გადაწყვეტილება №27666/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.07.2026
№ დოკუმენტი 27666/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27666/2/2026

15 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 28.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27666/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4235 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №001-89 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 10 ივნისის №12692 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 442 199.98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 248 193.44

დღგ - 98 523.44

საშემოსავლო გადასახადი - 149 670

ჯარიმა - 128 508.30

საურავი - 65 498.24

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტებით. საწარმო დაფუძნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №9910 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისთვის, მასთან ერთად ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებისთვის, გამოკლებულ იქნა საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 109 509 ლარის ოდენობით. დეკლარირებული ჩათვლის სისწორის ანალიზისთვის შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვა მიწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებების ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. კერძოდ, აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - "--------"-ის არქიტექტურულ არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტიც, რაც საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ბრუნვას. შემოწმების შედეგად დაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა შეადგენს 85 461 ლარს. აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციებისთვის შეძენილი საქონლის შესაბამის დღგ-ის თანხებს, ჯამში 10 586 ლარს. ასევე, ჩათვლა არ მოიცავს შპს „N1-სგან“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხებს, ჯამში 16 257.70 ლარს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შპს „N1-მა“ მომჩივანს სამუშაოები არ შეუსრულა და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაუქმდა ჩათვლილი დღგ და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი თანხა, ასევე დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 დეკემბრის №27295 ბრძანება და №001-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 423 137.21 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 7 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანება 10.03.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.03.2026 წლის №26879/2/2026 (რეგ. 31.03.2026 წელი; №03/22386) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2026 წლის დასკვნა, 15.05.2026 წლის №10784 ბრძანება და №001-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 21 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 10 ივნისის №12692 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, რაც საგადასახადო შემოწმების პროცესში შეფასებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას (შემცირებას) გამოიწვევდა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანსა და შპს „------ -ს “ შორის 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მომჩივანმა შპს „------ -ს “ ასესხა 340 000 ლარი, არაუგვიანეს 2025 წლის 28 სექტემბრის თანხის დაბრუნების პირობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილია შედარების აქტი (ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული), სადაც მითითებულია, რომ სესხის თანხა არ დაბრუნებულა. ამასთანავე,მომჩივანს შპს „------- - ს “ ნაცვლად გადახდილი აქვს მასალის თანხა 62 965 ლარი. შემოწმების მხრიდან სესხის გაცემის ნამდვილობა არ დადასტურდა. თანხის გაცემა არ ჩანს არც საბანკო და არც ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებიდან. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ოპერაციის მონაწილე მეორე მხარისგან, თუმცა წერილი ორივე შემთხვევაში უკან დაბრუნდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ შპს „------ - მა “ პასუხი არ გასცა აუდიტის დეპარტამენტის წერილს. აუდიტის დეპარტამენტმა შპს „------- ში“ 2026 წლის 28 იანვრის №1359 ბრძანების საფუძველზე ჩაატარა კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების აქტი შედგენილია 2026 წლის 31 მარტს. აქედან გამომდინარე, თუ აუდიტის დეპარტამენტი ატარებს შპს „------ ში“ შემოწმებას, მოეთხოვათ ინფორმაცია ან დოკუმენტების რეალობის დადასტურება, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტს არ აწყობდა, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები რეალურად რომ დაედასტურებინა შპს „------- ს “, მაშინ იძულებულები გახდებოდნენ, შეემცირებინათ დამატებით დარიცხული გადასახადები.

ასევე, მომჩივანს აუდიტორმა განაცხადა, რომ შპს „------- ს “ ფულადი შემოსავლები საკმარისად ჰქონდა და სესხის საჭიროება არ ჰქონია. შპს „------- -ს “ 2023 წლიდან მთლიანად საბანკო ანგარიშზე სამშენებლო მომსახურებისთვის მიღებული აქვს 698 340,80 ლარი, ასევე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომელზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეადგენს 2 179 311,80 ლარს, ხოლო ანგარიშ- ფაქტურებით შეძენილი საქონელი/მომსახურება შეადგენს 1 568 165,98 ლარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აუდიტის დეპარტამენტმა წერილი მომჩივანთან დაკავშირებით გაუგზავნა 2025 წლის 10 ნოემბერს, მიღება დაფიქსირებულია 2025 წლის 1 დეკემბერს, მაგრამ კამერალური შემოწმება ჩატარებულია 2026 წლის თებერვალ-მარტის თვეებში და ინფორმაცია/დოკუმენტები რომ მოეთხოვათ მომჩივანთან დაკავშირებით არც კი დაუფიქსირებიათ. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტები თუ რატომ არ გამოითხოვა აუდიტის დეპარტამენტმა დააფიქსირა ზემოთ და კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ იმ დოკუმენტების რეალობა დადასტურებული იქნებოდა შპს „--------- -ის“ მიერ და შესაბამისად შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდებოდა. აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ წარდგენილია დოკუმენტები. საჩივარზე თანდართულია ნოტარიულად, ორმხრივად შპს „------- -ის “ და მომჩივანს დირექტორების ხელმოწერილი დამოწმებული ოქმები, რითაც დასტურდება რომ შპს „------- მა “ მომჩივანისგან მიიღო 340 000 ლარი სესხად და დღემდე არ აქვს დაბრუნებული, ასევე მომჩივანმა გადაიხადა მასალების თანხა, შპს „--------“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ. „--------“-ში, „--------“-ის ქუჩაზე (მე-11 საშუალო სკოლა). აღნიშნულ მისამართზე მომჩივნის მიერ მიწოდებული იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით 16 095 ლარი, ასევე „--------“-ის რაიონ, სოფ. „--------“-ში მიწოდებული იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით 69 918,97 ლარი. აღნიშნული მასალის თანხები შპს „------- -ს “ გადასახადის გადამხდელისთვის არ აქვს ანაზღაურებული და სწორედ ეს არის დადასტურებული ნოტარიულად დამოწმებული ოქმებით.

აუდიტის დეპარტამენტი დარიცხვას ამართლებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, რომ მან შეცვალა ოპერაციის შინაარსი და მოახდინა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება და დარიცხვა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოეყენებინა აღნიშნული მუხლი, რომლის გამოყენების შესახებ განმარტებული აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ციტატა განჩინებიდან: „ - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73.9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს მინიჭებული აქვს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილება შესაბამისი პირობების არსებობისას, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში უკეთუ ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სსკ-ის 73.9 მუხლი ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მათივე ფორმას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება №ბს-854-846 (კ.16)).

აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნაში ვერ უთითებს თუ რომელი კანონის რომელი მუხლი აქვს დარღვეული მომჩვანს ან რომელი დოკუმენტი ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა წარმოადგენს უკანონო დარიცხვას და ექვემდებარება გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა, რაც მათ მიერ არ მომხდარა. 2026 წლის დასკვნაში დააფიქსირეს თავისი პოზიცია შემდეგნაირად: „ - გადამხდელს დავების და გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, რაც საგადასახადო შემოწმების პროცესში შეფასებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას (შემცირებას) გამოიწვევდა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება შემცირებას -“. აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით არ შეისწავლა (ევალებოდათ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანებით) მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა შპს „------- - თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 340 000 ლარზე. საჩივარს თან ერთვის შპს „-------- - თან“ ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „---------“ აღიარებს თანხის მიღებას და რომ აღნიშნული თანხა არ აქვს დაბრუნებული. ე.ი. აღნიშნული 340 000 ლარი წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას, რომელსაც აღიარებს ორივე მხარე და აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შპს „--------“ წარმოადგენს საქართველოს გადასახადის გადამხდელს და აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია გადაამოწმოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტის სინამდვილე და დებიტორული თანხის სიზუსტე (აღნიშნული საკითხის შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა), ხოლო გადასახადის გადამხდელს სესხად გაცემის ფაქტით არ დაურღვევია საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი, მათ შორის, საგადასახადო კოდექსი, ვინაიდან სესხის გაცემას და მის მიღებას ადასტურებს ორივე მხარე, საშემოსავლო გადასახადით რომელი მუხლით ბეგრავს აუდიტის დეპარტამენტი გაუგებარია და წარმოადგენს უკანონო დარიცხვას. შპს „--------“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ.„--------“-ში , „--------“-ის ქუჩაზე (მე-11 საშუალო სკოლა). აღნიშნულ მისამართზე მომჩივნის მიერ მიწოდებული იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით 16 095 ლარი, ასევე „--------“-ის რაიონი, სოფ. „--------“-ში მიწოდებული იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით 69 918,97 ლარი, აღნიშნული მასალის თანხები შპს „--------“ მომჩივნისთვის არ აქვს ანაზღაურებული, საჩივარს თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „--------“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასალების ღირებულება არ აქვს გადახდილი. გადასახადის გადამხდელმა ავანსად გადაუხადა თანხები შპს „N1“-ს (ს/ნ „--------“), რომელმაც გამოუწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ სამუშაოები არ შეუსრულებია და არც თანხები აქვს დაბრუნებული მომჩივნისთვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომელიც დადასტურებულია დოკუმენტალურად (აღნიშნულ ოპერაციას დოკუმენტალურად ადასტურებს ორივე მხარე), და ამ ოპერაციაზე წარდგენილი დოკუმენტები არ არის შესწავლილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არ აუქმებს სრულიად უსაფუძვლო და უკანონო დარიცხვას.

აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების დასაწყისში წარდგენილი იქნა კომპანიის ყველა საბუღალტრო დოკუმენტი და საბუღალტრო პროგრამა, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნა შემოწმების მიმდინარეობისას. შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს არ ეთანხმება, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა შპს „------ თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 340 000 ლარზე. საჩივარს თან ერთვის შპს „------- - ის “ ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „--------“ აღიარებს თანხის მიღებას და რომ აღნიშნული თანხა არ აქვს დაბრუნებული. ე.ი. აღნიშნული 340 000 ლარი წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას, რომელსაც აღიარებს ორივე მხარე და აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შპს „---------“ წარმოადგენს საქართველოს გადასახადის გადამხდელს და აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია გადაამოწმოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტის სინამდვილე და დებიტორული თანხის სიზუსტე. შპს „--------“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ. „--------“-ში, „--------“-ის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე მომჩივნის მიერ მიწოდებული იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით - 16 095 ლარი, ასევე „--------“-ის რაიონ, სოფ. „--------“-ში მიწოდებული იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით 69 918,97 ლარი, აღნიშნული მასალის თანხები შპს „------- - ს “ გადასახადის გადამხდელისთვის არ აქვს ანაზღაურებული. საჩივარს თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „----------“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასალების ღირებულება არ აქვს გადახდილი. კომპანიამ ავანსად გადაუხადა თანხები შპს „N1“-ს (ს/ნ „--------“), რომელმაც გამოუწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ სამუშაოები არ შეუსრულებია და არც თანხები აქვს დაბრუნებული კომპანიისათვის. შპს „N1“-ის წინააღმდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში შეტანილი აქვს განცხადება, რომ მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით (განცხადების ასლი თან ერთვის საჩივარს).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომელიც დადასტურებულია დოკუმენტალურად, ამოსაღებია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხიდან და ექვემდებარება გაუქმებას.

ამასთან, დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, გაუქმებული იქნა შპს „N1“-ის მიერ გამოწერილი ანგარიში-ფაქტურა. ასევე, არის ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ჩათვლა განახორციელა დღგ-საგნ განთავისუფლებულ ოპერაციაზე, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩათვლას. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის არ ცოდნის გამო ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან (განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დავების და გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, რაც საგადასახადო შემოწმების პროცესში შეფასებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას გამოიწვევდა. შესაბამისად, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2026 წლის №„--------“ წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივანს და შპს „--------“ (სნ „--------“) შორის 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მომჩივანმა შპს „------- -ს“ ასესხა 340 000 ლარი, არაუგვიანეს 2025 წლის 28 სექტემბრის თანხის დაბრუნების პირობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილია შედარების აქტი, (ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი და სველი ბეჭდით დამოწმებული), სადაც ვკითხულობთ, რომ სესხის თანხა არ დაბრუნებულა. ამასთან, მომჩვანს შპს „-------- - ის “ ნაცვლად გადახდილი აქვს მასალის თანხა 62 965 ლარი. შემოწმების მხრიდან სესხის გაცემის ნამდვილობა არ დადასტურდა. თანხის გაცემა არ ჩანს არც საბანკო და არც ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებიდან. დამატებით მეორე მხრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუმცა წერილი ორივე შემთხვევაში უკან დაბრუნდა. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აგრეთვე, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4235 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4235 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტებით. საწარმო დაფუძნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

სსკ-ის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. კერძოდ, აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტიც, რაც სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ბრუნვას.შემოწმების შედეგად დაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა შეადგენს 85 461 ლარს. აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციებისთვის შეძენილი საქონლის შესაბამის დღგ-ის თანხებს, ჯამში 10 586 ლარს. ასევე, ჩათვლა არ მოიცავს მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხებს.გადამხდელის ახსნა-განმარტებით, სამუშაოები არ შეუსრულა და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაუქმდა ჩათვლილი დღგ და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი თანხა, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4235 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

174,175.