ბრძანება N 6217

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.03.2023
№ დოკუმენტი 6217
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6217

29.03.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.---------------;

იურ. მის.:----------)

2022 წლის 11 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 11 დეკემბრის №77190/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №001-225 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის მოტივით და განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურება რეალურია, სამუშაოები შესრულებულია და გაუქმებული ჩათვლები ექვემდებარება აღდგენას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №30212 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით (გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №10902 ბრძანებით მოცული საკითხებისა). საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 9 დეკემბრის №31104 ბრძანება და ამავე თარიღის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 499 399 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 847 ლარი, ჯარიმა 322 119 ლარი და საურავი 48 433 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს მიერ 2020 წლის სექტემბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს ჯამურად 128 847 ლარს. აღნიშნული თანხა სრულად წარმოადგენს შპს „----------“ და შპს „----------“-დან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხას. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შპს „----------“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (----------, ----------, ---------------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------) და შპს „---------- “-სგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (----------, ----------, ----------, ----------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შეუმცირდა 2020 წლის სექტემბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 128 847 ლარის ოდენობით, ასევე, დაერიცხა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმებზე, რომლის მიხედვით, მომწოდებელი კომპანიების მიერ შპს ----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და გამოწერილია ყალბი აქტივის შექმნის მიზნით.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის მოტივით .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შეუმცირდა 2020 წლის სექტემბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა.ასევე, დაერიცხა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2);173(1);174(1)275(2);280(1);ლ

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილი.