩივანი ითხოვს, რომ არ დაერიცხოს 2022 წელზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული გადასახადი, რათა საწარმომ კვლავ იარსებოს და გააგრძელოს საქმიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%-მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობამ შეადგინა 149 846 ლარი.

შედეგად საწარმოს დაერიცხა შესაბამისი დღგ. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დღგ-ის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა ფაქტების აღწერა

შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული არაგონივრული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, (მათ შორის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით) რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულის ნაშთი. შემოწმებამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%- მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს-4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებილ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობამ შეადგინა 149 846 ლარი. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დღგ-ის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5) ; 101;154;