გადაწყვეტილება №20635/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20635/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------22.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20635/2/2023).
დავის საგანი:
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №261-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17505 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 190 943,72 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 119 564
ჯარიმა - 59 782
საურავი - 11 597,72
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №261-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17505 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტებით, აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს --------- მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა „--------“, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების მართლზომიერება. რაც შეეხება 180 000 ლარის დივიდენდად გაცემას, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა საგადასახადო შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ (გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია). შედეგად, შემოწმებით აღნიშნული დივიდენდის გაცემა არ იქნა გათვალისწინებული და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
შესამოწმებელი პერიოდისათვის კომპანიის სალაროში ინახებოდა და საბალანსო მონაცემებში ირიცხებოდა ნაშთად 306 000 ლარი. კომპანიის დამფუძნებლებმა 2022 წლის ნოემბრის თვეში კომპანიიდან დივიდენდის სახით გაიტანეს 180 000 ლარი, რომელიც დაიბეგრა კუთვნილი გადასახადებით, დადეკლარირდა და შესაბამისად შემცირდა ნაშთი. ამასთანავე, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან კომპანიის დირექტორის მიერ დაფარულია კომპანიის საკრედიტო დავალიანების მიმდინარე ნაწილი - 124 611,4 ლარი, რასთან დაკავშირებითაც საჩივართან ერთად დანართად წარდგენილი იქნა ბანკის ანგარიშის ამონაწერი. ყველა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს არასწორად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და სანქციის შემცირება. მართლზომიერი იქნება საქვეანგარიშო თანხის ნაშთის ანალიზი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში გაცემული და დაბეგრილი (მოგების გადასახადი და დაკავებული გადასახადი დივიდენდიდან) 180 000 დივიდენდის ფარგლებში, რომლის იდენტიფიცირება მარტივია, ვინაიდან ნაშთი უძრავია და აღიარებული გადასახადი პორტალზე ფიქსირდება. ასევე, პირადი საჭიროებისთვის გამოყენებულ თანხად ვერ ჩაითვლება საქვეანგარიშო თანხის ნაშთიდან დაფარული კომპანიის დავალიანება. მართალია, ყველა ეს გარემოება საანგარიშო პერიოდის შემდგომი მოვლენებია, მაგრამ მათ ადგილი ჰქონდათ შემოწმების პროცესის დასრულებამდე და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის შეფასების საშუალებას იძლევა, დაბეგვრის მიზნებიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ მითითებული დივიდენდის თანხა გატანილია საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის შემდეგ, ხოლო კომპანიის საკრედიტო დავალიანების მიმდინარე ნაწილის - 124 611,4 ლარის დაფარვის თაობაზე ინფორმაცია შემოწმების პროცესში ცნობილი არ ყოფილა. თუ აღნიშნული განხორციელებულია საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის შემდეგ, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაშთზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. მომჩივანმა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც უთითებდა, რომ 180 000 ლარი იყო კომპანიაში და შემდეგ გაიცა დივიდენდის სახით, ხოლო დანარჩენი თანხა არის წლების განმავლობაში დაგროვილი თანხა, რომელიც წარმოიქმნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. კომპანია არ ფუნქციონირებს 2022 წლის ნოემბრის თვიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით აღნიშნულ თანხაზე კომპანიას არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);