გადაწყვეტილება №26113/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2025
№ დოკუმენტი 26113/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26113/2/2025

27 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 3.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26113/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული ქათმების კვერცხის დების პერიოდით, წარმადობით, დანაკლისით და გამოსავლიანობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2025 წლის №21915 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 520 222.41 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 287 681

ჯარიმა - 143 243

საურავი - 89 298.41

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვერცხის წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2024 წლის №23929 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელს ---დან შემოჰყავს ---- ჯიშის ქათმები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ, გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად უფიქსირდება 19 500 ფრთა ქათამი.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებული კალკულაციები არ მიუწოდებია. წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც გატარებულია ძირითადად სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული კვერცხი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამა ჩაითვალა არასრულყოფილად.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრუნვები დათვლილია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შესწავლილია მომწოდებლის მიერ განსაზღვრული გამოსავლიანობა და ----- ჯიშის ქათმების კვერცხის დების მაჩვენებელი, გაკეთდა კვერცხის დების ამსახველი ცხრილი ყოველ კვირაში, კვერცხის წარმოებაში კვერცხის მტვრევის დანაკარგის გათვალისწინებით (3%). გარდა ამისა, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია ქათმის სიკვდილიანობა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიხედვით. შედარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა დამატებით სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14265 ბრძანება და ამავე თარიღის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2025 წლის №21915 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან, ქათმების კვერცხის დების პერიოდთან, წარმადობასთან, დანაკლისთან და გამოსავლიანობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული შესაბამისი აღრიცხვა წარმოებული კვერცხის, მისი გამოსავლიანობისა და ქათმის დაცემასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შედარებულიყო მიმწოდებლის მიერ დადგენილ ნორმებთან. შემოწმების მიერ ვერ იქნა განსაზღვრული შესაბამისობაში იყო თუ არა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული კვერცხი რეალურად წარმოებულ კვერცხთან. შედეგად, წარმოება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა თავად მომწოდებლის მიერ ვებ გვერდებზე ასახული ინფორმაცია, რომლის მიხედვით წარმოების პროცესი მიმდინარეობს 100 კვირის განმავლობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი ბროშურა გამოცემულია 2019 წელს, ხოლო შემოწმების მიერ გამოყენებულია იმავე მომწოდებლის 2021 წლის ბროშურა. აუდიტის დეპარტამენტი აქვე მიუთითებს, რომ კომპანიას შემოწმების პროცესში კონკრეტულად შემოყვანილ ქათამზე თანდართული არც ბროშურა წარუდგენია და არც 100 კვირიანი კვერცხის დების საკითხი დამდგარა ეჭვქვეშ.

ქათმების დანაკლისთან დაკავშირებით კი შემოწმება მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით ქათმის ჩამოწერა ხდებოდა 100 კვირის გასვლის შემდგომ. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საწარმოს პერსონალის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც მითითებული იყო დაღუპული ქათმების კონკრეტული რაოდენობა, თუმცა აღნიშნული აქტის რეალობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვის ან სურსათის უვნებლობის სამსახურისთვის მიმართვის ფაქტი არ ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული აქტი და დაცემული ქათმის რაოდენობა არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში. ასევე აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში, რომელსაც გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად მიიჩნევს, ქათმის დაცემა აღრიცხული არაა და მთელი პერიოდის შემოყვანილი ქათმის რაოდენობაა ასახული. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ასევე, წარადგინა მომწოდებლის წერილი, სადაც მომწოდებელი განმარტავს შესაძლო სიკვდილიანობის მაჩვენებელს მათ შორის მგზავრობის დროს, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ დასტურდება შესაბამისი ფაქტის რეალობა. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ თავად იქნა გათვალისწინებული ყოველთვიური დაცემის კოეფიციენტი (0,76%) ანალოგიური აუდირებული კომპანიების მონაცემების მიხედვით. ასევე გათვალისწინებულ იქნა კვერცხის ტეხვის კოეფიციენტიც (3%). გარდა ამისა, შემოწმების მიერ ჩატარდა შეძენილი საკვებისა და კვერცხის ფირფიტების ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ შეძენილი და გახარჯულია იმაზე მეტი რაოდენობის საკვები, ვიდრე ნორმით საჭირო იყო შემოწმების მიერ გათვალისწინებული ქათმის გამოსაკვებად, ხოლო რაც შეეხება ფირფიტებს, შეძენილია და გახარჯულია ასევე იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო შემოწმების შედეგად დადგენილი კვერცხის რაოდენობისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით შპს „-----ის“ კუთვნილი ცოცხალი ქათმების (სეს ესნ კოდი 0105) იმპორტისას ჩატარებული ვეტერინარული კონტროლის დროს დაცემული ფრინველების არსებობა არ დადასტურებულა. სხვა ორგანიზაციების მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მსგავსი საქონლის დეკლარირების შემთხვევაში კი 2020 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, 010511 და 010594 სეს ესნ სასაქონლო პოზიციებით დეკლარირებული საქონელი წითელ დერეფანში შერჩეული იქნა 22 საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში. აქედან 21 საბაჟო დეკლარაციის დათვალიერების ინსპექტირების აქტების მიხედვით, შეუსაბამობა ან რაიმე სახის სამართალდარღვევა, აგრეთვე საქონლის ნაკლებობა (მათ შორის, დათვალიერების აქტში ტრანსპორტირებისას დაცემული ქათმები) არ გამოვლენილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტები გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტების ბათილობის საფუძველია. კერძოდ, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი - აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №225-8 საგადასახადო მოთხოვნა - იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი შემოწმება შეუძლებელია. ეს გარემოება კიდევ ერთხელ დადასტურდა დავების განხილვის საბჭოს 7.08.2025 წლის სხდომაზე, როდესაც აქტის დასაცავად, აქტის ავტორები იშველიებდნენ იმ გარემოებებს და ფაქტებს, რომელიც არ არის მითითებული/შესწავლილი აქტში. ეს გარემოებებია, მათ შორის, საკვებისა და კვერცხის ფირფიტების შეძენის მონაცემები.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ „აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა“. სრულიად გაუგებარია როგორ უნდა წარედგინა გადასახადის გადამხდელს პოზიცია და მტკიცებულებები გარემოებებზე, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მიმდინარე დავის დროს იქნა გაჟღერებული აქტის ავტორების მიერ და მხოლოდ დავის დროს გახდა ცნობილი ამ გარემოებების თაობაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებისათვის. წინამდებარე საჩივარს ერთვის საკვებისა და კვერცხის ფირფიტების შეძენის მონაცემები, ამ ინფორმაციის შესწავლის შემთხვევაში, საკითხზე სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია თუ როდის ეძლევა საგადასახადო ორგანოს უფლება, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით კანონმდებელი ამბობს, რომ თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადავიდეს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე. საგადასახო ორგანომ აქტში მიუთითა მხოლოდ კანონის კონკრეტული მუხლი - საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და გადმოწერა ამ მუხლის შემადგენლობა, თუმცა, რაიმე სახის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია კანონის ეს ნორმა მითითებული არ არის! არსად! მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ მიაწოდა კალკულაციები. თუმცა კალკულაციებს რა კავშირი აქვს დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრასთან - შემოსავლის მოცულობასთან გაუგებარია და არც განმარტებულია. ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შემოწმება. კერძოდ, გაუგებარია რა ჩათვალა საგადასახადო ორგანომ კანონდარღვევად! აქტში მითითებულია, მხოლოდ კოდექსის მუხლი და არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელმა დაარღვია თუ არა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და რაში გამოიხატება ეს დარღვევა!

აქტში ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელმა გადასცა აუდიტის დეპარტამენტს პროგრამა ორისი ანუ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას ისე როგორც ეს დადგენილია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, პროგრამა ორისში. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი განსაზღვრავს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის, წარდგენილი ინფორმაციისა და პირადი აღრიცხვის ბარათის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს საქონლის შეძენის და რეალიზაციის პროცესს. შეძენის ყველა დოკუმენტი ასახულია გადასახადის გადამხდელის ბარათზე, ასევე, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რეალიზაციის დასრულება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მას აქვს ვალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით. კერძოდ, შემოწმების აქტი გამოსცეს ისე, რომ შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები. რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნისთანავე წარდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია, დროულად და სრულად. აღნიშნული გარემოება დასტურდება დოკუმენტურად.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის არანაირი საფუძველი.

შემოწმების შედეგად შეიცვალა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ 1 598 327 ლარით დასაბეგრი ბაზის გაზრდა ნიშნავს, რომ კომპანიამ მოახდინა 5 327 757 ერთეული კვერცხის რეალიზაცია სასაქონლო ზედნადების გარეშე ანუ ყოველდღე, კვირაში 7 დღე - შაბათ/კვირის ჩათვლით ხდებოდა 6 054 ერთეული კვერცხის რეალიზაცია, სასაქონლო ზედნადების გარეშე. რაც, თუ გავითვალისწინებთ კვერცხის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს - სრულიად აბსურდულია. ამასთან, არცერთი სავაჭრო ობიექტი არ მოახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე და არ მოახდენს მის რეალიზაციას შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

რაც შეეხება დავის განხილვისას წარდგენილ არგუმენტებს კვერცხისათვის საჭირო ფირფიტების შეძენის რაოდენობის თაობაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელისათვის მხოლოდ დავის პროცესში გახდა ცნობილი, აღსანიშნია რომ მხოლოდ შეძენილი ფირფიტების რაოდენობა არაფერზე მეტყველებს. აქტის გამოცემისას არ ჩატარებულა ამ საკითხის შესწავლა, არ არის ცნობილი რამდენი ირიცხებოდა ნაშთის სახით, რა რაოდენობის ფირფიტა იქნა ჩამოწერილი გაუვარგისების, ქარხნული წუნის და სხვა მიზეზის გამო. საკითხის არასრულყოფილი შესწავლის შედეგია აუდიტის დეპარტამენტის მცდარი შეხედულება, რომ ყოველდღე, კვირაში 7 დღე - შაბათ/კვირის ჩათვლით ხდებოდა 6 054 ერთეული კვერცხის რეალიზაცია, სასაქონლო ზედნადების გარეშე. ამასთან, არ გამოვლენილა/დაფიქსირებულა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზაციის არცერთი ფაქტი.

ასევე, შემოწმების შედეგად არასწორად არის განსაზღვრული კვერცხის დების პერიოდი. რევიზიის აქტის მიხედვით, --- წარმომავლობის ფრინველის - ----- (-------) კვერცხისდების პერიოდი განსაზღვრულია 100 კვირით და ერთი ფრინველის წარმადობამ/დადებული კვერცხის რაოდენობამ შეადგინა 471,1 ცალი. რაც სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს და თვითონ მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ სახელმძღვანელოს. ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიის კუთვნილი ფრინველის კვერცხისდების პერიოდი, ძირითადად, იწყება 20-21 კვირიდან და სრულდება 71 კვირაზე. არის შემთხვევები, როდესაც კვერცხისდება უფრო გვიანაც იწყება 23-ე, 24-ე კვირაში. საგადასახადო ორგანოს პოზიცია რადიკალურად განსხვავდება თვით პროდუქტის მომწოდებელი ფირმის პოზიციისგან. მომწოდებელ ფირმას თავის ოფიციალურ საიტზე განთავსებული აქვს ბროშურა, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული ---- (----) ჯიშის ფრინველის მოვლის ინსტრუქცია და წარმადობის ძირითადი მაჩვენებლები. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https:------.

მომწოდებლის საიტზე განთავსებულ სახელმძღვანელოში, რომელიც რეალურად არის სარეკლამო ბროშურა და ყველა მონაცემი არის მაქსიმალურად მიახლოებული იდეალურს - კვერცხისდების პერიოდი შეადგენს 19-20 კვირიდან 95 კვირამდე, ხოლო წარმადობა შეადგენს 438,4 ერთეულს. მოგეხსენებათ, რომ როდესაც მწარმოებელი რეკლამას უკეთებს საკუთარ პროდუქტს - ცდილობს ეს პროდუქტი წარმოაჩინოს მაქსიმალურად მიმზიდველი. ამ მიზნის მიუხედავადაც კი მწარმოებელი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ფრინველის კვერცხისდების შესაძლებლობა შეადგენს 95 კვირას რა დროსაც ფრინველი საშუალოდ დებს 438,4 ერთეულ კვერცხს.

დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი გახდა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა აიღო მწარმოებლის უფრო ახალი ბროშურა, რომელშიც კვერცხის დების პერიოდად მითითებულია 100 კვირა, რაც სრულიად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეალურ მდგომარეობას. ფრინველი გადასახადის გადამხდელს შემოყვანილი ჰყავს იმ პერიოდში, როდესაც მწარმოებელი კვერცხის დების 95 კვირის რეკლამას აკეთებდა. ბროშურა არის სწორედაც რომ სარეკლამო ხასიათის და სრულიად ახალი სარეკლამო ბროშურის გამოყენება ბრმად, რომელიც შესაძლებელია, ჯიშის გაუმჯობესების შედეგადაც გამოიცა - არ შეიძლება. არ შეიძლება უახლესი სარეკლამო ბროშურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდეს აუდიტის დეპარტამენტი, რომ კვერცხის დება გრძელდებოდა 100 კვირა და ერთი ფრინველის წარმადობა დადგენილია 471,1 ერთეულის ოდენობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს ქართულენოვან ნორმატიულ დოკუმენტზე, საიდანაც ნათელია, რომ ---- ჯიშის წიწილიდან დაფრთიანებული დედალი, საქართველოში, კვერცხის მდებელია მხოლოდ 80 კვირამდე. ---- ჯიშის ქათმის საქართველოში კვერცხისდების პერიოდი რომ არ აღემატება 80 კვირას, მოწმობს მომწოდებლის 19.03.2025 წლის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ კვერცხდების პერიოდი შეადგენს 80 კვირას.

ამასთან, ხაზგასასმელია შემდეგ არსებითი ხასიათის გარემოება, მწარმოებლის იმ ბროშურიდან, რომელიც პერიოდის მიხედვით შეესაბამება გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოში ფრინველის შემოყვანის პერიოდს, ნათელი ხდება, რომ კვერცხდების პერიოდის დაწყება, გამოსავლიანობა (კვერცხის რაოდენობა კვირაში) და კვერცხის ხარისხი (კვერცხის წონა ანუ კვერცხის კატეგორია) დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე როგორიცაა: სტრესი, ფრინველის მოვლის ხარისხი, საკვების ხარისხი, გარემო ფაქტორები (ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა), მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა. სწორედ ეს გარემოებები განაპირობებენ ფრინველის კვერცხის დების ხანგრძლივობას, რომელიც ყოველი კონკრეტული შემთხვევაში განსხვავებულია და ამ შემთხვევაში არ აღემატება 71-75 კვირას. თვით მწარმოებლის ბროშურაში კვერცხდების პერიოდი იწყება 20 კვირიდან (იხ.----) პიკს აღწევს 33-40 კვირაზე და შემდეგ წარმადობა იკლებს რადიკალურად. წარმადობა იკლებს იმდენად, რომ ფრინველის შენახვას აზრი ეკარგება. ფრინველის შენახვაზე გაწეული ხარჯი ბევრად აღემატება მიღებულ შემოსავალს საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას. კომპანიის დირექტორი თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ ამ სფეროში გამოუცდელობის გამო, სათანადოდ ვერ უვლიდა ფრინველს და შესაბამისად დიდი იყო ფრინველის დაცემის პროცენტი, ხოლო ცოცხლად შენარჩუნებული ფრინველი კვერცხდების 80 კვირიან ვადას ვერც უახლოვდება - ფრინველი კვერცხდებას იწყებს 20-21 კვირიდან და ასრულებს 71 კვირაზე.

ასევე, შემოწმების შედეგად არასწორად არის განსაზღვრული კვერცხისმდებელი ქათმების რაოდენობა. შემოწმების აქტის მიხედვით, ისე იქნა გაანგარიშებული შემოსავალი, რომ არ იქნა გათვალისწინებული ფრინველის რეალური დაცემის ოდენობა. ამასთან, ფრინველის დაცემის ფაქტორის გაანგარიშების მეთოდოლოგია არასწორია. მომწოდებლის 19.03.2025 წლის წერილის მიხედვით, ფრინველის მგზავრობის შედეგად მოსალოდნელია დანაკარგი 2-5 პროცენტის ფარგლებში. ხოლო მგზავრობის დასრულების მომდევნო 10 დღის მანძილზე დანაკარგი შეიძლება შეადგენდეს 4-5 პროცენტს. ხოლო კვერცხდების პროცესის დასრულებამდე - 80 კვირამდე, დანაკარგი შეიძლება შეადგენდეს 15%-ს. აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ და მიღებული პროდუქტის კვერცხის რაოდენობის გასაანგარიშებელ ცხრილებში, ფრინველის რაოდენობა საწყის პერიოდში, აღებულია უდანაკარგოდ. რეალურად, როგორც კომპანიის მიერ შედგენილი აქტები მოწმობენ, მგზავრობის და მგზავრობის შემდგომ ათდღიან პერიოდამდე დანაკარგი შეადგენდა: 5.10.2022 წელს შემოყვანილი 27 700 ფრთის შემთხვევაში - 5 330 ფრთას, (19.2%) და 6.11.2023 წელს შემოყვანილი 28 000 ფრთის შემთხვევაში - 5 740 ფრთას (20.5%). შესაბამისად, ამ რაოდენობით ნაკლები ფრინველი უნდა მონაწილეობდეს გაანგარიშებებში საწყისი რაოდენობების სახით, ხოლო 80 კვირამდე პერიოდში - მინიმუმ, გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტული დაცემის პროცენტი - 15%-მდე.

პრინციპულად არასწორად მიაჩნია დაცემის კოეფიციენტის თანაბრად გადანაწილება თვეების მიხედვით, რადგან როგორც მწარმოებლის 19.03.2025 წლის წერილიდან ნათელია მგზავრობის და მგზავრობის შემგომ 10 დღიან პერიოდში დიდია ფრინველის დაცემის პროცენტი: მგზავრობისას იგი შეადგენს 2-5%, ხოლო პირველი 10 დღის განმავლობაში კი - 4-5%-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოყვანილია (ტრანსპორტირებას გადიან) 103-105 დღის ანუ 14-15 კვირის წიწილები, ფრინველის დაცემის პროცენტული მაჩვენებელი მე-15, მე-16 კვირაში შეადგენს დაახლოებით 6-10 პროცენტს. კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ მწარმოებლის წერილში მითითებული ფრინველის დაცემის პროცენტული მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალია, თითქმის გაორმაგებულია. მაგრამ, მხოლოდ მწარმოებლის წერილის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშების მეთოდოლოგია, დაცემის ფაქტორის გავლენასთან დაკავშირებით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აუდიტის მიერ, დაცემის კოეფიციენტი თანაბარია თვეების მიხედვით, რაც სრულიად არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. რეალურად, უკვე მე-15, მე-16 კვირის ბოლოს ფრინველის რაოდენობა უნდა იყოს შემცირებული დაახლოებით 6-10 პროცენტით. ეს მხოლოდ მწარმოებლის წერილის გათვალისწინების შემთხვევაში - ანუ სტანდარტულ მდგომარეობაში.

კომპანიას ჰქონდა ბევრი ისეთი გაუთვალისწინებელი ფაქტორი, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფაბრიკას. განსაკუთრებით ელექტროენერგიის გათიშვის რამდენიმე შემთხვევა - ვენტილაციის გათიშვის გამო დაეცა დიდი რაოდენობის ფრინველი. სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ფრინველის დაცემის შემთხვევები კომპანიას არ აქვს აღრიცხული კანონმდებლობით დადგენილი წესით. რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი არარეალური სურათის შექმნას. როგორც უკვე აღინიშნა, დანაკარგი შეადგენს გაცილებით მეტს და ეს გამოწვეული იყო სხვადასხვა ობიექტური გარემოებებით.

ასევე, არასწორად იქნა განსაზღვრული გამოსავლიანობის პროცენტი. გამოსავლიანობის პროცენტი შემოწმების აქტის მიხედვით, დადგენილია 0,79 პროცენტი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. თვით მწარმოებლის ბროშურაშიც კი, რომელიც პრაქტიკულად არის სარეკლამო დანიშნულების დოკუმენტი - გამოსავლიანობის პროცენტი შეადგენს - 0,59%-ს. მწარმოებლის ბროშურა ცალსახად მიუთითებს, რომ გამოსავლიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს ფრინველის მოვლის ხარისხი. ფრინველის მოვლისათვის საჭირო პირობების ყველა მდგენელი უნდა იყოს დაცული და მხოლოდ მაშინ იძლევა ფრინველი სასურველ შედეგს - ანუ ბროშურაში მითითებულ წარმადობას. კომპანიის დირექტორი არაერთხელ მიუთითებდა, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, ფრინველის მოვლისას ვერ ხერხდებოდა საჭირო ხარისხის შენარჩუნება, რაც აისახა კიდეც შედეგზე - გამოსავლიანობაზე.

ამდენად, იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ყველა ის ფაქტორი რაც გავლენას ახდენს წარმოების პროცესზე - ნათელი გახდება, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული შემოსავალი ზუსტად შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და დეკლარირებულისგან განსხვავებული შემოსავალი არ მიუღია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ:

- შემოწმების აქტში არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელმა დაარღვია თუ არა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და რაში გამოიხატება ეს დარღვევა. აუდიტის დეპარტამენტს გადასცა პროგრამა ორისი ანუ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას ისე როგორც ეს დადგენილია;

- დასაბეგრი ბაზის გაზრდა ნიშნავს, რომ კომპანიამ მოახდინა 5 327 757 ერთეული კვერცხის რეალიზაცია სასაქონლო ზედნადების გარეშე ანუ ყოველდღე, კვირაში 7 დღე - შაბათ/კვირის ჩათვლით ხდებოდა 6 054 ერთეული კვერცხის რეალიზაცია;

- კომპანიის კუთვნილი ფრინველის კვერცხისდების პერიოდი, ძირითადად, იწყება 20-21 კვირიდან და სრულდება 71 კვირაზე. არის შემთხვევები, როდესაც კვერცხისდება უფრო გვიანაც იწყება 23-ე, 24-ე კვირაში. არ შეიძლება უახლესი სარეკლამო ბროშურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდეს აუდიტის დეპარტამენტი, რომ კვერცხის დება გრძელდებოდა 100 კვირა და ერთი ფრინველის წარმადობა დადგენილია 471,1 ერთეულის ოდენობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს ქართულენოვან ნორმატიულ დოკუმენტზე, საიდანაც ნათელია, რომ -- ჯიშის წიწილიდან დაფრთიანებული დედალი, საქართველოში, კვერცხის მდებელია მხოლოდ 80 კვირამდე, რაზეც მოწმობს მომწოდებლის 19.03.2025 წლის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ კვერცხდების პერიოდი შეადგენს 80 კვირას;

- არ იქნა გათვალისწინებული ფრინველის დაცემის რეალური ოდენობა. კომპანიის მიერ შედგენილი აქტები მოწმობენ, რომ მგზავრობის და მგზავრობის შემდგომ ათდღიან პერიოდამდე დანაკარგი შეადგენდა: 5.10.2022 წელს შემოყვანილი 27 700 ფრთის შემთხვევაში - 5 330 ფრთას, (19.2%) და 6.11.2023 წელს შემოყვანილი 28 000 ფრთის შემთხვევაში - 5 740 ფრთას (20.5%). შესაბამისად, ამ რაოდენობით ნაკლები ფრინველი უნდა მონაწილეობდეს გაანგარიშებებში საწყისი რაოდენობების სახით, ხოლო 80 კვირამდე პერიოდში - მინიმუმ, გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტული დაცემის პროცენტი - 15%-მდე. მწარმოებლის 19.03.2025 წლის წერილიდან ირკვევა, რომ მგზავრობის და მგზავრობის შემგომ 10 დღიან პერიოდში დიდია ფრინველის დაცემის პროცენტი: მგზავრობისას იგი შეადგენს 2-5%, ხოლო პირველი 10 დღის განმავლობაში კი - 4-5%-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოყვანილია (ტრანსპორტირებას გადიან) 103-105 დღის ანუ 14-15 კვირის წიწილები, ფრინველის დაცემის პროცენტული მაჩვენებელი მე-15, მე-16 კვირაში შეადგენს დაახლოებით 6-10 პროცენტს. ასევე, არაა გათვალისწინებული ელექტროენერგიის და ვენტილაციის გათიშვის გამო დაცემის მაჩვენებელი;

- არ ჩატარებულა შეძენილი ფირფიტების და შესაფუთი მასალის შესწავლა, არ არის ცნობილი რამდენი ირიცხებოდა ნაშთის სახით, რა რაოდენობის ფირფიტა იქნა ჩამოწერილი გაუვარგისების, ქარხნული წუნის და სხვა მიზეზის გამო. საჩივარს ერთვის საკვებისა და კვერცხის ფირფიტების შეძენის მონაცემები;

- გამოსავლიანობის პროცენტი შემოწმების აქტის მიხედვით, დადგენილია 0,79 პროცენტი. რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. თვით მწარმოებლის ბროშურაშიც კი, რომელიც პრაქტიკულად არის სარეკლამო დანიშნულების დოკუმენტი - გამოსავლიანობის პროცენტი შეადგენს - 0,59%-ს.

აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №-----21-14 წერილით, მომჩივნის არგუმენტებზე წარმოდგენილი ინფორმაციიდან და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებიდან ირკვევა შემდეგი:

- შემოწმება მიმდინარეობდა 7 თვის განმავლობაში, რა დროსაც შემმოწმებელს კავშირი ჰქონდა კომპანიის დირექტორთან და ბუღალტერთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც აღრიცხული იყო მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული კვერცხი და ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობაზე მიწოდებული კვერცხის ოდენობა. ქათმის საწყისი ნაშთების გაანგარიშებისას დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოყვანილი ქათმების ოდენობას, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ და მანამდე, 2021 წელს განხორციელებულია 30 000 ფრთა ქათმის შემოყვანა, საიდანაც 19 300 ფრათა ქათამი, გადმოყოლილია ნაშთად შესამოწმებელ პერიოდში 2022 წლის იანვარში;

- გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული შესაბამისი აღრიცხვა წარმოებული კვერცხის, მისი გამოსავლიანობისა და ქათმის დაცემასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შედარებულიყო მომწოდებლის მიერ დადგენილ ნორმებთან. შემოწმებისას ვერ იქნა განსაზღვრული შესაბამისობაში იყო თუ არა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული კვერცხი რეალურად წარმოებულ კვერცხთან. შედეგად, წარმოება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულია თავად მომწოდებლის მიერ ვებ გვერდზე ასახული ინფორმაცია, რომლის მიხედვით წარმოების პროცესი მიმდინარეობს 100 კვირის განმავლობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი ბროშურა გამოცემულია 2019 წელს, ხოლო შემმოწმებლის მიერ გამოყენებულია იმავე მომწოდებლის 2021 წლის ბროშურა. აუდიტის დეპარტამენტი აქვე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში კონკრეტულად შემოყვანილ ქათამზე თანდართული არც ბროშურა წარუდგენია და არც 100 კვირიანი კვერცხის დების საკითხი დამდგარა ეჭვქვეშ (აღნიშნული სადავო გახდა დავის ეტაპზე). კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ქათმის ჩამოწერა ხდებოდა 100 კვირის გასვლის შემდგომ;

- შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საწარმოს პერსონალის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც მითითებული იყო დაღუპული ქათმების რაოდენობა, თუმცა აღნიშნული აქტის რეალობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვის ან სურსათის უვნებლობის სამსახურისთვის მიმართვის ფაქტი არ ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული აქტი და დაცემული ქათმის რაოდენობა არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში. ბუღალტრულ პროგრამაში, რომელსაც გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად მიიჩნევს, ქათმის დაცემა აღრიცხული არაა და მთელი პერიოდის განმავლობაში შემოყვანილი ქათმის რაოდენობაა ასახული;

- შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ასევე, წარადგინა მომწოდებლის წერილი, სადაც მომწოდებელი განმარტავს შესაძლო სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მათ შორის მგზავრობის დროს, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ დასტურდება შესაბამისი ფაქტის რეალობა. შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია ყოველთვიური დაცემის კოეფიციენტი (0,76%) ანალოგიური აუდირებული კომპანიების მონაცემების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კვერცხის ტეხვის კოეფიციენტი (3%);

- საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით შპს „----ის“ კუთვნილი ცოცხალი ქათმების (სეს ესნ კოდი 0105) იმპორტისას ჩატარებული ვეტერინარული კონტროლის დროს დაცემული ფრინველების არსებობა არ დადასტურებულა. სხვა ორგანიზაციების მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მსგავსი საქონლის დეკლარირების შემთხვევაში კი 1.01.2020 წლიდან 7.08.2025 წლის ჩათვლით პერიოდში, 010511 და 010594 სეს ესნ სასაქონლო პოზიციებით დეკლარირებული საქონელი წითელ დერეფანში შერჩეული იქნა 22 საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში. აქედან 21 საბაჟო დეკლარაციის დათვალიერების ინსპექტირების აქტების მიხედვით, შეუსაბამობა ან რაიმე სახის სამართალდარღვევა, აგრეთვე საქონლის ნაკლებობა (მათ შორის, დათვალიერების აქტში ტრანსპორტირებისას დაცემული ქათმები) არ გამოვლენილა;

- შემოწმების შედეგად ჩატარდა შეძენილი საკვებისა და კვერცხის ფირფიტების ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ შეძენილი და გახარჯულია იმაზე მეტი რაოდენობის საკვები, ვიდრე ნორმით საჭირო იყო შემოწმების შედეგად გათვალისწინებული ქათმის გამოსაკვებად, რაც ამყარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რადგან თუ ფრინველი დაეცა ამ ოდენობის საკვები არ უნდა დასჭირვებოდა გადასახადის გადამხდელს. ხოლო რაც შეეხება ფირფიტებს, შეძენილია და გახარჯულია ასევე იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო შემოწმების შედეგად დადგენილი კვერცხის რაოდენობისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი პოზიცია და მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული ქათმების კვერცხის დების პერიოდით, წარმადობით, დანაკლისით და გამოსავლიანობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №23929 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,რომ შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელს შემოჰყავს ქათმები.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ქათამი შემოყვანილია ორჯერ, გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად უფიქსირდება 19 500 ფრთა ქათამი.გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებული კალკულაციები არ მიუწოდებია. წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც გატარებულია ძირითადად სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული კვერცხი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამა ჩაითვალა არასრულყოფილად.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრუნვები დათვლილია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შესწავლილია მომწოდებლის მიერ განსაზღვრული გამოსავლიანობა და ლომანის ჯიშის ქათმების კვერცხის დების მაჩვენებელი, გაკეთდა კვერცხის დების ამსახველი ცხრილი ყოველ კვირაში, კვერცხის წარმოებაში კვერცხის მტვრევის დანაკარგის გათვალისწინებით (3%). გარდა ამისა, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია ქათმის სიკვდილიანობა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიხედვით. შედარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა დამატებით სარეალიზაციო კვერცხის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14265 ბრძანება და №225-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №21915 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);