გადაწყვეტილება №25285/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25285/2/2025
25 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 10.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25285/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობის განსაზღვრა;
2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 ივნისის №11691 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 35 993,34 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 23 375,31
ჯარიმა - 11 218,53
საურავი - 1 399,50
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა -------, სურსათის პროდუქტებით ვაჭრობა. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 3 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 9 დეკემბრიდან. 2021 წლის პირველი დეკემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 6 მაისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 8 მაისის №9224 ბრძანება და ამავე თარიღის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 ივნისის №11691 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებულმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, გადამხდელის მიერ შესასწავლ საანგარიშო პერიოდში სრულად არ არის დეკლარირებული სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 23 375 ლარი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 92-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოხდა მომჩივნის დაჯარიმება, საურავი და ჯარიმა ჩამოაკლეს, რადგან ფირმას არ აქვს იმდენი შემოსავალი რომ ამხელა ვალი გადაიხადოს. ითხოვს სრულად მოხდეს ამ ვალდებულების ჩამოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება მოუწევს.
ბუღალტერს არასრულყოფილად მიეწოდებოდა ტერმინალის ამონაწერები პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ეს არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა, ასევე შემოწმების პროცესში კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა მათთან, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, ითხოვს გათვალისწინებას.
მომჩივნის მოთხოვნაა - საგადასახადო ჯარიმის სრულად გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
დადგენილია, რომ მომჩივანს უფიქსირდება უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებული ბრუნვის 100 000 ლარის გადაჭარბება 2022 წლის 13 ოქტომბერს. მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 13 ოქტომბრიდან და დაერიცხა შესაბამისი გადასახადი.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 11 218,53 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 1 399,50 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების ან დამალვის მცდელობა და სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზის გამო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობის განსაზღვრა;
2. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებულმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, გადამხდელის მიერ შესასწავლ საანგარიშო პერიოდში სრულად არ არის დეკლარირებული სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165; 282; 269(7)