გადაწყვეტილება № 27731/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27731/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 6.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27731/2/2026).
დავის საგანი:
1. ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირებული საქონელის მიწოდებად განხილვა;
2. არასამეწარმეო მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. მეწარმედ არარეგისტრირებულ პირებზე გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №072-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12086 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 116 329,56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 230
დღგ - 35 187
საშემოსავლო გადასახადი - 38 043
ჯარიმა - 38 054
საურავი - 5 045,56
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (-----) სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12086 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირებული საქონელის მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ერთიანი საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემების ანალიზის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგნაირად: სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურების ღირებულებას დაემატა მეწარმე ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მომსახურების/საქონლის მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები. მათ შორის გამოვლინდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნული, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულებებით დადგენილი პირობები, მ.შ ავანსები და მათი განაშთვის პირობები. შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მეტია, ვიდრე შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არის დაფიქსირებული.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე სამშენებლოსარემონტო მომსახურებას. შემოწმებით გამოვლინდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი საქონელი ჩაითვალა მიწოდებად და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართები ფორმდება მიმწოდებლის მიერ, მყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ზედნადებში მითითებული მისამართი არ წარმოადგენდა საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო შიდა გადაზიდვის დოკუმენტის საფუძველზე, რაც გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში კომპანიას დაერიცხა 35 187 ლარი. შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულია, რომ მონაცემთა დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შესრულებულ სამუშაოებს შორის დღგ-ის ბრუნვაში. ასევე დასაბეგრ ბრუნვაში ჩათვლილია „მეწარმე ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე მომსახურების/საქონლის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები“, მათ შორის დაფიქსირებულია საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევები ისეთ მისამართებზე, სადაც კომპანიას შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები.
დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუღებელია საგადასახადო ორგანოს დასკვნა, თითქოს კომპანიას გააჩნდა ისეთი საქონელი ან განხორციელებული ჰქონდა ისეთი მიწოდება, რომელიც არ იყო გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართები ფორმირდება მიმწოდებლის მიერ და არ წარმოადგენს საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს, შესაბამისად აღნიშნული გარემოება ვერ გახდება დამოუკიდებელი მიწოდების დასაბუთების საფუძველი. რეალურად, შეძენილი საქონელი სრულად გამოყენებულია სახელმწიფო ტენდერებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, რაც დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შესრულებული სამუშაოების აქტებით (ფორმა №2).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირებას, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, რომ შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა ერთიანი საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის ისეთ მისამართებზე ტრანსპორტირების შემთხვევები, სადაც გადასახადის გადამხდელს შესაბამის პერიოდებში არ ჰქონდა ტენდერის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოები. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართები ფორმირდება მიმწოდებლის მიერ, მყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ზედნადებში მითითებული მისამართები არ წარმოადგენდა საქონლის საბოლოო გამოყენების ადგილს, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო შიდა გადაზიდვის დოკუმენტის საფუძველზე, რაც არ ფიქსირდება ბაზაში.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელებულია საქონელის შეძენა სასაქონლო ზედნადებებით, რომელიც ტრანსპორტირებულია საწარმოს მიერ განხორციელებული ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე, შეძენილი საქონელის მიწოდებულად ჩათვლა და დღგ-ის დარიცხვა მართლზომიერია.
2. არასამეწარმეო მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გაწეული ხარჯები ფიქსირდება პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ----- (პ/ნ ----) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საბანკო ამონაწერის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან არასამეწარმეო მიზნებისთვის გაწეული ხარჯები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვები განხორციელებულია არაეკონომიკური ხარჯების საფუძველზე. არაეკონომიკური ხარჯების კლასიფიკაცია არ ასახავს ოპერაციების რეალურ ეკონომიკურ შინაარსს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საბანკო ანგარიშიდან გაწეული ხარჯები ფიქსირდება პირადი, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სხვა არასამეწარმეო მიზნებისთვის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ თანხები გახარჯვის შინაარსის გათვალისწინებით, პირადი სარგებლობისთვის გახარჯულად მიჩნევა და გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართლზომიერია.
ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. მეწარმედ არარეგისტრირებულ პირებზე გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერების ფარგლებში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით არ არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებად, მომსახურება გაუწიეს შპს „----“-ს, თუმცა გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები არ აქვს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში ასახული.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმებისთვის წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით, ტენდერების ფარგლებში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებად, მომსახურება გაუწიეს შპს „-----“-ს, თუმცა გადამხდელს ფ/პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები არ აქვს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში ასახული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა ტენდერების ფარგლებში ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდები დაკავშირებულია შესრულებულ სამუშაოებთან და მათი ავტომატურად ხელფასად დაკვალიფიცირება არ არის დასაბუთებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმების შედეგად ხელშეკრულებების მიხედვით დადგინდა, რომ ტენდერების ფარგლებში რამდენიმე ფიზიკურმა პირმა მომსახურება გაუწიეს შპს „------“-ს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით არ არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებად. გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები არ აქვს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში ასახული.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მეწარმედ არარეგისტრირებულ პირებზე განხორციელებული გადახდების ნაწილში არგუმენტს ვერ წარმოადგენს.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოს მიერ მომსახურების თანხები გადახდილია ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ იყვნენ, გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
4. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 3 თებერვალს ჩატარდა შპს „-----“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ------- (პ/ნ ------- ) ხელფასის სახით განაცემად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განკარგვადი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორულკრედიტორული დავალიანების შესახებ. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებისა და ზედნადებების ურთიერთანალიზის შედეგად, ხარჯის ნაწილში დამატებით გათვალისწინებულ იქნა 59 148 ლარი იმ მასალებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით, თუმცა არ ფიქსირდებოდა აღნიშნული საქონლის შეძენა. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის სანქცია, შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაანგარიშებულია ფულადი სახსრების შემოსავლები და ხარჯები და დადგენილია სალაროს ნაშთის დანაკლისი.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვები არასწორია. განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას სრულად არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ გაწეული ფულადი სახსრების დანახარჯები, რის შედეგად სალაროს დანაკლისი წარმოადგენს არასრული და არასწორი გაანგარიშების შედეგს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 3 თებერვალს ჩატარდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგებზე შედგენილ ოქმში დაფიქსირდა ნულოვანი ნაშთი. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული იქნა განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება.
მომჩივანი განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას ყველა ხარჯი არ არის ჩართული, ვინაიდან შემმოწმებელი აუდიტორისთვის არ იყო წარდგენილი ინფორმაცია. საწარმომ როგორც წარომადგენელს საჩივრის განხილვის მომენტისთვის გადასცა მასალები.
აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2026 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია დამატებით ხარჯის დამადასტურებული დოკუმენტები. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებისა და სასაქონლო ზედნადებების ურთიერთანალიზის შედეგად ხარჯის ნაწილში დამატებით გათვალისწინებულ იქნა 59 148 ლარი ისეთ მასალებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებით, მაგრამ არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთი არსებული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირებული საქონელის მიწოდებად განხილვა;
2. არასამეწარმეო მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. მეწარმედ არარეგისტრირებულ პირებზე გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებად იყო დეკლარირებული სახელმწიფო ტენდერით მიწოდებული მომსახურებისა და მეწარმე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე განხორციელებული მიწოდებების გათვალისწინებით, მათ შორის ტენდერის მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე ტრანსპორტირებული საქონლის მიწოდებულად მიჩნევის გამო, რის შედეგადაც დაერიცხა დღგ-ის ჯარიმა.
ასევე დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშიდან გაწეული არასამეწარმეო ხასიათის ხარჯები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და ჯარიმით.
წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ტენდერების ფარგლებში მომსახურება გაუწიეს არარეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირებმა, რომელთა ანაზღაურება არ იყო დეკლარირებული, რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
დამატებით, სალაროში ნაღდი ფულის შემოწმებამ ნულოვანი ნაშთი და დაუდასტურებელი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება გამოავლინა, რის საფუძველზეც ასევე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);159;163;164;101;154;275;