ბრძანება N 28634

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 28634
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28634

21 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----- -ს “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 31 ოქტომბრის, 2 ნოემბრის და 8 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2023 წლის 31 ოქტომბრის №84529/1/2023, 2 ნოემბრის №185605/21-11 და 8 ნოემბრის №189163/21-11 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №081-196 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ დარიცხვა არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №20553 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 სექტემბრის №23731 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-196 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 122 054 ლარი, მათ შორის გადასახადი 79 669 ლარი, ჯარიმა 39 835 ლარი და საურავი 2 550 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

●შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ების აღრიცხვას არ აწარმოებდა არანაირი ფორმით. ამასთან, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 26%-ს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება (შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს ზედმეტობის ხარჯზე ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულის 56 377 ლარი). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ შეუძენია ძირითადი საშუალებები და არ ანაწილებს მოგებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად. თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო ფორმითა და წესით, შესაბამისად, არ წარმოუდგენია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კომპანიის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 6 ივლისს შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვითაც კომპანიის სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ების აღრიცხვას არ აწარმოებდა არანაირი ფორმით. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 26%-ს შეადგენდა. ამასთან, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შეადგენდა 1,5%-6%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად, თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო ფორმითა და წესით, არ ჰყავდა დებიტორკრედიტორები, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით კომპანიის სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად, გაანგარიშებული სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბერს წარმოდგენილ საჩივარზე გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №"------" წერილით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე. აღნიშნული წერილის პასუხად გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2023 წლის 2 და 8 ნოემბერს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივრები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

ამგვარად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

●კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 26%-ს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ შეუძენია ძირითადი საშუალებები და არ ანაწილებს მოგებას.შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად. თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

● გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო ფორმითა და წესით.კომპანიის სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),136(3),101,154,158,159,163,164.