გადაწყვეტილება №28268/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.11.2026
№ დოკუმენტი 28268/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28268/2/2026

10 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 11.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28268/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №6904 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №083-36 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.09.2026 წლის №20753 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

746 291,35 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 406 518,42

დღგ - 162 228,87

საშემოსავლო გადასახადი - 244 289,55

ჯარიმა - 198 247,63

საურავი - 141 525,30

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ---. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდებით, საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წილის მიხედვით.

შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლების ოდენობა და განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია წარმოების კალკულაციები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით გაანალიზდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა.

შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.

მესამე პირებისგან გამოთხოვილი დებიტორულიკრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №083-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.05.2026 წლის №27178/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა სულ 1 015 ლარით, მათ შორის, გადასახადი 677 ლარი, ჯარიმა 338 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.07.2026 წლის №083-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.08.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.09.2026 წლის №20753 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 16 სექტემბერს 14:40 საათზე ჩანიშნული იყო საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, რადგან აუდიტორის მიერ არასწორადაა გაანგარიშებული საკასო ხარჯის და შემოსავლის 10%. უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები რესტორნის აშენების და სრულად მოწყობის ნაწილში (ასევე შესაძლებელია ფინანსთა სამინისტრომ დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს რესტორნის აშენებაზე ხარჯების დადგენისთვის ექსპერტიზის დანიშვნა), რაც გავლენას ახდენს ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2026 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №6904 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 1 015 ლარით, მათ შორის, გადასახადი 677 ლარი, ჯარიმა 338 ლარი.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 მარტის №6904 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის №6904 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 1 015 ლარით, მათ შორის, გადასახადი 677 ლარი, ჯარიმა 338 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1გ.