გადაწყვეტილება №25096/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25096/2/2025
08 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------ის 18.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25096/2/2025).
დავის საგანი:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მისართები, მეორადი ზეთი და საწვავი) ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის ფასნამატით რეალიზებულად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. საწარმოს მიერ აღიარებული საწვავის დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
3. იმპორტირებული საქონლის შესყიდვის საინვოისო ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
4. დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. სალაროდან ჩამოწერილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №005-201 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 431 536.63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 817 148
დღგ - 319 541
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 375
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 68
მოგების გადასახადი - 47 608
საშემოსავლო გადასახადი - 449 556
ჯარიმა - 409 224
საურავი - 205 164.63
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი), ნავთობპროდუქტების მისართების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და მისი, როგორც საბითუმო, ასევე საცალო რეალიზაცია. კომპანიას იჯარით აქვს აღებული აგს-ები ---ის რაიონის სოფელ კ----ა და -----ში. საწარმო დაფუძნებულია 2011 წლის 6 ივლისს, თუმცა საქმიანობას ახორციელებს 2022 წლის ივნისის თვიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2024 წლის №27581 ბრძანება და №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მისართები, მეორადი ზეთი და საწვავი) ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის ფასნამატით რეალიზებულად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 8 255 368 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №748 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოში დაფიქსირდა დიზელი 8 483 ლიტრი, ბენზინი რეგულარი 4 904 ლიტრი და ბენზინი პრემიუმი 447.5 ლიტრის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნული თარიღისთვის ბენზინი რეგულარის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 83 374.3 ლიტრს, ხოლო ბენზინი პრემიუმის ბუღალტრული ნაშთი 10 483 ლიტრს.
დიზელის ნაწილში არსებითი სხვაობა ინვენტარიზაციით დადგენილ შედეგსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის არ გამოვლინდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებით, მათ შორის ბუღალტრული პროგრამით, ფიქსირდება 143 135 ლარი ღირებულების მეორადი ზეთის ნაშთი 246 822 ლიტრი ოდენობით (პროგრამულად დაფიქსირებული ბუღალტრული ნაშთის კორექტირება, კერძოდ, შემცირება განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი მეორადი ზეთის შეძენებით), ასევე ფიქსირდება 1 204 339 ლარი ღირებულების საწვავის უნივერსალური დანამატის/მისართის ნაშთი 1 234 001.5 ლიტრი ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა. აღმოჩენილი იქნა 347.6 მ3 სათბობი საწვავის ნაშთი, თუმცა აღნიშნული მასალის წარმოების ფაქტი შემოწმებით ვერ დადასტურდა. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის საწვავის სხვაობა ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით.
რაც შეეხება მისართებისა და მეორადი ზეთის ბუღალტრულ ნაშთს, აღნიშნული ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მასალების თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით (აღსანიშნავია, რომ საწარმოში ფიქსირდება მისართების დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე).
მისართების, მეორადი ზეთისა და საწვავის ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავალი განაწილდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, დამატებით გამოვლენილი შემოსავლები დღგ-ის ჩათვლით, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ ნაშთად არსებული მისართისა და მეორადი ზეთების საწარმოს ფასნამატით რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო რაც შეეხება საწვავს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2024 წელს, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენება სრულ შესამოწმებელ პერიოდზე არამართლზომიერია და აღნიშნულის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე/მომიჯნავე საანგარიშო პერიოდზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის მიერ თითქოსდა აღმოჩენილი სათბობი საწვავი არის მისართი, შესაბამისად ინვენტარიზაციისას არასწორად იქნა შეტანილი მისი დასახელება, რადგანაც სათბობი საწვავი არის ზოგადი დასახლება და არ არსებობს ამ ტიპის საქონელი და იგი მოიცავს, როგორც ბენზინს, ასევე დიზელს, მაზუთს, მისართს და სხვა. შესაბამისად მისართის ნაშთი არსებობდა და არასწორად მოხდა მისი მითითება ინვენტარიზაციის დროს. რაც შეეხება, რომ თითქოსდა მისართის დოკუმენტალურად დადასტურებული ფასნამატი არის 26% არ შეესაბამება სიმართლე, რადგანც არც დეკლარაციებით და არც ბუღალტრული პროგრამით არ დასტურდება მისართების ამ ოდენობის ფასნამატით რეალიზაცია და მისი ფასნამატი მერყეობს 1%-მდე საქართველოში. ასევე ამ საკითხში არასწორად მოხდა თანხობრივი შედეგების გამოყვანა შემმოწმებლის მიერ დადგენილი იქნა 1 903 802 ლარით მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამ თანხით გაიზარდა შემოსავალი, თუმცა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შემოსავალმა შეადგინა 1 966 082 ლარი 62 280 ლარით მეტი, თუმცა აქტის მიხედვით არ არის დასაბუთებული თუ რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული თანხობრივი ზრდა. რაც შეეხება ბენზინს დოკუმენტალურად და ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი არის 13%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საწარმოს მიერ აღიარებული საწვავის დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს საწვავის, კერძოდ, ბენზინი-რეგულარის დანაკლისი ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ აღიარებული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის მე-2 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ პოზიციაზე, რომ 206 580 ლარის შემოსავლიდან კომპანიის მიერ 110 000 ლარი დაბეგრილია დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით 20%-ით, ხოლო დარჩენილი თანხით დაფარულია კრედიტორული დავალიანებები შპს „-------“-ის (41 105 ლარი) და შპს „------ის“ (29 000 ლარი) მიმართ, ხოლო 55 000 ლარი, როგორც საწესდებო კაპიტალის სახით შემოტანილი თანხა, დაბრუნებულია შპს „---------“-ის მიერ.
შემოსავლების სამსახურმა ასევე ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს საწვავის, კერძოდ, ბენზინი-რეგულარის დანაკლისი ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ამავე თარიღში უფიქსირდება თანხის მიღება, თუმცა შემოწმების პროცესში მისი იდენტიფიცირება შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა და არც გადამხდელის მხრიდან არ გამხდარა სადავო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
206 580 ლარის შემოსავლიდან კომპანიის მიერ 110 000 ლარის დაბეგრილი არის, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანხით გასტუმრებულია შემდეგი კრედიტორული დავალიანებები შპს „-----“ - 41 105 ლარი შპს „------“-ს ს/კ ------ - 29 000 ლარი (ნაწილი დავალიანების), ხოლო დანარჩენი თანხა 55 000 ლარი შპს „-------“, დაუბრუნა საწესდებო კაპიტალის სახით შემოტანილი თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. იმპორტირებული საქონლის შესყიდვის საინვოისო ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
2022 წლის 26 სექტემბერს გადამხდელს იმპორტით აქვს შეძენილი 18 162 ლარი ღირებულების ავეჯი. საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტისა და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟო საზღვარზე თანხის გატანის ფაქტი (არ განხორციელებულა თანხის დეკლარირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითებისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია თანხა
გადახდილი არის ნაღდი ანგარიშსწორებით, რის დასადასტურებლადაც წარმოადგენს სალაროს გასავლის ორდერს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ნაღდი ანგარიშსწორებით, იმპორტის გზით, შეძენილი აქვს 18 162 ლარის ღირებულების ავეჯი, რომელზეც არ გააჩნია სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტი. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟოზე თანხის გატანის ფაქტი. შედეგად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიიჩნევს, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
4. დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს ----------სთვის (----) გადარიცხული აქვს თანხა ჯამურად 7 128 დოლარის ეკვივალენტი ლარში (19 715 ლარი) 2022 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში გადაზიდვის მომსახურების საფასურის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთჯერადად 2022 წლის 26 სექტემბერს უფიქსირდება იმპორტით 18 162 ლარი ღირებულების ავეჯის შემოტანა CPT პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრანსპორტირების ფასი შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ვერ დადასტურდა გადარიცხული თანხების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.
ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ გადარიცხვებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტური დადასტურება და ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები 36 142 ლარი ოდენობით ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულია, როგორც სალაროში თანხის შემოტანა. აღნიშნული გადარიცხვებთან მიმართებით, საწარმოს მხრიდან ვერ მოხდა გადარიცხვის დოკუმენტურად დადასტურება და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა, ასევე ვერ მოხდა თანხის მიმღები ფიზიკური პირებისთვის ჩარიცხული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიუთითა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციასა და მტკიცებულებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას გააჩნდა დავალიანება შპს „-----“-ს მიმართ, რომელსაც თავის მხრივ ჰქონდა დავალინება „-----------”-ს მიმართ, მხარეების შორის გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება და კომპანიის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა შპს „-----“-ის დავალიანება, რითაც კომპანიას შეუმცირდა დავალიანება შპს „---------“-ს მიმართ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. სალაროდან ჩამოწერილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „------ზე“ გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარის ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ შპს „---------ს“ ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ამასთანავე, კომპანიის მიერ ნაღდი ფულის საწარმოდან გატანის ფაქტის დოკუმენტური დადასტურება ვერ მოხდა შემოწმების პროცესში.
აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მხრიდან სალაროდან ჩამოწერილი თანხა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „-------ზე“ გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარი ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ შპს „------ს“ ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან ჩამოწერილი თანხა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შპს „--------ის“ მიმართ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს -----------ის (ს/ნ --------) მიმართ თანხა გადახდილი არის ნაღდი ანგარიშსწორებით და უახლოეს დღეებში წარმოადგენს შესაბამის საბუთს, რომლითაც დადასტურდება თანხის გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანება;
3. საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხი
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის ფასნამატით რეალიზებულად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. საწარმოს მიერ აღიარებული საწვავის დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
3. იმპორტირებული საქონლის შესყიდვის საინვოისო ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
4. დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. სალაროდან ჩამოწერილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №27581 ბრძანება და №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №6003 ბრძანებით:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №6003 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის №6003 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირველ,მეორე,მეოთხე და მეხუთე სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის №6003 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 982(1 „ბ“); 983(2); 101(1); 154(1 „ა“); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);