გადაწყვეტილება №19416/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 19416/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19416/2/2023

04.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 10.04.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19416/2/2023).

 

დავის საგანი:

მომსახურების გამწევი ფიზიკური პირის დაქირავებულ პირად განხილვა და მასზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №041-42 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3755 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 90 960,05 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 50 219

ჯარიმა - 25 210

საურავი - 15 531,05

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 3.08.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ავტოთვითმცლელით გადაზიდვის მომსახურებას უწევდა მხოლოდ შპს „----------“. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 30.01.2020 წლამდე დაქირავებული ყავდა ი/მ ---------, რომელიც მომჩინისგან შემოსავალს იღებდა ხელფასის სახით, ხოლო 30.01.2020 წელს აღნიშნულ პირთან გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემკვეთის (შპს „--------“) დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის (----------) მიერ ავტოთვითმცლელით მომსახურების გაწევა (ობიექტის ტერიტორიაზე წარმოების დამხმარე ნედლეულის გადაზიდვა). შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს პირადად. მომსახურების გაწევა მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯსაც (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). გაწეულ მომსახურებაზე ანაზღაურება განისაზღვრება ყოველთვიურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო საზღაურის გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის მიღების დღეს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ 1.02.2020 წლიდან ი/მ ------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, მცირე მეწარმე --------, 1.02.2020 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, უფიქსირდება მხოლოდ შპს „-------თვის“ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი, ჯამში 200 894 ლარი, რომელიც დაბეგრილია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და განაკვეთით, ხოლო მის მიერ 18.03.2020 წლიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული მომსახურების გაწევიდან (დღგ-ით დასაბეგრი) მიღებული ჯამური შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს.

მცირე მეწარმე -------- არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. არც შპს „--------“ და არც მცირე მეწარმე -------- საკუთრებაში ავტოთვითმცლელები არ უფიქსირდება. შპს „----------“ მიერ მცირე მეწარმე ---------ზე 2020 წლის მარტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადახდილი მომსახურების ანაზღაურება შეადგენს შპს „----------“ მიერ შპს „---------თვის“ გადახდილი მომსახურების ანაზღაურების 73%-ს.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული კითხვარის (კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ) შევსებისას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე -------- კლასიფიცირდა შპს „--------“ მიერ დაქირავებულ პირად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, მცირე მეწარმე -------- ჩაითვალა შპს „--------“ მიერ დაქირავებულად, რის შედეგადაც, შპს „-------“ წარმოექმნა ---------ზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №041-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ------- საწარმოს დაქირავებულ პირად განხილვას და მასზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ --------- და შპს „--------“ შორის გაფორმებული იყო 30.01.2020 წელს მომსახურების ხელშეკრულება. ანაზღაურება ხდებოდა შესაბამისი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეთანხმებული მომსახურება სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ი/მ --------- (მცირე მეწარმე) თავად წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს, აქედან გამომდინარე, შპს „---------“ არ ჰქონდა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულება. ი/მ --------- არ ფიქსირდებოდა შპს „--------“ დაქირავებულ პირთა რეესტრში და არც დაქირავებით მუშაობა/მომსახურების გაწევის კითხვარში. მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 23.06.2023 წელს, 17:30 სთ-ზე, მომჩივნის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროის შესახებ, თუმცა მომჩივანს საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შუამდგომლობა წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული კითხვარის (კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ) შევსებისას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე -------- კლასიფიცირდა შპს „---------“ მიერ დაქირავებულ პირად.

მომჩივანმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგინა დამატებით მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომსახურების გამწევი ფიზიკური პირის დაქირავებულ პირად განხილვა და მასზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგად, მცირე მეწარმე ჩაითვალა მომჩივნის მიერ დაქირავებულად, რის შედეგადაც, მომჩივანს წარმოექმნა გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3755 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ")(4), 154(1"ა"), 101(1).